რეზონანსი
22.05.2024

აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე „ენჯეოების" საქმიანობა. ყველას კარგად გვესმის, რომ „ენჯეოები" არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, ისე განვითარდა პროცესები, არა მარტო ბოლო მომენტში, როცა საქმე ეხებოდა უკვე ვეტოს პროცედურას, ამ ორი თვის განმავლობაში პროცესები ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ გაიხსნა სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენ მუდმივად ვითხოვდით დისკუსიას კანონპროექტთან დაკავშირებით. ელჩებს შევთავაზე პირადად მე, ერთად დავმსხდარიყავით და საზოგადოების წინაშე გვესაუბრა ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. იყო სხვა შეთავაზებებიც. ბოლო მომენტში იყო შეთავაზება ახალგაზრდების მიმართ. აქაც იყო სერიოზული ე.წ. ბულინგი ახალგაზრდების მიმართ, რა პირობებშიც ვერავინ გარისკა პირდაპირ ეთერში დაჯდომა. პარლამენტში გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს პროცესი. არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის. პირველივე დღიდან კანონის გარშემო წარიმართა ირაციონალური კამპანია, ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე, საიდანაც ძალიან მარტივად ჩანს ერთი რამ, რაც წამოსცდა ერთ-ერთ ოპოციზიციონერ პოლიტიკოსს. პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ შინაარსში არ უნდა შევიდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ შინაარსი არის მათი ველიო. რატომ შეიძლება, იყოს შენი ველი შინაარსი - შეიძლება, იყოს შენი ველი იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივად ხარ მყარად. რეალურად აქ ზუსტად ასეთი ვითარება იყო. შინაარსობრივად ვართ წელში გამართული, არის ჯანსაღი კანონპროექტი, რომელიც მიიღო სამი მოსმენით პარლამენტმა. ასეთ ვითარებაში უბრალოდ არ აწყობდა ჩვენს ოპონენტებს ჯანსაღი და ღია, გახსნილი დისკუსია. როდესაც ამას აკეთებს პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ეს გასაგებია, მაგრამ როცა იმავეს აკეთებენ უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. როცა ამას აკეთებენ „ენჯეოები", რომლებიც ფორმალურად საკუთარ თავს აცხადებენ ისეთ სუბიექტებად, რომლებიც დისკუსიას უნდა ახალისებდნენ საზოგადოებაში, ესეც აბსოლუტურად გაუგებარია.

რეალურად, აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე „ენჯეოების" საქმიანობა. ყველას კარგად გვესმის, რომ „ენჯეოები" არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი. „ენჯეოები" არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება სწორედ პოლიტიკური ინტერესების და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს პოლიტიკასთან, საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა იქ არავის არასდროს უხარია. შესაბამისად, გასაგებია სუბიექტური ინტერესი, მაგრამ საბოლოო ჯამში, შენგან ითხოვენ გამჭვირვალობას, არ შეიძლება, ასეთი უხეში ფორმით იბრძოდე გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს არის გაუგებარი და მიუღებელი. ეს ყველაფერი არის ახსნა იმისა, რატომ ჩაკეტეს დისკუსია და ბოლო მომენტში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს რატომ ჩააკეტინეს დისკუსია, როცა ჩვენ ყველას შევთავაზეთ, ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა ასეთი ჯანსაღი დისკუსიისთვის. უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს ყოველგვარი განხილვის გარეშე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×