რეზონანსი
20.05.2024

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელობას საფუძველი გამოეცალა, რადგან დისკუსიის სივრცე შესაძლებელი იყო ამ ვეტოს ფარგლებში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა. მისი თქმით, პროცედურულად რეკომენდაციებზე მსჯელობა უკვე შეუძლებელია.

დეპუტატი აცხადებს, რომ კანონის ირგვლივ დისკუსიაზე უარი პირველი არ იყო, რადგან მანამდე, კანონპროექტის დაინიცირებისთანავე, კონკრეტულმა პოლიტკურმა ჯგუფებმა უარი თქვეს შინაარსში შესვლაზეც კი.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციები თუ იქნებოდა სამართლებრივი, ამ საკითხებზე სადისკუსიო ველი გაჩნდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ვეტოს ფარგლებში პრეზიდენტი მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ ყოფილიყო გახსნილი სივრცე სამსჯელოდ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს შესაძლებლობა ფორმალურმა პრეზიდენტმა, ხელიდან გაუშვა, პროცედურულად ამ რეკომენდაციებზე მსჯელობა უკვე შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ ამ კანონთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულებები გაჩნდა, რომ თურმე ერთი კანონით ხდება ჩვენი ქვეყნის კურსიდან გადასვლა. ეს წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება გამჭვირვალობის კანონმა კურსიდან გადაგიყვანოს? თუკი ევროპაში და აშშ-ში გამჭვირვალობა კარგია, რატომ არის მიუღებელი საქართველოში? ამ საკითხების ირგვლივ აქამდე ჩვენ არავითარი სამართლებრივი არგუმენტი და ახსნა არ მოგვისმენია. ჩვენ მზად ვიყავით ვეტოს ფარგლებში გვემსჯელა, მათ შორის თუ სურდა [პრეზიდენტს] დალოდებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და განგვეხილა ეს რეკომენდაციები, იქნებ და ყოფილიყო რესურსი ისეთ ვერსიაზე [შეჯერების] რომელსაც წარმოადგენდა პარლამენტში პრეზიდენტი და ჩვენ ამ მოდელს გავითვალისწინებდით, მაგრამ ხდება კარის მიჯახუნება, დისკუსიაზე უარი და დისკუსიაზე ეს უარი პირველი არ არის. დაინიცირებისთანავე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ამბობდნენ, რომ ეს კანონი რუსულია და შინაარსშიც არ უნდა შევიდეთო. ამ რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებს არც კი აქვთ წაკითხული თავიდან ბოლომდე ეს კანონი და ისე აწებებდნენ იარლიყს, რაც საბჭოთა სტილია. მე მესმის, რომ საბჭოთა გამოცდილება ამ ადამიანებს აქვთ, მაგრამ როგორმე უნდა გათავისუფლდნენ ამისგან და შეძლონ ჯანსაღი დისკუსია. ამის შემდგომ, კიდევ ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, იმ პირობებში როცა არ გამოიყენეს არც ვეტოს შესაძლებლობა, მანამდე დისკუსიაში არ შემოვიდნენ და ახლა უნდათ, რომ კანონის მიღების შემდეგ კიდევ რაიმე ტიპის ცვლილებებზე ვიმსჯელოთ, ჩვენ ეს ასე არ წარმოგვიდგენია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×