ნატალია ჯვარიძე
22.05.2024

ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარეს. ამას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი გამოეხმაურა, მან ნორვეგიიდან და ირლანდიიდან ელჩები გაიწვია და განაცხადა, რომ ეს არის სიგნალი იმის შესახებ, რომ ისრაელი ამას ჩუმად არ უყურებს.

„დღეს მე ირლანდიასა და ნორვეგიას ძლიერ სიგნალს ვუგზავნი: ისრაელი ამას ჩუმად არ უყურებს. ახლახან მე დუბლინიდან და ოსლოდან შემდგომი კონსულტაციების მიზნით ელჩების ისრაელში დაბრუნების ბრძანება გავეცი" - თქვა ისრაელ კაცმა.

„დღეს ირლანდია, ნორვეგია და ესპანეთი აცხადებენ, რომ ჩვენ პალესტინის სახელმწიფოს ვაღიარებთ. თითოეული ჩვენგანი ახლა ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად ეროვნულ დონეზე ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს". - განაცხადა ირლანდიის პრემიერ- მინისტრმა, საიმონ ჰარისმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით კი, მისი გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა. ასევე ძალაში 28 მაისიადან შედის ნორვეგიის გადაწყვეტილება, რომელიც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ სტიორემ გაავრცელა.

„აღიარების გარეშე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნება" -განაცხადა პრესკონფერენციაზე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტის კორნელი კაკაჩიას აზრით, ისრაელს ამ პროცესში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა გაუჭირდება. როგორც იგი აღნიშნავს, შესაძლოა მომავალში იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც პალესტინისა და ისრაელის ვითარებაში ჩართულები არიან, შეიქმნას რაღაც სტაბილური და მშვიდობაზე ორიენტირებული ახალი სამშვიდობო ხელშეკრულება, ან ფორმა.

„ფაქტია, რომ ნორვეგიისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების გადაწყვეტილებები მიუთითებს იმ პროცესზე, რომ პალესტინის აღიარების საქმე შეუქცევადი ხდება. დასავლეთის ძალიან ბევრი ლიდერი პალესტინის მიმართ დიდი სიმპათიით არიან, გამომდინარე იმ მსხვერპლით, რომელიც ღაზის მოსახლეობამ გაიღო. ამიტომ ისრაელს რაიმე ცვლილების შეტანა გაუჭირდება. მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმატიული ქმედებებით გამოხატოს თავიანთი პოზიცია, თუმცა, ამ პროცესის უკან დაბრუნება მარტივი არ აღმოჩნდება.

„ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული როდის დამთავრდება იქ საომარი ოპერაციები და სავარაუდოდ, შემდეგ შეიძლება გარკვეულწილად ახალი მოლაპარაკებების საფუძველი გაჩნდეს, ახალი ჩარჩო შემუშავდეს, თუნდაც იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც ომში ჩართულები არიან. შემდეგ შეიქმნას რაღაც სტაბილური და მშვიდობაზე ორიენტირებული ახალი სამშვიდობო ხელშეკრულება ან ფორმა".- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

რონდელის ფონდის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ ამ მომენტში პალესტინის სახელმწიფოს აღიარება სახიფათო იქნება. მისივე თქმით, ეს გამოიწვევს ისრაელსა და დასავლეთს შორის დაძაბულობას.

„მე მგონია, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ამ მომენტში სახიფათო იქნება და ეს წესით დასავლეთს არ უნდა აწყობდეს, რადგან ეს ევროპასა და ისარაელს შორის დაძაბულობას შემოიტანს. ეს პროცესი „ჰამასის" წარმომადგენლებს კიდევ უფრო შეაგულიანებს. პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებას ბევრი ქვეყანა ცნობს, მათ შორის საქართველოც. არ ვამბობ, რომ არ უნდა აღიარონ, უბრალოდ დრო არის ცუდად შერჩეული. დასავლეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჰგავს ისრაელის წინააღმდეგ დემარშს.

„საბოლოო ჯამში ალბათ გარდაუვალია პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება და მისი ცნობა ყველას მიერ. იქ ძალიან ბევრი საკითხებია, მათ შორის ტერიტორიული, რომელიც მოუგვარებელია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად პალესტინელები ისრაელის სახელმწიფოს არ ცნობენ.

„ძალიან რთული საკითხია, რომელსაც სპეციალური კონფერენციის მიძღვნა სჭირდება, ეს კი მრავალი წელი გაგრძელდება. მაგრამ, ეს არ მოხდება იქამდე სანამ, არ დასრულდება იქ საომარი მოქმედებები, რუსეთ-უკრაინის ომი, არ აღდგება საერთაშორისო წესრიგი და იქამდე სანამ ქვეყნები არ შეთანხმდებიან რაღაც თამაშის ახალ წესებზე, რომელიც ახლა კრიზისშია. ამიტომ, ახლა ცალკე ქვეყნების პოზიციები მგონი გამართლებული არ არის.

„სამშვიდობო ხელშეკრულება იქნება, თუმცა, მგონი ჯერ ისრაელს ჩაფიქრებული აქვს, რომ „ჰამასი" გაანადგუროს და აღარ მისცეს საშუალება, რომ ღაზა სექტორში შეიქმნას ტერორისტული და ანტიჰუმანური რეჟიმი. როდესაც ისრაელი დაინახავს, რომ იქ დემოკრატიული პროცესები დაიწყო, შემდეგ ჯარს გამოიყვანს.

ამრიგად, ცალკეული ქვეყნების მსგავსი განცხადებები სარისკოა, მითუმეტეს ამ პერიოდში და უკეთესი იქნებოდა შესაბამის დროს თუ შეარჩევდნენ" - აცხადებს კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×