რეზონანსი
03.06.2024

2024 წლის რიგით 68-ე "ევროვიზია" შვედეთში, ქალაქ მალმოში ჩატარდა და გამარჯვებუ­ლი შვეიცარიელი მომღერალი - ნემო გახდა, სიმღერით - The code, საქართველოს წარმომადგენელმა - ნუცა ბუზალაძემ კი, რომელიც არაერთი წარმატებული საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული თუ მონაწილეა, 21-ე ადგილი დაიკავა სიმღერით - firefighter. კონკურსს სოცქსელში "ბრავო რეკორ­დსის" დამფუძნებელი - ზაზა შენგელია გამოეხმაურა: 

„ევროვიზია ცალკე აღებული კონკურსია,­ სადაც ძნელია იმის განჭვრეტა, რის მიხედვით ხდება გამარჯვებულის შერჩევა. ერთ წელს შეიძლება ლირიკულმა სიმღერამ გაიმარჯვოს, მეორე წელს კონკურსანტი ლგბტ ნიშნით იყოს, მესამე წელს პრიმიტიულ საცეკვაო ჰიტს მიანიჭონ უპირატესობა და სხვა კონკურსანტი, უფრო ღირებული და კარგი სიმღერით, ჩამორჩეს. რატომ? იმიტომ, რომ აქ ხმის მიცემის სისტემა არასრულყოფილია და დიდ კრიტიკას იმსახურებს. ათწლეულებია ითვლება, რომ "ევროვიზიაზე" გამარჯვებულის გამოვლენის პრინციპი არასამართლიანია, უვარგისია. რადგანაც ხშირად ქვეყნები პოლიტიკური ბლოკური პრინციპით აძლევენ ხმას ერთმანეთს. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთმანეთს, სკანდინავიის - ერთმანეთს, ასევე, ბალკანეთის ქვეყნები, გერმანია თურქეთს, რადგან გერმანიაში 4 მილიონამდე თურქი­ ემიგრანტია და ა.შ. 

ამის გამო, მრავალი წლის განმავლობაში, რამდენიმე ქვეყანა, იგივე იტალია, ავსტრია, ლუქსემბურგი საერთოდ უარს აცხადებდა ამ კონკურსში მონაწილეობაზე. ინგლისი, რომელიც როკმუსიკ­ისა და თანამედროვე პოპ-მუსიკის აკვანია და დიდი ზეგავლენა აქვს მსოფლიო პოპულარულ მუსიკაზე, ევროვიზიის თითქმის ყველა კონკურსზე ბოლო ადგილზე გადის. ეს იმითაცაა განპირობებული, რომ ინგლისელების დიდი ნაწილი ინგლისში ცხოვრობს, ანუ ინგლისელი ემიგრანტი ცოტაა სხვა ქვეყანაში.

მოგეხსენებათ, ეს არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის კონკურსი. წილად მხვდა ბედნიერება, რომ ჩემი თავმჯდომარეობის დროს, სახელმწიფო ტელევიზია საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაიქმნა და 2005 წელს ამ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრები გავხდით. იმ პერიოდში, ჩვენს სფეროში ეს ნატოს წევრობის ტოლფასი იყო. სწორედ ამ წევრობამ მოგვიტანა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის უფლება და პირველი კონკურსანტი სოფო ხალვაში იყო. იმთავითვე, ჩემი კოლეგებისგან­ - სლოვენიელებისგან, ბალტიისპირელებისგან, უნგრელებისგან, ბერძნებისგან ბევრი უკმაყოფილება მესმოდა ევროვიზიის კონკურსის ამ არასამართლიანი სისტემის გამო, რომლითაც გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა. 

გვახსოვს, "ამერიკან აიდოლში", სადაც ნუცა ბუზალაძე გამოვიდა, ვინ იყვნენ ჟიურის წევრები, ახლაც და გასულ წლებშიც - მსოფლიო დონის, ცნობილი ვარსკვლავები - ლაიონელ რიჩი, ქეითი პერი, სტივენ ტაილერი, ჯენიფერ ლოპესი, ნიკი მინაჟი,მერაია ქერი, ელენ დეჯენერესი, რენდი ჯექსონი. ამიტომ, ევროვიზიის ნაცვლად, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ეფექტურად იმუშავებდა მსოფლიოს ქვეყნების "პოპ-აიდოლი" რომ გაკეთდეს. ეს ბევრად უფრო პრესტიჟული და სერიოზული კონკურსი იქნებოდა. ბევრი ახალი ჰიტი დაიწერებოდა, შეიქმნებოდა სიმღერები, ქავერ სიმღერების ახლებული ვერსიები, ჰიტები, ეს იქნებოდა ახალი სისხლი მთელი მსოფლიოსთვის, რომ მომღერალმა­ გზა გაიკაფოს დიდ მუსიკალურ ბაზრებზე და შეძლოს სერიოზული მუსიკალური კარიერის შექმნა.

საბჭოთა პერიოდში, აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნებისთვის ეწყობოდა ხოლმე ფესტივალი სოპოტში, პოლონეთში, მსგავსი იყო ბულგარეთშიც, იტალიაში "სან-რემო" ტარდებოდა. "ევროვიზია" რაღაც ასეთ მსუბუქ საერთაშორისო, ახალგაზრდულ, ინტერნაციონალურ ფესტივალს მაგონებს, სადაც გამოდიან ეს საერთაშორისო კონკურსანტები, ეროვნული პალიტრები, გუნდები, გულშემატკივრები და ეს ყველაფერი განწყობას ქმნის, ამას თავისი პლუსი აქვს, მაგრამ მე იმ ფესტივალებს მაგონებს. თავისი ხიბლიც აქვს, ოღონდ ამ ხიბლს არაფერი აქვს საერთო მუსიკალური ბიზნესის განვითარებასთან. ერთადერთი ჯგუფი, რომელმაც ამ პროექტის მერე გაიკვალა გზა, იყო "აბბა", შვედეთმა 1974 წელს გაიმარჯვა; შემსრულებლებიდან­ კი - სელინ დიონი, რომელიც შვეიცარიის­ სახელით გამოდიოდა, სანამ დაოჯახდებოდა და კანადაში გადასახლდებოდა. ამ ორის გარდა, ვინმე განსაკუთრებულ სახელს ვერ ვიხსენებ, არც ჰიტი მახსენდება, რომ ევროვიზიას მსოფლიოსთვის რაიმე ჰიტი მიეცეს. 

ამის მიუხედავად, საქართველომ მაინც უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა და უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს. გინდა, თუ არა, ეს მაინც ზრდის ქვეყნის ცნობადობას. ოლიმპიური პრინციპითაა, გამარჯვება კი არ არის მთავარი, არამედ მონაწილეობა. ქართველები, გარდა იმისა, რომ დემოგრაფიულად ცოტა ვართ დედამიწაზე, ამ საზომით, არცთუ ბევრი ქართველია სხვა, ევროპულ ქვეყნებში, რომ ხმის მიცემაზე გადამწყვეტი ზეგავლენა იქონიონ, ამიტომ ვამბობ, რომ "ევროვიზიის" სისტემაა შესაცვლელი. მხოლოდ კომპეტე­ნტური ჟიური რომ ვიხილოთ და რეკორდ ლეიბლების მუსიკალური პროდიუსერებით დაკომპლექტდეს, ბევრად უფრო სწორი განვითარება მიეცემა ამ პროექტს, ვიდრე დღეს აქვს. მე, ავტორიტეტულ ჟიურის შევქმნიდი, ისეთი სერიოზული მოთამაშეებით, რომლებიც დღეს ამინდს ქმნიან­ მუსიკალურ ინდუსტრიაში. გამოვავლენდი გამარჯვებულებს I-II-III ადგილებზე და ცალკე მექნებოდა პრიზები­ ხალხის ხმის მიცემით. ეს სერიოზულ რელსებზე შეაყენებდა კონკურსს“ - განუცხადა "კვირის პალიტრას" ზაზა შენგელიამ,

კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×