თამარ ოყუჯავა
23.11.2026

უკრაინაში ომის დასრულებისა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზების ძიებაში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპული უსაფრთხოების ახალი მოდელის კონტურებს აყალიბებენ. აშშ-ის პრეზიდენტის სიძემ და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა, 22 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში დეტალურად განმარტა, რა პირობებით შეიძლება მიიღოს უკრაინამ ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები და როგორ უკავშირდება ეს ევროპის ომის შემდგომ უსაფრთხოების არქიტექტურას.

კუშნერის განცხადებით, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზაობა, განიხილოს უკრაინისთვის კოლექტიური თავდაცვის პრინციპზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტიები. იგი სრულად იზიარებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციას იმის შესახებ, რომ ეს ვალდებულებები არ უნდა იყოს ბუნდოვანი და ზეპირი. სწორედ ამ დოკუმენტის შედგენაზე მუშაობენ თავად კუშნერი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწევს ნებისმიერი შემოთავაზებული გარანტიის დამტკიცება, რაც კონსტიტუციური და კონგრესის პროცესების დაცვით იქნება განპირობებული. ის ასეთ ნაბიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ ჩათვლის, რომ ეს აშკარად ემსახურება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს და უფრო ფართო უსაფრთხოების მექანიზმები ნაკლებად სავარაუდოს ხდის გარანტიის ოდესმე გამოყენებას", - წერს კუშნერი.

იგი ევროპის უსაფრთხოების არსებული ინსტიტუტების მნიშვნელობაზეც საუბრობს: „ჩვენი მიზანია მათი გაძლიერება, იმის გაანალიზება, თუ რატომ ვერ შეძლო არსებულმა მექანიზმებმა ამ ომის თავიდან აცილება, და ისეთი უფრო ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც მომავალში კონფლიქტების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს".

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საბოლოო დამტკიცება ვერ მოხდება ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისგან იზოლირებულად, მეტიც, ეს ორი საკითხი ერთიან კონტექსტში უნდა გადაწყდეს.

კუშნერის განცხადებას წინ უძღოდა ბერლინში გამართული დიპლომატიური კონსულტაციები ევროპელი ლიდერებისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევს ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო წარმოდგენა, როგორ იმუშავებს პრაქტიკაში ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი მექანიზმი, რომელი ქვეყნები მიიღებენ მასში მონაწილეობას და რეალურად იქნებიან თუ არა ისინი მზად ახალი აგრესიის მოსაგერიებლად.

„პასუხები არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სიტყვებით, რაც უნდა მჭევრმეტყველურად ჟღერდეს ისინი, რომ, რა თქმა უნდა, არავინ მიგატოვებთ. ეს ყველაფერი ქაღალდზე უნდა იყოს დაფიქსირებული. ჩვენ გვჭირდება გარანტიები არა ორი წლით, არამედ, სასურველია, სამუდამოდ. სულ მცირე, ათწლეულების განმავლობაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვაშინგტონის ოპტიმიზმი და მოსკოვის წინააღმდეგობრივი სიგნალები

ტრამპის გუნდის გეგმის ერთ-ერთი ყველაზე დისკუსიური ნაწილი რუსეთის პოზიციას უკავშირდება. კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთის მზაობა, განიხილოს უკრაინისთვის მსგავსი გარანტიების მინიჭება, „წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და პოტენციური მანიშნებელია იმისა, რომ ის სერიოზულად უდგება მშვიდობას". მანამდე, 20 ნოემბერს, კუშნერმა ისიც აღნიშნა, რომ მან და სტივ უიტკოფმა მოახერხეს რუსული მხარის დარწმუნება იმაში, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები მე-5 მუხლის პრინციპს დაეფუძნოს.

მოსკოვიდან წამოსული ოფიციალური განცხადებები ამ ოპტიმიზმს ეჭვქვეშ აყენებს.

„მინდა ვთქვა, რომ უკრაინის ნატო-ში „კვაზი-წევრობის" ფორმულის იდეაც კი, ისევე, როგორც ამ მიმართულებით რაიმე სახის, ასე ვთქვათ, „კრეატიული გადაწყვეტის" ძიება, ჩვენთვის მიუღებელი ვარიანტია. უსაფრთხოების გარანტიებზე ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენივე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში ვსაუბრობთ. რაც შეეხება უკრაინას, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენი მოთხოვნა, ეს სახელმწიფო არ უნდა გაწევრიანდეს ნატო-ში, უცვლელი და საბოლოოა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

პარალელურად, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური სამხედრო კონტინგენტის განთავსებას.

მიუხედავად მხარეებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, კუშნერის ხედვა ევროპის უსაფრთხოების არსებული ინსტიტუტების რეფორმირებასა და გაძლიერებას ეფუძნება. მისი თქმით, აუცილებელია იმის გაანალიზება, თუ რატომ ვერ შეძლო არსებულმა სისტემამ ამ ომის თავიდან აცილება, და ისეთი პრაქტიკული მექანიზმების შექმნა, რომლებიც კრიზისულ სიტუაციებშიც იმუშავებს. საბოლოო მიზანსა და ბალანსს კი ჯარედ კუშნერი შემდეგი ფორმულით აჯამებს:

„მივისწრაფვით ისეთი მომავლისკენ, სადაც უკრაინა დაცულია, ევროპა - უფრო ძლიერი; სადაც რუსეთს აქვს რწმენა, რომ ნატო დაპირისპირებას არ ეძებს, ხოლო ნატო-სა და მის პარტნიორებს აქვთ რწმენა, რომ რუსეთი პატივს სცემს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. ეს მოითხოვს განზრახვების მკაფიო დეკლარირებას, რაც გამყარებული იქნება სანდო და გადამოწმებადი ვალდებულებებით".

ამ ეტაპზე ტრამპის გუნდის ინიციატივა დიპლომატიური ლავირების პროცესშია. ერთი მხრივ, ვაშინგტონი ცდილობს დაარწმუნოს კიევი და ევროპელი მოკავშირეები, რომ უკრაინა დაუცველი არ დარჩება, მეორე მხრივ კი - მოძებნოს ფორმულა, რომელიც მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დატოვებს და აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერასაც მოიპოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×