თამთა ჩაჩანიძე
31.05.2024

სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების სია, რომლებიც ყაბულს არიან, რომ უკრაინამ დასავლური იარაღით რუსეთის აღიარებულ ტერიტორიაზე მიიტანოს იერიში. საორჭოფო იყო იარაღის მთავარი მიმწოდებლის, აშშ-ს პოზიცია, თუმცა როგორც ბოლო ცნობებიდან ირკვევა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს მწვანე შუქი აუნთო. იგივე გააკეთა გერმანიამაც, რომელიც ბოლო მომენტამდე უარზე იყო. რუსეთი კი იმუქრება, რომ ამ სიტუაციაში ნატო-ს ცალკეულ ქვეყანაზე დარტყმასაც არ მოერიდება.

ბაიდენი რომ თანახმაა უკრაინის შეთავაზებაზე, ცნობები ჯერ დასავლურმა მედიებმა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით რამდენიმე საათის წინ გაავრცელეს. ამ პირების ვინაობა დასახელებული არაა, თუმცა მერე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ოფიციალურად დაადასტურეს, რომ აშშ-მ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა.

„უკრაინამ გვთხოვა ნებართვა, გამოეყენებინათ იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ამ აგრესიისგან თავის დასაცავად, მათ შორის რუსული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც იკრიბებიან საზღვრის რუსულ მხარეს და შემდეგ უკრაინას უტევენ. ეს თხოვნა პირდაპირ მივიდა პრეზიდენტთან და როგორც უკვე გაიგეთ, მან მისცა ნებართვა, გამოიყენონ ჩვენი იარაღი ამ მიზნით.

„როგორც მოკავშირეები შეთანხმდნენ და ნათლად განაცხადეს ვილნიუსში, ბოლო სამიტის დროს, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენი მიზანი ახლა არის ხიდის აშენება, რათა უკრაინა დაუახლოვდეს და საბოლოოდ მივიდეს ნატო-ს წევრობამდე. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ხიდი, რომელსაც, ვფიქრობ, იხილავთ სამიტზე. სამიტზე ჩვენ წარვადგენთ უკრაინის მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ნატო-ს თანამშრომლობას და მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის ნატოში ინტეგრაციას", - განაცხადა ბლინკენმა.

მანამდე „პოლიტიკომ" და „როიტერზმა" დაწერეს, რომ რომ ეს გადაწყვეტილება აღნიშნავს ბაიდენის პოლიტიკის ცვლილებას, რომელიც მტკიცე უარს ეუბნებოდა უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაზე. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ რუსეთში, ხარკოვის ოლქის საზღვართან მდებარე სამიზნეებს.

„პრეზიდენტმა ახლახან უბრძანა თავის გუნდს, უზრუნველყოს, რომ უკრაინას შეეძლოს გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ხარკოვის ოლქში საპასუხო ცეცხლის წარმოების მიზნით, რათა უკრაინამ შეძლოს უპასუხოს რუსეთის ძალებს, რომლებიც მათ ესხმიან ან ემზადებიან მათზე თავდასხმისთვის," - აღნიშნა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა „როიტერზთან".

„უოლ სტრტთ ჯორნალი" წერს, რომ აშშ-მ უკრაინას უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებისთვის ამერიკული არტილერია და „ჰაიმარსის" სარაკეტო სისტემა გამოიყენოს ხარკოვის ოლქის მიმდებარე რაიონებში. ამავე ინფორმაციით, ვაშინგტონი მაინც გამორიცხავს უკრაინის საზღვრებს მიღმა შორ მანძილზე მოქმედი „ატაკამსის" რაკეტების გამოყენებას.

ბერლინიც თანახმაა, რომ კიევმა გამოიყენოს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი, რათა დაიცვას თავი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონზე, ქალაქ ხარკოვის გარშემო რუსეთიდან განხორციელებული თავდასხმებისგან.

„ჩვენ ერთობლივად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინას აქვს საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლება, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან. ამისთვის მას ასევე შეუძლია გამოიყენოს ამ მიზნით მიწოდებული იარაღი, მათ შორის, ჩვენს მიერ მიწოდებული, თავისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად", - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში გაგზავნილი ფრანგული იარაღი, მათ შორის შორი დისტანციის რაკეტების გამოყენება ნებადართულია რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ბაზებზე დასარტყმელად.

გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ს გარდა ნორვეგიაც თანახმაა, რომ მისი იარაღით უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას დაარტყას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორმმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს დოკუმენტს უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

დანიამ და ბელგიამ უკრაინას მათ მიერ მიცემული F-16-ების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს.

როგორც „გარდიანთან" ზელენსკიმ თქვა, რუსეთთან მოლაპარაკებები არარეალურია, სამშვიდობო შეთანხმება იქნება „ხაფანგი", რადგან პუტინი დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას და მისი დაჯერება არ შეიძლება, მისი თქმით, მოსკოვი გამოიყენებს ნებისმიერ პაუზას, რათა „გაძლიერდეს კუნთები ბრძოლის ველზე" და ადრე თუ გვიან კვლავ დაარტყამს უკრაინას. მისი თქმით, „რუსული ფაშიზმის იდეოლოგიის" გამო, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის მსგავსია, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით და რომ პუტინის სასტიკი მეთოდიკა იგივეა, რაც ნაცისტური გერმანიის. ზელენსკისვე თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის შეეცდება კიდევ უფრო შეცვალოს ევროპის საზღვრები სხვა ქვეყნებზე თავდასხმით.

„ეს არის ნამდვილი მესამე მსოფლიო ომი. არ ვფიქრობ, რომ პუტინი გიჟია. ის სახიფათოა - ეს კი ბევრად უფრო საშიშია. ის არ გაჩერდება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამის საპასუხოდ კი რუსეთის ბირთვული მუქარა კვლავ ძალაშია, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „ქარაფშუტა მსჯელობაა", რომ ნატოს ცალკეულ ქვეყნებს არ დაარტყამს რუსეთი.

„რამდენიც არ უნდა ილაყბონ ნატო-ელებმა, პენსიაზე გასულმა ბებრებმა, რომ რუსეთი არასოდეს გამოიყენებს არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ყოფილ უკრაინაში და, მითუმეტეს, ნატო-ს ცალკეულ ქვეყნებში, ცხოვრება ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე მათი ქარაფშუტა მსჯელობა. რამდენიმე წლის წინ ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი არ შევიდოდა ღია სამხედრო კონფლიქტში ბანდერას რეჟიმთან, რათა არ დაპირისპირებოდა დასავლეთს, არასწორად გათვალეს. ომი მიმდინარეობს", - აღნიშნა მედვედევმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×