თამთა ჩაჩანიძე
28.05.2024

უკრაინაში თავისი ჯარების შეყვანას ახლა პოლონეთიც არ გამორიცხავს, თუმცა არ აკონკრეტებს რა როლი უნდა შეასრულოს მისმა კონტინგენტმა. მანამდე მსგავსი პოზიცია ჰქონდა ბალტიის ქვეყნებს. თავდაპირველად კი ეს იდეა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წამოაყენა და დღესაც იმავე აზრზეა. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, როგორც ჩანს, დასავლეთი ყველა სცენარისთვის ემზადება, მათ შორის პესიმისტურისთვისაც კი, რაც ფრონტზე რუსების მიერ მნიშვნელოვანი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს. თუმცა არ გამორიცხავენ იმასაც, რომ დასავლური კონტინგენტი მხოლოდ ტექნიკური თუ სამედიცინო დახმარების მიზნით შევიდეს უკრაინაში.

გარდა ამისა, ანალიტიკოსები ხაზგასმით საუბრობენ, რომ ამ შემთხვევაში რეალური ხდება ნატო-რუსეთის სამხედრო კონფრონტაციის საფრთხე. შეიძლება ამით გაჩნდეს ნატოს წესდემის მე-5 მუხლის ამოქმედების წინაპირობა.მათივე შეფასებით, მართალია, უკრაინაშ ჯარის შეყვანა კონკრეტული ქვეყნის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ რუსეთმა საპასუხოდ დაარტყა ნატოს წევრ რომელიმე სახელმწიფოს, ეს უკვე იქნება ნატოს ყველა წევრზე თავდასხმა, რაც მუხლის მთლიანად ამოქმედებას გამოიწვევს.

ვის რა პოზიცია აქვს უკრაინაში ჯარის განთავსებაზე

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, მისმა ქვეყანამ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხოს. პოლონურ მედიასთან ინტერვიუში კითხვაზე, მზად იყო თუ არა პოლონეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის, სიკორსკიმ უპასუხა : „ეს არ უნდა გამოვრიცხოთ".

ამასთან, სიკორსკის არ დაუკონკრეტებია, რა როლი უნდა შეასრულონ ასეთმა ჯარებმა.

დასავლური ქვეყნების ჯარების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადება პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 26 თებერვალს, პარიზში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა საკითხზე კონსენსუსი, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ამასთან, უკრაინაში დასავლური ჯარების განთავსებას მოწინააღმდეგებიც ჰყავს, მაგალითად გერმანია და ესპანეთი. ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმაც უკრაინაში ჯარების განთავსებაზე საუბარს სპეკულაცია უწოდა, თუმცა დაამატა, რომ „ფინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს".

27 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა ოლექსანდრ სირსკიმ დაწერა, რომ უკვე ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომელიც ფრანგ ინსტრუქტორებს უკრაინის სამხედრო სასწევლებელ ცენტრებში ყოფნის უფლებას მისცემს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კი არ ადასტურებს, რომ უკვე არსებობს საბოლოო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც უკრაინაში მუშაობას დაიწყებენ ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები.

რისთვის ემზადება დასავლეთი

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთი ყველა სცენარისთვის ემზადება. ჯარების შეყვანა უკნარიაში კი არ ნიშნავს ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის მყისიერ ამოქმედებას, რადგან ეს იქნება არა ალიანსის, აარამედ კონკრეტული ქვეყნის ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

„დასავლეთი, რა თქმა უნდა, ყველა სცენარისთვის ემზადება, დაწყებული ნატოს წევრ ქვეყანაზე (რუსეთის) თავდასხმიდან და დამთავრებული რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებით. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანა და მით უმეტეს ნატოს წევრი, ყველა ტიპის სცენარის განვითარებისთვის ემზადება.

„ჯარების შეყვანა ცოტა ისეთი ტერმინია, აქ უფრო გარკვეული სამხედრო ნაწილის - კონტინგენტის შეყვანის შესაძლებლობაზეა საუბარი. ეს არაა გადაწყვეტილი, ესაა შესაძლებლობა და მოსაზრება, რათა გარკვეული, მაგალითად ტექნიკური ან სამედიცინო დახმარება გაუწიონ უკრაინას. ეს შეიძლება იყოს ინსტრუქტორების შემადგენლობა, რომელიც ადგილზე მოამზადებს ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს და არა აშშ-ში და საფრანგეთში. მით უმეტეს, უკრაინაში 18 ივნისს მობილიზაციაა გამოცხადებული. არაა გამორიცხული, რომ ეს იგულისხმებიდეს. იქ ნამდვილად არაა გაცხადებული, რომ ჯარები უნდა შევიდნენ იმისთვის, რომ იომონ რუსების წინააღმდეგ - ეს სწორი არაა.

„რუსებისგან ამას არც არაფერი არ მოჰყვება გარდა იმისა, რომ რასაც აკეთებენ, იმას გააძლიერებენ, მაგალითად, თავმოყრის ადგილებზე დარტყმებს. ასევე თავიანთ პროპაგანდის მანქანას აამუშავებენ და იტყვიან - აი, ახლა დასავლეთი ნამდვილად ჩაება, მესამე მსოფლი ომია და მთელი მსოფლიო ეომება ერთ საწყალ რუსეთს, რომელსაც მხოლოდ თავისი სარწმუნოების, ტრადიციების და ტერიტორიების დაცვა უნდა.

„რუსეთს დღეს არ აქვს შესაძლებლობა, რომ კონკრეტულად დაუპირისპირდეს ნატოს წევრ ქვეყანას, გამორიცხულია. ერთიც გასათვალისწინებელია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან კონტინგენტის შეყვანა უკრაინაში, ეს არ ნიშნავს მეხუთე მუხლის ამოქმედებას, ეს კონკრეტული ქვეყნის გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ რუსეთმა საპასუხოდ დაარტყა ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას, ეს უკვე იქნება ნატის წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, რაც მუხლის მთლიანად ამოქმედებას გამოიწვევს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საუბარია ნატოს წევრ ქვეყნების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე და არა ნატოს ეგიდით ჯარების შეყვანაზე. მისი თქმით, დასავლეთი ყველაზე პესიმისტური სცენარისთვის ემზადება.

„საუბარია უშალოდ ნატოს, არამედ ალიანსის წევრი კონკრეტული ქვეყნების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე. ალბათ გულისხმობენ იმას, რომ დაცული იქნას უკრაინის ის ტერიტორია, რომელიც უკრაინის კონტროლქვეშაა. თუ ჯარს შეიყვანენ, ეს დამოუკიდებლად იქნება და არა ალიანსის ეგიდით. ამას მე ყველანაირად გამოვრიცხავ.

„თუ რომელიმე ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღო გადაწყვეტილება, ეს იქნება წმინდა ინდივიდუალური დონის გადაწყვეტილება. ალბათ დასავლეთის გარკვეულ სახელმწიფოებს ის ქმედებები აშინებთ, რაც უკრაინაში ხორციელდება. თუ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, მერე მათ ვერაფერი შეჩერებს და ბუნებრივია, სხვა ქვეყნების ჯერი დადგება. როგორც ჩანს, ეს ფაქტორი უფროა გადამწყვეტი.

„უკრაინასთან რამდენიმე ქვეყანამ დადო ინდივიდუალური უსაფრთხოების ხელშეკრულებები, მათ შორის პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა. ამ ორმხრივი სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს.

„დასავლური ჯარების შეყვანას რა მოჰყვება, ძნელი სათქმელია, შესაძლოა რუსეთმა უკვე ბელარუსიც ჩართოს ამ სახედრო კონფლიქტში და ერთიბლივი ძალა გამოიყენოს სუვალკის კორიდორის (ბელარუსისა და რუსეთის ანკლავის - კალინინგრადის ოლქის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა, რომელიც ლიეტუვისა და პოლონეთის ტერიტორიაზე გადის) გასაჭრელად სამხედრო ოპერაციისთვის. პუტინს თავში რა უდევს, ძნელი სათქმელია. ყველა შესაძლო სცენარი მისალოდნელია, მათ შორის ნატოს ქვეყნებზე შეტევასაც არ გამოვრიცხავ.

„სუვალკის დერეფანზე შეტევა - ესაა ლიეტუვისა და პოლონეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. თუ უკრაინაში სიტუაცია პესიმისტური სცენარით წავიდა, შეიძლება ეს იყოს რამდენიმე ერთგვარი ლოკალური ომის გაჩაღების საფუძველი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×