რეზონანსი
19.06.2024

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არც ამერიკის და არც ევროპის კომპანიებს სურვილი არ გამოუთქვამთ, ჩინეთის ტვირთის გარეშე ეს ობიექტი მომგებიანი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთის ჩართულობა ნიშნავს, რომ ტვირთიც იქნება და უსაფრთხოებაც, რადგან პეკინს რეგიონში დიდი გავლენები აქვს, მის გარეშე კი ტვირთის მოძიება და უსაფრთხოების ზომების გადაწყვეტა გაუჭირდებოდათ.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არც ამერიკის და არც ევროპის კომპანიებს სურვილი, სამწუხაროდ, არ გამოუთქვამთ. 10 წელზე მეტია, მიდის საუბარი და კონსტიტუციაშიაც არის შეტანილი, მაგრამ სურვილი არ გამოთქვეს. სურვილი რატომ არ გამოთქვეს, ესეც გასაგებია. იმიტომ, რომ ჩინეთის ტვირთის გარეშე ეს ობიექტი მომგებიანი არ არის. ახლა რაც ტვირთებია, ეს არის საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ნაწილი, შუა აზიის ტვირთი. ახალი პორტი აზრს იმ შემთხვევაში იძენს, თუ ჩინური ტვირთი წამოვა. ეს არის 800 მილიარდამდე ვაჭრობა ევროკავშირთან, რომელმაც უნდა გაიაროს ან რუსეთით, ან ჩვენით, ან ზღვით. რუსეთში დღეს არსებულ სიტუაციაში შესაძლებელია, საქართველოზე წამოვიდეს. თუ იქნებოდა ამერიკული, ევროპული და ჩინური კომპანიები ერთად, ეს იდეალური იქნებოდა, მაგრამ მათ, სამწუხაროდ, მონაწილეობა არ მიიღეს, იმიტომ, რომ კომერციულად მომგებიანი არ იყო. თუ ამ საქმეში ჩინეთი იქნება ჩართული, ეს ნიშნავს, რომ ტვირთიც იქნება და უსაფრთხოებაც, რადგან იმ რეგიონში უფრო დიდი გავლენა, ვიდრე ჩინეთს, არავის არ აქვს. მხედველობაში მაქვს შუა აზია, კასპიის ზღვა და ა.შ. ვისურვებდი, რომ სამივე ყოფილიყო, მაგრამ არ შემოვიდნენ. ჩინეთის გარეშე მათ გაუჭირდებოდათ ტვირთის მოძიება და უსაფრთხოების ზომების გადაწყვეტა. ამერიკას თავისი ინტერესი აქვს, ჩინეთს - თავისი, რუსეთს - თავისი, ინგლისი, საფრანგეთი, ეს არის დიდი ქვეყნები, მათ გლობალური ინტერესები აქვთ. ჩვენ გვინდა ძალიან მცირე, გავაკეთოთ ბევრი საწარმო, მათ შორის, პორტები, რაც ხალხს მისცემს შესაძლებლობას, უკეთესად იცხოვროს და ქვეყანა უფრო განვითარდეს", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მისი თქმით, ჩინეთი, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც ვაჭრობაში ყველაზე დიდი პარტნიორია.

„ჩინეთი გლობალური მოთამაშეა, ჩინეთის ეკონომიკა უფრო დიდია, ვიდრე ევროკავშირის, როგორც არ უნდა დავთვალოთ. ამერიკის შემდეგ ჩინეთი მეორე ადგილზეა, თუ ნომინალში დავთვლით და თუ პარიტეტულ საწყისებზე დავთვლით, პირველ ადგილზეა, ამერიკას უსწრებს გამოშვებული პროდუქციის მიხედვით. ამიტომ ასეთ დიდ ქვეყანასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება რატომ არ უნდა გვინდოდეს? თუ ეს უნდა ევროპას, ამერიკას და ყველა ქვეყანას, ჩვენ რატომ არ უნდა გვინდოდეს? რა თქმა უნდა, გვინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ იმაზე, რაც გაცხადებული გვაქვს და კონსტიტუციაში გვიწერია. ჩვენი მთავარი მიზანია ევროკავშირში შესვლა. ევროკავშირში დიდი კონკურენციაა. ყოველწლიურად იზრდება და ჩვენ ვცდილობთ, მეტი საქონელი შევიდეს ევროკავშირში, მაგრამ ჩინეთი უფრო დიდია ევროკავშირზე, ეკონომიკაც და მოსახლეობაც და ძალინ დიდი შესაძლებლობებია, რომ ამ ბაზარზე ქართული პროდუქცია გავიდეს", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×