
ევროპელი პარტნიორების მიერ უკვე დაფინანსებული შეიარაღება პენტაგონის დასტურს ელოდება. სანამ უკრაინა საჰაერო თავდაცვის რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის, ვაშინგტონსა და კიევში დაყოვნების მიზეზებზე განსხვავებულ არგუმენტებს ასახელებენ.
უკრაინის ცაზე რუსული მასირებული სარაკეტო შეტევების ფონზე, კიევსა და ვაშინგტონს შორის უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობა ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ფაზაში შევიდა. საუბარი პეტრიტის და ნასამის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალაზეა, რომელიც უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მსხვილი ქალაქების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისგან დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა.
ეს შეთანხმებები და მიწოდების მექანიზმები ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩამოყალიბდა და მოგვიანებით ნატო-ს პრიორიტეტული ინიციატივის PURL ფარგლებში გაგრძელდა.
PURL-ის მოდელით, ევროპელი მოკავშირეები საკუთარი ფინანსებით ყიდულობენ ამერიკული წარმოების რაკეტებს უკრაინისთვის გადასაცემად. თუმცა, ამერიკული კანონმდებლობით, ევროპელების მიერ უკვე შეძენილ შეიარაღებასაც კი საბოლოო ადრესატთან მისასვლელად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური დასტური სჭირდება.
ოფიციალური მონაცემებითა და კიევის განცხადებებით, დანაპირების შესრულება არა უბრალოდ ყოვნდება, არამედ კრიტიკულად არის შემცირებული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ამჟამად აშშ-ისგან უკრაინა თვეში საშუალოდ მხოლოდ 12 პეტრიოტის რაკეტას იღებს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს არსებული მიწოდების მოცულობის დაახლოებით მეოთხედია და ინტენსიური დაბომბვების პირობებში ზღვრულად მცირე რაოდენობას წარმოადგენს.
გარდა ამისა, უკვე თითქმის ერთი თვეა შეჩერებულია იმ მსხვილი პარტიების ტრანსფერი, რომლებიც ევროპულმა ქვეყნებმა უკვე დააფინანსეს და პენტაგონის ხელმოწერას ელოდება.
„უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მომახსენეს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების, პირველ რიგში კი პეტრიოტის რაკეტების მოწოდების საკითხზე. რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ - აშშ-თან, ევროპასა და სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც რაკეტების მარაგები გააჩნიათ. კერძოდ, უკვე თითქმის ერთი თვეა, ველოდებით, როდის დაამტკიცებს ბატონი ჰეგსეთი პეტრიოტისა და ნასამსის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მოწოდებას.
ჩვენს გუნდს დავავალე, ეს საკითხი ამერიკულ მხარესთან კიდევ ერთხელ დაეყენებინა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც.
„მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს იმ გადაწყვეტილებების აღსრულება, რომლებიც უკვე გარკვეული ხანია, დღის წესრიგში დგას. მხარდაჭერის თითოეული პაკეტი ადამიანთა სიცოცხლის დაცვის შესაძლებლობაა. მადლობა ყველას, ვინც რეალურ მხარდაჭერას გვიწევს და ხელს უწყობს ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოწოდებების დაჩქარებას", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინისათვის პეტრიოტის და ნასამსის რაკეტების მიწოდების დაყოვნებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ მხარეებს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი უარყოფს პოლიტიკურ მოტივებს და აცხადებს, რომ აშშ-ის პოზიცია უცვლელია, ხოლო, შეყოვნება საკუთარი არმიის მოთხოვნებს უკავშირდება, რომ, პირველ რიგში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც მიუთითებს, რომ რაკეტების გლობალური დეფიციტია, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის შემდეგ, სადაც ამერიკულ ბაზებს დიდი რაოდენობით ჩამჭერი რაკეტები დასჭირდა.
„ვფიქრობ, მთავარი სათქმელი ისაა, რომ არ არსებობდა რაიმე მიზანმიმართული პოლიტიკური მითითება, რომელიც უკრაინისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად", - განაცხადა მარკო რუბიომ.
განსხვავებული პოზიცია აქვს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის დემოკრატ კონგრესმენს, როზა დელაუროს.
„ტრამპის ადმინისტრაცია, თავისი გულგრილობით, კიდევ ერთხელ ასუსტებს უკრაინის შესაძლებლობას, თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან. ადმინისტრაცია საფრთხის ქვეშ აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას რუსული დარტყმების წინაშე, რომელთა ინტენსივობაც მხოლოდ იზრდება.
ამ გადაცემების დამტკიცების პროცესის ხელოვნური გაჭიანურება უამრავ მშვიდობიან მოქალაქეს პირდაპირი საფრთხის ქვეშ აყენებს. საუბარია თავდაცვით რაკეტებზე, რომლებიც რუსულ საბრძოლო მასალას მანამდე ანეიტრალებს, სანამ ის უკრაინაში საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, საავადმყოფოებს ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას გაანადგურებს. ამ დახმარების შეკავება კონფლიქტის დეესკალაციას ხელს არ უწყობს; პირიქით, ის აგრესორს კიდევ უფრო მეტი აგრესიისკენ უბიძგებს. თუ ტრამპის ადმინისტრაცია ამ დახმარების შეფერხებას გააგრძელებს, კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება". - განაცხადა როზა დელაურომ.
თამარ ოყუჯავა