რეზონანსი
24.10.2026

ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბუდაპეშტში და უნგრეთის პრემიერ პეტერ მადიარის ოფიციალურ მიღებაზე დასწრება ქართულ-უნგრული დიპლომატიის გარშემო ახალ კითხვებს აჩენს. გაგრძელდება თუ არა ორბანის ეპოქის მოკავშირეობა, რა პოზიციას დაიჭერს ბუდაპეშტი ევროკავშირში საქართველოს მხარდასაჭერად და რას ნიშნავს ეს შეხვედრა თბილისისთვის.

პრემიერი კობახიძე უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით პეტერ მადიარის მიწვევით გაემგზავრა, სადაც 1956 წლის ტრაგიკული მოვლენების 70 წლის საიუბილეო ღონისძიებები იმართებოდა.

კობახიძე-მადიარის შეხვედრამ ქართულ პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში დისკუსია გამოიწვია იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება თბილისსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის ეს ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველოს იზოლაციაში მოქცევის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.

„ვფიქრობ, რომ ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ საერთაშორისო იზოლაცია, რომლის მოწყობასაც საქართველოსთვის ცდილობდნენ გარკვეული წრეები შინ თუ გარეთ, ირღვევა."

მართალია ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობები დადებით კონტექსტში შენარჩუნდება, თუმცა აღიარებს, რომ შეიძლება ფორმატი ნაწილობრივ შეიცვალოს.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „ვფიქრობ, რომ ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ საერთაშორისო იზოლაცია, რომლის მოწყობასაც საქართველოსთვის ცდილობდნენ გარკვეული წრეები შინ თუ გარეთ, ირღვევა"

„შესაძლოა, ეს არ იყოს ისეთი ურთიერთობა, როგორც ვიქტორ ორბანთან იყო, მაგრამ რაკი კობახიძემ მიიღო მიწვევა ამ ღონისძიებაზე, შეხვდა მადიარს, ესაუბრა პირადად, შესაბამისად, ალბათ, მოხდა აზრების გაცვლა-გამოცვლაც სამომავლო ურთიერთობებზე. ის ურთიერთობები, რაც იყო, დარჩება, თუმცა შესაძლოა ისინი არ იყოს ისეთი, როგორც იყო ადრე. უნგრეთი მაინცდამაინც თავს არ გამოიდებს საქართველოს გამო, როდესაც ევროსტრუქტურებში რამე გადაწყვეტილება არის მისაღები."

ანალიტიკოსი ასევე იხსენებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს, სადაც უნგრეთმა დაიცვა საქართველოს პოზიციები, რათა მძიმე სანქციების ინიცირება არ მომხდარიყო. ამბობს, რომ ნებისმიერი მხარდამჭერი ხმა ევროკავშირში პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ახლა საქართველოსთვის მთავარია, რომ ის ყველაფერი, რაც არსებობდა ქართულ-უნგრულ ურთიერთობებში, იქნეს მაქსიმალურად შენარჩუნებული, რომ ამ ურთიერთობებს, თუნდაც კობახიძის ვიზიტს, მიეცეს ახალი დინამიკა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოყვება გაგრძელება, კობახიძემ მადიარი საქართველოში რომ მოიწვიოს, არც ამას გამოვრიცხავ... ადრე ვიქტორ ორბანი იყო მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი და მისი მეგობარი... თუმცა შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, მასთან ურთიერთობების აწყობა-განვითარება მოხდა და ის გადაიქცა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ. ეს არის დიპლომატიის ხელოვნება."

განსხვავებული ხედვა აქვს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს. მისი შეფასებით, ეს მიწვევა და ოფიციალურ მიღებაზე დასწრება ატარებდა პროტოკოლურ ხასიათს და აქ რაიმე სტრატეგიულ გარდატეხას ვერ ხედავს.

„ვფიქრობ, რომ ეს მოწვევა არის ფორმალური, და არა სტრატეგიული. ბევრი სახელმწიფოს ლიდერი იყო იქ ჩასული, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ამას კობახიძე ვერ გამოიყენებს საქართველოს საწინააღმდეგოდ ვერანაირად და ვერც უნგრეთი გამოიყენებს საქართველოს სასარგებლოდ. ფორმალური შეხვედრაა, უნგრეთის ზეიმია, უნგრეთის სახელმწიფო დღესასწაულია, მნიშვნელოვანი ამბავია და ამ ფონზე, საქართველო მიწვეული იყო, როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელიც ფორმალურად ითვლება უნგრეთის მეგობრად."

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ვფიქრობ, რომ ეს მოწვევა არის ფორმალური, და არა სტრატეგიული. ბევრი სახელმწიფოს ლიდერი იყო იქ ჩასული, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ"

ამბობს, რომ ორბანის პერიოდის „სტრატეგიულ პარტნიორობაც" მეტწილად ქაღალდზე რჩებოდა, ხოლო მადიარის პირობებში უნგრეთი ევროკავშირის საერთო პოლიტიკის ერთგული იქნება.

„სტრატეგიული პარტნიორობა" სახელის გარდა არაფერი ყოფილა. ფურცელზე, კი ბატონო, ეწეროს, მაგრამ ევროკავშირის ვერცერთ სახელმწიფოსთან საქართველოს ვერ ექნება განსაკუთრებული და სპეციფიკური ურთიერთობა, თუ ეს არ იქნება ევროკავშირის კონტექსტიდან გამომდინარე. ვინაიდან მადიარი არის ევროკავშირის ერთგული მომხრე და მიჰყვება ევროკავშირის ყველა სტანდარტს, მათ შორის, საქართველოს მიმართაც, ეჭვი მეპარება, რაღაც სტრატეგიული, განსაკუთრებული ურთიერთობები დალაგდეს."

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ორბანის წასვლასთან ერთად დასრულდა იდეოლოგიური ალიანსების ეპოქა და საქართველოსთვის მთავარი აქცენტი პირდაპირ ბრიუსელზე უნდა გაკეთდეს.

„ორბანს ჰქონდა ულტრამემარჯვენე ალიანსი... ორბანი წავიდა და ოჯახიც გაუქმდა... ჩვენ პირდაპირ ბრიუსელზე უნდა გავდიოდეთ და იქ უნდა ვეძებდეთ თანამშრომლობას და არა ცალკე უნგრეთთან, რომელიც აღარ არის ისეთი ურჩი სახელმწიფო, როგორიც იყო ორბანის პირობებში."

თამარ ოყუჯავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×