რეზონანსი
10.05.2024

რაც არ უნდა დეტალური განმარტებები ვაკეთოთ კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში ის არავის აინტერესებს, კანონპროექტი მხოლოდ საბაბია სიტყვა „რუსულის" გამოსაყენებლად, ხოლო არგუმენტი არა თუ რუსულობის, ოდნავი, ობიექტური პრობლემის შესახებაც კი ვერ წარმოადგინეს! ასე დარჩა უპასუხოდ ჩემი წინა დღეების პოსტებიც და მთავარი კითხვაც: როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს არაევროპული და გაუმჭვირვალობა - რუსული?!, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გამჭვირვალობის კანონს იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც მკაცრად აკრიტიკებენ, რომელ ქვეყნებსაც გაცილებით მკაცრი რეგულაციები ან კანონპროექტები აქვთ ამ სფეროს დასარეგულირებლად.

„პარადოქსები კი სხვებიც მრავლად გვაქვს:

1. პარადოქსი და საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლებმა, ომის დაწყების და ომის დანაშაულის საკუთარ ჯარისკაცებზე დამბრალებლებმა, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გამსხვისებლებმა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გარანტორმა ადამიანებმა რუსები ეძახონ ხალხს, რომელთა მმართველობის დროს იქნა უზრუნველყოფილი წარმატების აბსოლუტურად ყველა ეტაპი ევროინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსის მიღების ჩათვლით!

2. აქციების პარალელურად გასაჯაროვდა ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი ნომრები, დაიწყეს რეკვები, შეურაცხმყოფელი მესიჯები (რაზეც ნაცებივით პანიკა და ტირილი არ აგვიტეხავს, ან შესაბამისად ვპასუხობდით, ან ვაიგნორებდით ), საზოგადოებას აჩვენეს ვირთხული ძალადობის მაგალითები პარლამენტშივე, იძალადეს პოლიციელებზე პარლამენტს გარეთაც, იძალადეს ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, დაიწყეს ბულინგის ფაშისტური კამპანია - როცა ამ ყველაფერმა განვრცობა მათზეც ჰპოვა, ძალადობა, ბულინგი, მუქარა მხოლოდ მაშინ გახდა ცუდი, მანამდე საამაყო საქციელი და სამშობლოსთვის ბრძოლა იყო

აქვე, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ფიზიკურიც, ფსიქოლოგიურიც და ნებისმიერი სახის, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის! იმედი მაქვს შესაბამისი უწყებები დეტალურად გამოიძიებენ ნებისმიერ შემთხვევას და დამნაშავეებიც მკაცრად დაისჯებიან!

3. პარადოქსია, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამჭვირვალობის კანონპროექტზე ავრცელებს არასწორ ინფორმაციას და ამბობს, რომ ამერიკაში ის მხოლოდ სხვა სახელმწიფოების მთავრობებისგან დაფინანსებას ეხება...

ამ განცხადებას თუ დავუჯერებთ, გიული ალასანია და ტელეკომპანია "ფორმულა" მთავრობის სახელით მოქმედი პირები ყოფილან.

სინამდვილეში კი, ამერიკული "ფარა" არა მხოლოდ სხვა მთავრობების, არამედ ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას ეხება!

4. გამჭვირვალობის კანონს იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც მკაცრად აკრიტიკებენ, რომელ ქვეყნებსაც გაცილებით მკაცრი რეგულაციები ან კანონპროექტები აქვთ ამ სფეროს დასარეგულირებლად.

5. მეხუთე სიმბოლური და განსაკუთრებულად ცინიკური პარადოქსი - ნაცები და ნაცების ტელევიზიების თანამშრომლები "იმედის" თანამშრომლების დაბულინგებას ცდილობენ და მიმართავენ, არ გრცხვენიათ? სად მუშაობთო", - წერს მამუკა მდინარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×