ელზა პაპოშვილი
22.05.2024

ფემიციდის და ორმაგი მკვლელობის უმძიმესი ფაქტის  შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ძველ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე,  გამვლელებმა დღის 1 საათზე 5-მდე გასროლის  ხმა გაიგეს. ადგილზე მისულებს კი საზარელი სურათი დახვდათ. ორი ახალგაზრდა ქალი მიწაზე იწვა და სისხლში ცურავდა. არცერთ მათგანს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. იქვე იდგა ეტლი, როემლშიც ჩვილი იწვა და ტიროდა. მიცვალებულებთან კი თავად სავარაუდო, თავდამსხმელი 27 წლის  გიორგი პირაშვილი იდგა, რომელმაც პოლიციაში თავადვე დარეკა. 

პოლიციის მოსვლის შემდეგ კი გაირკვა, რომ ახალგაზრდა კაცმა ცოლი და სიდედრი საკუთარი ჩვილის თვალწინ დახოცა. ქალები ბავშვს ქუჩაში ეტლით ასეირნებდნენ, რა დროსაც პირაშვილმა ჩასაფრება მოუწყოთ და მიჯრით, სანადირო თოფიდან ორივე სასიკვდილოდ დაჭრა. ქალები ადგილზევე დაიღუპნენ.   

ახალგაზრდა კაცის მსხვერპლი მისი მეუღლე 21 წლის  მარიამ სოფრომაძე და სიდედრი ინგა ბეგაშვილი გახდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი ადგილიდან არ გაქცეულა და ის სანადირო თოფით შეიარაღებული პოლიციას მიცვალებულებთან ელოდა.   

თავდაპირველად შემთხვევის ადგილას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც მომხდარის შესახებ საუბრობენ. ისინი ყვებიან, რომ ერთი ქალი მიწაზე სახით იწვა, მეორე კი პირაღმა. ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა ჯერ ცოლს ესროლა, დასახმარებლად გადაფარებულ სიდედრს კი გულ - მკერდის არეში. მათ 5-მდე გასროლის ხმა გაიგეს. 

„5-მდე სროლის ხმა გავიგეთ, მივხვდით, რომ რაღაც ხდებოდა. მერე ბავშვები დავინახეთ გამორბოდნენ და ამბობდნენ იქიდან ისვრიანო. გავიქეცით ამ მიმართულებით და ადგილზე მისულებს საზარელი სურათი დაგვხვდა. ორი ახალგაზრდა ქალი მიწაზე იწვა, სისხლში ცურავდნენ. ერთი სახით და მეორე გულაღმა, ერთმანეთთან ახლოს იყვნენ. 

„სავარაუდოდ, დედა - შვილი. გოგოს ზურგიდან ჰქონდა ნასროლი, ეტყობა დედა მის დახმარებას ცდილობდა და შემდეგ ქალსაც ჰქონდა უკვე გულ - მკერდის არეში მოხვედრილი. დავინახეთ კალიასკა გამოგორდა, რომ ჩავიხედეთ პატარა იწვა, სულ ჩვილი იყო და ტიროდა. ალბათ სროლის ხმაზე იყო შეშინებული.

„ბავშვი ავიყვანეთ და ვცდილობდით დაგვემშვიდებინა. ახალგაზრდა კაცი იქვე იდგა იარაღით, სავარაუდოდ, სანადირო თოფით იყო. თავად დაურეკია პოლიციაშიც. ავტომობილით იყო მოსული. შთაბეჭდილება იქმენებოდა რომ ყველანაირი კონფლიქტის გარეშე დაუწყოთ სროლა. 

„ხმა ჩხუბის არ ყოფილა. გავიგეთ მერე, რომ დედა და შვილი ყოფილან და ეს ბიჭი ამ გოგოს ქმარი. ბავშვი მერე გამოგვართვა პოლიციამ და სასწრაფოს ექიმები სინჯავდნენ. ბავშვი კარგად იყო, არაფერი ჰქონდა დაშავებული. შემდეგ გოგოს ნათესავებს გადასცეს. უსაშინლესი ფაქტია, ენით ვერ ვახერხებ აღწერას“,-ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება მოკლულ დედა -შვილს, დაუდასტურებელი ინფორმაციით ამ მძიმე დანაშაულის  მოტივი,  სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა. მოკლული ქალის მეზობლები „რეზონანსთან“ ოჯახს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ წარმოუდგენელია რა უნდა დაეშავებინათ მათ ამ ახალგაზრდა კაცისთვის, რომ ასე სადისტურად დახოცა.   

„ინგა იყო საოცარი დედა, რომელიც 5 შვილს ზრდიდა. მშრომელი და პატიოსანი ოჯახი. ამ ბავშვსაც ვიცნობდი, აქ ქირით ცხოვრობდნენ. ძალიან კარგი გოგო, მასზე არასდროს ცუდი და რაიმე ზედმეტი არ გაგვიგია. მშვიდი წყნარი გოგო, რომელიც სულ რაღაცას საქმიანობდა. 

„არ ვიცით რა ვთქვათ, შეძრულები ვართ. ვიცით, რომ ახლახან გათხოვდა. არ ვიცნობთ ამ ბიჭს. ჰქონდა წყვილს რამე პრობლემა, ჩხუბობდნენ, იყო თუ არა ახლა დაშორებული არაფერი ვიცით. მსგავსი რამ არავის უთქვამს. რა მოიხარშა ამ მანიაკის თავში, რა მოელანდა ვინ იცის? ანგელოზივით დედა - შვილი უმოწყალოდ ქუჩაში დახოცა. წარმოუდგენლად შემზარავი ამბავია, ამ გაოგოს და -ძმები ჰყავს. საუკეთესო ბავშვები არიან ისინიც. როგორ გაამწარა იმ არაადამიანმა ოჯახი“,-ყვება მეზობელი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×