
წლევანდელ აკადემიურ სეზონს, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიხსნა, უნივერსიტეტი ორი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. პირველი არის ის, რომ დაგვემატა ფიზიკისა და არქიტექტურის პროგრამები, ასევე სამეცნიერო-კვლევით სფეროში მოხდა 4 ძირეული გარღვევა, მათ შორის ერთი იყო ის, რომ ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის კონსორციუმის ნაწილი გახდა ჩვენი უნივერსიტეტი, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.
მისივე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყალიბდება კვლევების, აკადემიური აქტივობებისა და ინოვაციების მიზიდულობის ცენტრად.
„უნივერსიტეტი ოფიციალურად 2020 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა. მინდა ყველა ადამიანს, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე ჩართული იყო უნივერსიტეტის განვითარებაში და განსაკუთრებით, სტუდენტებს მივულოცო ეს დღე და ვუსურვო დიდი წარმატება მათ აკადემიურ, სამეცნიერო თუ პროფესიულ ცხოვრებაში", - აღნიშნა ვახტანგ ცაგარელმა.