რეზონანსი
18.05.2024

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფის - „რეზო და ბავ­შვე­ბის" სტა­ტუსს, რო­მელ­შიც ჯგუ­ფი მსმე­ნე­ლებს კონ­ცერ­ტზე იწ­ვევ­და გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა, წო­ნი­სა, ასა­კი­სა, რე­ლი­გი­ი­სა და მით უმე­ტეს - პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­გან აგ­რე­სია მოჰ­ყვა.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს სურ­დათ, „რეზო და ბავ­შვე­ბი" პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ას შე­ერ­თე­ბო­და და უცხო­ე­თის გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა...

ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელი - რეზო ბლი­ა­ძე დეტალების შესახებ საუბრობს:

„ამ ამბავს საკმაოდ გაზრდილები შევხვდით. ჩვენზე ადეკვატური ზეგავლენა მოახდინა. გვაჩვენა, რომ გარშემო ყველაფერი არც ისე მშვენივრადაა, არც ისე ფერადია, როგორც გვეგონა. ეს წნეხი და ბულინგი საზოგადოების უმცირესობისგან მივიღეთ. თან, ზეწოლა იმ ადამიანებისგან მოდიოდა, ვისთვისაც ჩვენი მუსიკა მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა და შეიძლება, სამომავლოდ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რადგან რეალურად, გაგვიცნეს. სინამდვილეში, მათ ჩვენი პოლიტიკური აზრი და შეხედულება აინტერესებდათ, მათი „პატრონებისგან" დაკვეთაც ასეთი იყო; ვიღაცებმა გადაწყვიტეს, ბავშვებს ამოეფარონ. ბავშვების უკან ამოფარებისთვის შეიძლებოდა, იდეალური საშუალება რეზო ყოფილიყო. ამიტომ ვფიქრობ, ჩემზე განსაკუთრებული წნეხი „წამოვიდა", რომ ეს პოზიცია დამეფიქსირებინა, თუმცა ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო: ჯერ ერთი, გარშემო შექმნილი ვითარებით მეხელმძღვანელა, მეორე - რაღაცები ცოტა გლობალურ და პრაგმატულ ჭრილშიც გადამეფასებინა და ასევე, ასეთ დროს მარტივად უნდა შეხედო იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც დგახარ და შესაბამისი დასკვნები გამოიტანო... მაგალითად, ადამიანი, ვინც ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომელმაც ქვეყანაში გავრილოვი შემოუშვა, შემდეგ, 20 ივნისს დაგვარბია, მაკო გომურს თვალი გამოსთხარა, ახლა დგას და ამბობს, - არა რუსულ კანონსო... უცნაურია, როცა ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთში დადიან, ფულს შოულობენ, დღეს „მოინანიეს" (თუმცა მათი მონანიება არავის გვინახავს), დგანან და იძახიან, - არა რუსულ კანონსო, მე „რუსეთუმეს" მიწოდებენ - ადამიანს, რომელიც რუსეთში არასოდეს ვყოფილვარ, რუსულად დამოუკიდებლად ლაპარაკსაც კი ვერ შევძლებ და მთელი ცხოვრება ქართულ საქმეს ვაკეთებ.

ჩემს ჯგუფს „რეზო და ბავშვები" იმიტომ ჰქვია, რომ ადამიანებს ბავშვობიდანვე ვასწავლო ხალისი, მათ ცხოვრებაში პოზიტივი შევიტანო... ვარ „ჟირაფი ჟოზეს" სიმღერების ავტორი... ადამიანები, ვისაც რუსეთში ტურნეები აქვთ გამართული, ჩემი პოზიციის და იმის გამო, რომ აქციაზე არ დავდექი, „რუსეთუმეს" მიწოდებენ. ჩემში ეს იმხელა პროტესტს იწვევს, რომ პროტესტის პროტესტი მაქვს... „რეზო და ბავშვები" ნებისმიერი პოლიტიკოსის შვილისთვისაა: „გირჩის" წარმომადგენელთა შვილებსაც შეუძლიათ მოგვისმინონ, „ქართული ოცნებისაც", „ნაციონალური მოძრაობისაც" და ა.შ. „პოსტი" დავწერე, სადაც „ხაზგასმით" აღვნიშნე, რომ "რეზო და ბავშვების" კონცერტზე მოსვლას არავის ვუკრძლავდი, მსმენელებს არანაირი ნიშნით არ ვყოფდი - ყველა ადამიანს ვეპატიჟებოდი. ამის გამო რისხვა მივიღე, თან - „დაორგანიზებული", ზუსტად იმ ჯგუფების მიერ, ვის გვერდითაც აქციაზე უნდა ვმდგარიყავი. ხვდებით, რა სიგიჟეა? ადამიანებმა, რომლებიც აქციას „აორგანიზებენ", ჩემზე ზეწოლა მოახდინეს, რომ მათი მხარდამჭერი „პოსტი" დამეწერა, მათი „დაბრენდილი" სლოგანი გამემეორებინა და რაკი ეს არ გავაკეთე, „ამკრძალეს" (იცინის).

ამ ადამიანებისთვის ძალაუფლების მიცემა ჩემნაირი ტიპებისთვის ძალზე საშიშია. წარმოიდგინეთ, სოციალურ ქსელში ვცდილობთ, რომ "რეზო და ბავშვების" გვერდზე უცენზურო არაფერი ვთქვათ, „ბეთებთან" არ ვთანამშრომლობთ - აზარტული თამაშების წარმომადგენლებისგან სპონსორობაზე უარს ვამბობთ, რადგან ბავშვები მიყურებენ და ჩემი პრინციპული არჩევანია, ამას პროპაგანდა არ გავუწიო. არ მინდა, რომ ბავშვებში თუნდაც ჩემი პოლიტიკური შეხედულების „გამტარი" ვიყო. როცა სცენაზე გამოვდივარ, სრულიად აპოლიტიკური ვარ - ყველასთვის ერთნაირად ვმღერი. „მეგობაროს" კონცეფცია ამას ნიშნავს, რომ ყველამ საერთო საქმე ვაკეთოთ, ქართულად ვიმღეროთ და ეს ქვეყანა გადარჩება, ამ დროს კი მეუბნებიან, - ამ კონცეფციიდან გამოდი, ჩვენს კონცეფციაში „ჩაჯექიო". ჩემთვის ეს მიუღებელია. ისეთი შეურაცხყოფა მივიღე და მოვისმინე, რომ უბრალოდ, არ შეიძლება, ადამიანს ასე მოექცე, როგორც არ უნდა ეთანხმებოდე... საბედნიეროდ, ასეთი ხალხი ძალზე ცოტაა, ვიწრო ჯგუფების მიერ მართულები არიან. ზოგს სიმღერაში ვაჯობეთ, ზოგს მუსიკით გავასწარით, ზოგს - ვიდეოების „ნახვებით", რეიტინგით...

შუბლის ძარღვზე. ეს თვალით შეუმჩნეველია. შუბლის გაწყვეტილი ძარღვის აღდგენასაც ახერხებენ - ალბათ, ამის ოპერაციებიც კეთდება, რადგან შეგიძლია, 20 წელი რუსეთში იმღერო, რუსული კანონებით იცხოვრო, მერე კი პარლამენტთან იდგე და იძახდე, - არა რუსულ კანონსო, ადამიანს კი, რომელიც რუსეთში ერთხელაც არაა ნამყოფი, იმის გამო, რომ შენს პოზიციას არ იზიარებს, „რუსეთუმე" უწოდო. სუსტი პიროვნება რომ ვყოფილიყავი, შეიძლება დეპრესიისგან მოვმკვდარიყავი: აბსოლუტურად ყველამ მომკვეთა, აბსოლუტურად ყველამ ისარგებლა, თუ ვინმეზე რამით მაგარი გამოვდექით... ნიკოლოზ რაჭველმა დაგვირეკა, - თქვენთან მეგობრობა მინდა, თქვენი მუსიკა მომწონს, თქვენით აღფრთოვანებული ვარო. მადლობას გვიხდიდა, მაგრამ შემდეგ, ჩემი სტატუსის გამო, კომენტარი დაწერა - მრცხვენია, რომ თქვენთან ვმეგობრობო. რა ვიცი, რუსეთში ისეთ ხალხთან მეგობრობს, რომ ჩვენთან მეგობრობის თუ რცხვენია, ე.ი. ცხოვრებაში რაღაცები სწორად გვიკეთებია.

ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა ტელეკომპანიაში ვმუშაობდი. იქ ბევრი მეგობარი მყავს. ოპოზიციურად განწყობილი ყველა ტელეკომპანიიდან ჟურნალისტები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, - ხომ არ გაგიჟდიო? ხვდები, რა თავხედები არიან? იმ „პოსტიდან" როგორ შეიძლება, ადამიანმა იფიქროს, რომ გავგიჟდი, თუ ბოროტი არ ხარ? უბრალოდ, დაფიქრდნენ, როცა სხვის მიმართ ამხელა ბრაზს გამოხატავენ, მათშივე ხომ არ არის პრობლემა?", - ამბობს რეზო ბლიაძე „გზასთან"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×