ელზა პაპოშვილი
21.05.2024

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამ ფორმით მიღება დაუშვებელია და ის გაწვეული უნდა იქნეს საქართველოს პარლამენტიდან. რა გზა რჩება ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ და გადაიფიქრებს თუ არა მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას?

ანალიტიკოსთა შეფასებით, მმართველ პარტიას შეუძლია საერთოდ თაროზე შემოდოს კანონი და არც ეცადოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, რადგანაც თავად ვეტოს დაძლევის პროცედურა დროში არაა გაწერილი.

ასევე შეუძლია, როგოც წინასწარ იყო გამსაზღვრული, მომავალ სამშაბათს პარლამენტში იმსჯელოს და კენჭისყრით დაძლიოს ვეტო.

ამადროულად, არსებობს მცირე ალბათობა, რომ მმართველმა გუნდმა ვეტის დაძლევისთანავე დააინიციროს ამავე კანონში ისეთი ცვლილებები, რომელიც მას ყველა მხარისათვის მეტნაკლებად მისაღებს გახდის.

რა წერია კომისიის დასკვნაში

ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს  და გამოდის „მკაცრი რეკომენდაციით“, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

კომისიის დასკვნაში, რომელიც სამშაბათს საღამოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ კანონპროექტი, საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

„ვენეციის კომისია ამ კანონის მისი ამჟამინდელი ფორმით გაწვევის მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, ვინაიდან, მისი ფუნდამენტური ნაკლოვანებები მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პრივატულობის უფლებისთვის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთისთვის. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე“, - ნათქვამია დასკვნაში.

რას ამბობს ხელისუფლება 

„კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით, მომავალ სასესიო კვირაში ვეტოს იმ ერთი შენიშვნის განხილვა წარიმართება, რაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების ვადას ეხება. მომავალ სასესიო კვირაში ვეტოს დავძლევთ ჯერ კომიტეტზე და შემდეგ უკვე - სესიაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან რაიმეს ვეღარ გაითვალისწინებს, რადგან ეს გზა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოთი მოჭრა.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მათი რეკომენდაციის განხილვის საშუალება პარლამენტში უკვე აღარ არსებობს სალომე ზურაბიშვილის ამ ვეტოს გამო. მისი ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონი ძალაში შევა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე უკვე ძალაში შესულ კანონთან დაკავშირებით შეიძლება კომენტარები გავაკეთოთ, მაგრამ ამას იურიდიული ძალა არ ექნება და მსვლელობას ვერ მივცემთ, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნა კეთდება არა მოქმედ კანონზე, არამედ დაინიცირებულზე. შესაბამისად, ეს გზა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან რამეს დავთანხმებოდით, სალომე ზურაბიშვილმა მოჭრა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.    

რას ფიქრობენ ოპოზიციაში

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის პასუხი მმართველმა გუნდმა წინასწარ იცოდა და კანონი ნაჩქარევად ამიტომაც მიიღო. ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მმართველმა გუნდმა კარგად იცოდა რა დამოკიდებულება ექნება ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან და შესაბამისად, არც აპირებდნენ მათი მოსაზრებების გათვალისწინებას. სწორედ ამიტომ არ დაელოდნენ დასკვნას და სამი მოსმენით მიიღეს.

„შალვა პაპუაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიას არ გაუგზავნა ეს კანონი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მათ არ აინტერესებდათ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე დაიწყო ვენეციის კომისიამ დასკვნის მომზადება. „ქართული ოცნება“ არ დაელოდა ამ დასკვნას და მესამე მოსმენით მიიღო კანონი. ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება საჯარო განხილვის საგანი და არა საპარლამენტო, იმიტომ, რომ კანონი სამი მოსმენით მიღებულია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით კი, თუ მმართველ გუნდს რამის გამოსწორება სურს, მათ არ სჭირდებათ ვენეციის კომისიის დასკვნის ლოდინი, რადგან შეუძლიათ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უბრალოდ გაიწვიონ.

„დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას, ვნახოთ რა იქნება კომისიის რეკომენდაციები და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. არ სჭირდებათ ვენეციის კომისიის ლოდინი. თუ მართლაც რაღაცის შეცვლა და გაუმჯობესება უნდათ, ეს კანონი გაიწვიონ“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.  

რა ვარიანტები აქვს „ოცნებას“

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ოცნებას“ სამართლებრივად აქვს უფლება პრზიდენტის ვეტო დაძლიოს, კანონი საბოლოოდ დაამტკიცოს და მასში ცვლილებები ამის შემდეგაც შეუძლიათ  შეიტანონ.

„ოცნებას“ ახლა ამ კნონთან დაკავშირებით მოქმედების რამდენიმე ვარიანტი აქვს. პირველი - მათ შეუძლიათ ვეტო არ დაძლიონ, ანუ ვეტო დატოვონ და არ შეიმჩნიონ. კანონით დროში მისი დაძლევა არ არის გათვალისწინებული. ამიტომ ამ მოცემულობის შეცვლა თუ არ უნდათ, ამის უფლება აქვთ. შემოდონ კანონი თაროზე და როცა დასჭირდებათ, მაშინ დაძლიონ ვეტო.

„მეორე ვარიანტია, რომ პარლამენტის სხდომა ჩატარდეს და კანონი ჩააგდონ. ანუ მხარი აღარ დაუჭირონ. 

„მესამე ვარიანტის მიხედვით კი, კანონი დაამტკიცონ, ვეტო დაძლიონ. ხოლო რაც შეეხება ცვლილებების შეტანას, იურდიულად აქვთ უფლება კანონი დაამტკიცონ ამ ფორმით, როგორც არის და ცვლილებები შემდეგ დააინიცირონ. ან დატოვონ ისე, როგორც არის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდეს. ძალიან რთულია „ოცნების“ ნაბიჯების განსაზღვრა რას იზამენ და რეალურად სურთ თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. თეორიებში ვერ შევა და ვერ ვიწინასწარმეტყველებ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - ამბობს კონსტიტუციონალისტი. 

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი ფიქრობს, რომ არაა გამორიცხული პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცახდებები, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინებას აპირებდნენ, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია იყო. 

„ძალიან რთულია პროგნოზი გავაკეთო ივანიშვილის მოქმედებებზე. ხომ ვნახეთ რომ გამოვიდა რაც ისაუბრა. რასაც კობახიძე ლაპარაკობს, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციები, თამაშის ნაწილი. კაცმა არ იცის ხვალ და ზეგ ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თავად კობახიძემაც. მე მაქვს ვარაუდი, რომ შესაძლოა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია დასავლეთთან რაღაც პირობებზე სავაჭროდ სჭირდება. 

„რას ალაგებს და როგორ ალაგებს, კაციშვილმა არ იცის. რასაც ეს ადამიანები საუბრობენ, ჩათვალეთ, რომ ეს შესაძლოა პირიქით იყოს და საერთოდ რადიკალურად განსხვავებული სურათი მივიღოთ. ივანიშვილს ამ ეტაპზე არ ეშინია არაფრის. სანამ ის არ იგრძნობს, რომ საფრთხე უშუალოდ მის უსაფრთხოებას ემუქრება, მანამდე არ მიიღებს არანაირ უკან დამხევ  გადაწყვეტილებას. ივაჭრებს მანამდე, სანამ დარწმუნებული იქნება, რომ ამის საშუალება აქვს. ამიტომ რთულია წინასწარ პროგნოზის გაკეთება. 

„მას ამ ეტაპზე არც ქუჩაში გამოსული ხალხის შიში აქვს. ფიქრობს, რომ ქვეყნის შიგნით მოვლენებს აკონტროლებს“, - ამბობს ზურაბიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×