რეზონანსი
24.11.2026

22 ნოემბრის ღამეს ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში და თავის არეში მძიმე ჭრილობით აღმოაჩინეს - ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. 

მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა პელეგრინის საავადმყოფოში. იგი ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე მეტროპოლიტენის პოლიცია მივიდა, რომელიც სამედიცინო დახმარების სამსახურს დაუკავშირდა. შემდგომში გამოძიება პოლიციის სამმართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის გენერალურმა განყოფილებამ გადაიბარა.

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულს თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდა, პოლიციამ მოკლე დროში შეძლო მისი ვინაობის დადგენა. იგი საქართველოს მოქალაქე ივანე ენუქიძეა.

საგანგაშო შეტყობინება პოლიციაში ღამით შევიდა.სწორედ ამ დროს რამდენიმე გამვლელმა მეტროპოლიტენის პოლიციის ეკიპაჟი გააჩერა და აცნობა, რომ გზის სავალ ნაწილზე მამაკაცი სისხლის გუბეში, უგონოდ იწვა.

პიგნასეკას გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში, ე.წ. „წითელი კოდით“ (განსაკუთრებით მძიმე, გადაუდებელი შემთხვევის სტატუსით) შეიყვანეს. მას რთული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც ექიმებმა ყველაზე მძიმე შედეგის თავიდან აცილება შეძლეს.

ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერავინ ამბობს, რა ვითარებაში დაშავდა საქართველოს მოქალაქე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×