
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთი დაადანაშაულა უკრაინის თავდასხმების ხელშეწყობაში. უწყების განცხადებით, ამგვარი დახმარება ბალტიისპირეთის ქვეყანას რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს უქმნის.
„ესტონეთი აგრძელებს კიევის რეჟიმის აქტიურ მხარდაჭერას და ფარულად უთმობს საკუთარ საჰაერო სივრცეს უკრაინულ დრონებს რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებზე თავდასხმების განსახორციელებლად... ასეთი პროვოკაციული და უკიდურესად სახიფათო ქმედებები რუსეთთან ღია ომის გაჩაღების ზღვარზეა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
უწყებამ ეს გაფრთხილება ესტონეთის ელჩს, მარეკ იუჰტეგის, გადასცა. დიპლომატს ასევე გამოუცხადეს „მტკიცე პროტესტი" იმის გამო, რომ ესტონეთმა რუსეთის სამხედრო დაზვერვა (GRU) ტალინის მახლობლად მდებარე თავდაცვითი საწარმოსთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობაში დაადანაშაულა და რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა გადაწყვიტა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ბრალდებებს „არავითარი მტკიცებულებითი საფუძველი არ გააჩნია" და ისინი „რუსოფობიით" ახსნა.
უწყების განცხადებით, ტალინი „ცდილობს ხელი შეუშალოს რუსული სატვირთო გემების გადაადგილებას ბალტიის ზღვაში, მათი შემოწმების, ხელში ჩაგდებისა და დაკავების მცდელობებით", რაც „საზღვაო ბლოკადის" მოწყობას ემსახურება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ესტონეთი ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ „რეპრესიულ ქმედებებს" ახორციელებს.