მეწარმეები ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონზე მეტად აქციები და მწვავე დაპირისპირება უქმნით პრობლემას
ქეთო გოგოხია
20.05.2024

პოლიტიკური დაძაბულობის გამო ქართული ბიზნესი სერიოზულ წნეხს განიცდის. როგორც სექტორში აცხადებენ, ადგილობრივ წარმოებას იმდენად ,,გამჭვირვალობის კანონი“ არ აზარალებს, რამდენადაც მიმდინარე აქციები და არასტაბილურობა. პრობლემა კი იმდენად სერიოზულია, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიებს კადრების აყვანა უჭირთ და ვერც ახალ პროექტებზე იწყებენ მუშაობას. უარყოფითი მოლოდინი განსაკუთრებით ტურიზმზე აისახება, თუმცა აცხადებენ, რომ ეფექტი მოკლევადიანია და რეალურად ყველა პირობაა, რომ ტურისტული ნაკადი გაიზარდოს.

ბიზნესში დასაქმებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა მედეა ტაბატაძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი ბიზნესი მოვლენებს აკვირდება და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. პროცესი უფრო სიფრთხილეზე დაფუძნებულ მოტივებზეა, რადგან გაჩნდა მოსაზრება - ღირს თუ არა საქმიანობის განვითარება.

"კომპანიები თითქოს მოლოდინის რეჟიმში გადავიდნენ, რომ მოდი დაველოდოთ რა მოხდება და მერე მივიღოთ გადაწყვეტილებები. ყველა კომპანიაზე არ ვრცელდება, მაგრამ ეს ტენდენცია არის უკვე. არც თუ ისე ცოტა მაგალითი და გამოცდილება არსებობს ასეთი გადაწყვეტილებისა.

ბიზნესი ნელა მოქმედებს, არსად ეჩქარება. პირობითად შეიძლება ორგანიზაციას ჰქონდეს 10 ვაკანსია, რომლის "დედლაინები" დროში იწელება. ვაკანსიის გამოცხადება არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა კომპანიის მენეჯმენტის მიერ, რათა გაიზარდოს და განვითარდეს. თუ ჩემს განვითარებას ზრდას აქვს მთელი რიგი კითხვები, შესაბამისად, მუშახელის დაქირავებასაც არ ჩქარობს ბიზნესი. ელოდება პროცესებს”, - განაცხადა "ბიზნეს მედიასთან" ტაბატაძემ

რაც შეეხება ტურიზმის სექტორის მოლოდინს, ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიისთვის. პირველ კვარტალში  ქვეყანამ 1,3 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რითაც  კოვიდპანდემიამდელ მაჩვენებელს 40 პროცენტით გადააჭარბა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ახლა მთავარი დადებითი დინამიკის შენარჩუნებაა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ცუდი მოლოდინი და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია. პირველ რიგში ეს აზიანებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ტურიზმის ინდუსტრიაში და რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მეწარმეებს საკმაოდ რთული გამოწვევებით სავსე გასული წლები ჰქონდათ. მათ, ჩვენთან ერთად, ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ასეთი წარმატებული შედეგები გვქონოდა წელს ტურიზმის ინდუსტრიაში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

როგორც აღმოჩნდა, სეზონის მიმართ საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ სასტუმროებს. რაჭაში მდებარე სასტუმრო "წესის“ მენეჯერის შმაგი გელოვანის განცხადებით, დღეს ტურიზმი მიმდინარე პროცესების გავლენას განიცდის, მაგრამ ეს უფრო მოკლევადიანი ეფექტია, რაც მალე გადაივლის.

,,რაჭაში სასტუმროებს დიდწილად სეზონურობა ახასიათებს და ამ მხრივ აპრილ-მაისი ისედაც პასიური თვებია. ახლა ის განსხვავებაა, რომ სეზონურ ფაქტორს მიმდინარე პროცესების გავლენაც დაემატა. ნებისმიერ მომენტში შეიძლება ტენდენცია დადებითად შეიცვალოს. აქტიურ პერიოდებში სასტუმროს დატვირთულობა 100%-ს აღწევს და არ მგონია, წელს ამ კუთხით რამემ შეგვაფერხოს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დამსვენებლების სიმცირეა, მოლოდინი მაინც დადებითია. ნამდვილად არ ვთვლით, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ. ველოდებით, რომ ივნისიდან მდგომარეობა შეიცვლება და გაცილებით მეტი დამსვენებლის მიღებას შევძლებთ“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს“ სასტუმროს წარმომადგენელმა.

ადგილობრივი მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება, არსებულ ვითარებაში, როგორც  "ოთანაძე დიზაინის"  თანადამფუძნებელი  შალვა ოთანაძე  განმარტავს, სექტორი მოლოდინის რეჟიმშია, რაც განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. პოლიტიკური დაძაბულობა განსაკუთრებით ცუდად აისახება კომპანიების საქმიანობაზე, ამიტომ სანამ ეს პროცესებია, განვითარების გეგმაზე საუბარი გაუჭირდებათ.

,,ორივე ფაქტორი მოქმედებს. ერთია, რომ ბიზნესისთვის გაურკვეველია, რა შედეგი იქნება, რაც ბევრი მიმართულებით აჩენს უიმედობის განცდას. არ ვიცით, ლარის კურსიც სადამდე მიაღწევს და როგორ დაბალანსდება. ძალიან ბევრი შიშობს, რომ ბიზნესისთვის საგრანტო შესაძლებლობები შეიძლება შეიზღუდოს, ფინასებზე ხელმისაწვდომობის კუთხით გაჩნდეს ბევრი პრობლემა. დღევანდელი პროცესების ფონზე ბევრს არ სცალია ბიზნესისთვის. იმედია, ეს დიდხანს არ გასტანს და პანიკა იქნება უსაფუძვლოდ, ალბათ გადაივლის, უახლოეს თეებში გამოჩნდება შედეგი“, - აღნიშნა ოთანაძემ.

მსხვილი ბიზნესი ამ კუთხით თავს უფრო დაცულად და იმედიანად მიიჩნევს. სექტორში ფიქრობენ, რომ უარყოფითი გავლენა მოკლევადიანია, რაზეც ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ კომპანია ,,შუმის“ დამფუძნებელმა კაკო ცოფურიშვილმა ისაუბრა.

,,ბუნებრივია, გარკვეული პრობლემა არის მიმდინარე პროცესების ფონზე, პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია მოქმედებს ყველაფერზე. თუმცა  ჩვენ შემთხვევაში ცოტა სხვაგვარად არის საქმე, საჭირო კადრი გვყავს უკვე და დამატებას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ, არც მასშტაბურ პროექტზე ვმუშაობთ, ეს ეტაპები გავიარეთ და ვაგრძელებთ განვითარებას ისე, რომ რაიმე დაბრკოლებას ამ გზაზე ჯერ ვერ ვხედავთ. იმედია, ეს სიტუაციაც გამოსწორდება და მეტი სტაბილურობა გაჩნდება დარგში, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება“, - აღნიშნა ცოფურიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება შრომის ბაზარზე შექმნილ სიტუაციას,  2023 წელს საქართველოში უმუშევრობის  დონე, 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4% შეადგინა. თუ საქსტატის მონაცემებს შევხედავთ, 2010 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე 2023 წელს ყველაზე დაბალი იყო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბაზარზე არსებულ პროცესებს შრომით ბაზარზე გავლენა აუცილებლად ექნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×