
პროკურატურის გამომძიებლებმა პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკა "ვივამედში" გამოკითხეს. როგორც დავით ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, მის შვილს ადგილზე ექსპერტიზაც ჩაუტარდა.
"რამდენიმე წუთია, რაც "ვივამედის" ტერიტორია დატოვეს [გამომძიებლებმა]. ექსპერტიც იყო, ჩაატარა ექსპერტიზა. მისი დაზიანებები შეამოწმეს. მეტს ვერაფერს მოგახსენებთ იმიტომ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენმა ადვოკატმაც არ გააკეთა კომენტარი იმიტომ, რომ ახლა ეს არ შეიძლება, რათა გამოძიებას არ შეეშალოს ხელი. მგონი, უკვე მიღწევაა ის, რომ საქმეში გენერალური პროკურატურაა ჩართული.
მანამდე იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ამ უწყების წარმომადგენლებმა უბრალოდ აიღეს "ფორმა 100" და ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.
დღეს კლინიკაში [დავით ფეიქრიშვილს] ჩაუტარდა ფილტვების გამოკვლევა. ცოტა სითხეა ფილტვებში. მიმდინარეობს მეთვალყურეობა, კონსილიუმებიც ტარდება, არაფერი არ აკლია, კლინიკის ხელმძღვანელობაც ჩარეულია. ყველაფერი უკეთდება, რაც საჭიროა და იმედია, რომ გამოჯანმრთელდება", - განაცხადა აბრამიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებაც და აღნიშნა, რომ ის არ უნდა გაეშვათ, არამედ უნდა დაეკავებინათ.
"ძალიან აღშფოთებული ვარ, რადგან ერთი კვირის თავზე გადააყენეს, თანაც როგორ გადააყენეს - ჯერ შესთავაზეს, თავისი განცხადებით გაუშვეს... რატომ არ აიყვანეს პირდაპირ? ადამიანებს პირდაპირ ქუჩიდან იჭერენ, როგორც ჩემი შვილების შემთხვევაში მოხდა, ეს რატომ უნდა წავიდეს თავისი განცხადებით? საბუთები რომ არ გაიფუჭოს და ცოტა ხანში ისევ ამ სისტემაში დაიწყოს მუშაობა? ის უნდა მოეხსნათ, რადგან მის დაქვემდებარებულ ციხეებში დღეს ძალიან ბევრი რამ ხდება და პასუხისმგებელი ციხეების უფროსია.
ასევე უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ციხეების უფროსი მოხსნეს, მაგრამ გლდანის მე-8 პენიტენციურის უფროსი დღემდე თავის თანამდებობაზეა. ეს გაუგონარი რამ არის. ყველა დუმს და ეს კაცი ჩვეულებრივ აგრძელებს თავის თანამდებობაზე ყოფნას", - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.
ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე "კაწრომ", ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.
აღნიშნულს პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, მოგვიანებით, მრავლობითი დაზიანებებით, დავით ფეიქრიშვილი კლინიკა "ვივამედში" მოათავსეს, სადაც ის მკურნალობას დღემდე გადის.
აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველად გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა, შემდეგ, ის გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
დღეს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს, მოგვიანებით კი გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.