ნატალია ჯვარიძე
03.06.2024

მას შემდეგ, რაც ამერიკამ უკრაინას ნება დართო, რომ მათი წარმოების ზოგიერთი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოეყენებინათ, ახლა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აუცილებელია აშშ-მ „ატაკამსის" რაკეტების მათ ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე შეტევის უფლება მისცეს.

სინგაპურში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა დაუშვა, თუმცა, მისი თქმით, ასევე, შორ მანძილზე სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას.

„საკმარისია ეს (ნებართვა)? არა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ აეროდრომების მაგალითი მოგიყვანეთ, საიდანაც რუსეთი გამუდმებით ისვრის, მშვიდად არის და იცით რატომ? მან იცის, რომ უკრაინა არ უპასუხებს, რადგან შესაბამისი სისტემები და ნებართვა არ აქვს", - განმარტა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი საზღვრის საკუთარ მხარეს უკრაინაზე თავდასხმისთვის შორი მოქმედების არტილერიისა და დაახლოებით 300 იარაღის სისტემის გამოყენებას აგრძელებს. „ასე რომ, მათ აქვთ იარაღი და იციან, რომ უკრაინას არ შეუძლია მათკენ მიმართოს დასავლური იარაღი, მაშინაც კი, როცა ჩვენს წინააღმდეგ ისვრიან", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სამხედრო ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორისა და სამხედრო ანალიტიკოსის ირაკლი ალადაშვილის აზრით, უკრაინას თანდათანობით დაწესებული შეზღუდვები ეხსნება და არ არის გამორიცხული, რომ „ატაკამსის" რაკეტის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებაც მისცენ. როგორც იგი აღნიშნავს, ასეთ შემთხვევაში უკრაინელები თავისუფლად მისწვდებიან რუსულ სამხედრო აეროდრომებს.

„მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო დასავლეთი უკრაინის არმიას თავისი შეიარაღებით სისტემატიურად ამარაგებს, თუმცა, ვიცით, რომ გარკვეული შეზღუდვები დაწესებული ჰქონდა. როგორც ვხედავთ, ბოლო პერიოდში ეს მოთხოვნა შერბილდა და უკრაინელებს ახლო მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის საზღვრის მცირე სიღრმეში ნება დართეს. რაც შეეხება „ატაკამსის" აერობალისტიკურ რაკეტას, რომლის მაქსიმალური რადიუსი 300 კილომეტრია, ამერიკელები რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას არ აძლევენ. გასაგებია რატომაც, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ კრემლმა ამის საპასუხოდ რამე არ გამოიყენოს.

უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთი იმუქრებოდა, როცა ამერიკელები უკრაინელებს „აბრამსის" ტიპის ტანკებს, „პეტრიოტებს" და ა.შ აძლევდა, თუმცა ისეთი არაფერი მომხდარა. ამ შემთხვევაში თუ ამერიკა „ატაკამსის" გამოყენების უფლებას მისცემს, მაშინ უკრაინელები თავისუფლად მისწვდებიან იმ რუსულ სამხედრო აეროდრომებს, საიდანაც აფრენილი რუსული საფრონტო ბომბდამშენები უკრაინის ქალაქებს ყოველდღიურად ბომბავენ.

წინასწარ იმის პროგნოზირება დართავენ თუ არა ამის ნებას რთულია, თუმცა, ვხედავთ, რომ ნელ-ნელა შეზღუდვებს აუქმებენ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ამის უფლებაც მისცენ", - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×