ელზა პაპოშვილი
05.07.2024

როგორი კოფიგურაციით წარსდგებიან 2024 წლის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიები? - ამაზე ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესი მიდის. თუმცა გარკვეული კონტურები უკვე გამოჩნდა, ვინ ვისთან აპირებს დაჯგუფებას. სავარაუდოდ, ორი პოლიტიკური ცენტრიდან ერთი იქნება „ნაციონალური მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“, მეორე ცენტრი კი „ახალისა“ და „ლელოს“ ირგვლივ გაერთიანდება. გადაწყვეტილების მიღება მოუწევს „ევროპულ საქართველოსაც“, თუ ვისთან აპირებს დაჯგუფებას. 

რაც შეეხება „გირჩი - დროას“, ასევე მიდის საუბარი, რომ ისინი „ახლის“ გარშემო გაერთიანდებიან. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ  ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძე გიორგი გახარიასთან აპირებენ გაერთიანებას. ამ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დავუშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

სავარაუდოდ, ასეთი გადაწყვეტილება იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევითი ორგანიზაციის მიერ  ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ იქნა ოპოზიციის მიერ მიღებული, სადაც გამოიკვეთა, რომ რამდენიმე პოლიტიკური ცენტრით სჯობს არჩევნებზე გასვლა, ვიდრე საერთო სიით.  

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი მედიასთან ადასტურებს, რომ რამდენიმე პოლიტიკურ ერთეულთან აქვს სამუშაო ურთიერთობები, თუმცა თავს იკავებს დაასახელოს, ვისთან თანამშრომლობის პერსპექტივას განიხილავს.

როგორც ანა დოლიძე ამბობს, ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს მარტო პოზიციონირება გაუჭირდებათ, ამიტომ გამსხვილებას ემხრობა. „ყველას წუხილს ვიზიარებ, რომ მარტო დარჩენა არ არის სწორი, ეს ეხება მათ შორის გახარიასაც, რომელსაც არ აქვს ისეთი მყარი მდგომარეობა და რომლის მარტო დარჩენის შემთხვევაში, აუცილებლად კითხვის ქვეშ დადგება ბარიერის გადალახვა. 

„გამსხვილება აუცილებელია, ჩვენ სამუშაო ურთიერთობები აქტიური გვაქვს ძალიან ბევრ ერთეულთან, ჩვენ გავძლიერდებით, მარტო 2-3 ორგანიზაციასთან ერთად ცენტრს გავაკეთებ, მე არ მახასიათებს წინასწარ თქმა - 8 ივლისი გამოვაცხადო და ვერ გავაკეთო, ცენტრი გამოვაცხადო და ვერ გავაკეთო. სჯობს, გავაკეთოთ და მიხილავთ ისე, რომ ქართველ ხალხს იმედი ჰქონდეს, რომ ეს ქალი პარლამენტში შევა და საქმეს მიხედავს,“ - ამბობს ანა დოლიძე.  

„ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ „გირჩი“ მარტო და 36 ნომრით გავა არჩევნებზე,“ - ამბობს იაგო ხვიჩია. დეპუტატის თქმით, პარტიის სახელით ახალ სახეებს საზოგადოება გაიცნობს, თუმცა იქვე ამატებს, რომ „ვერ გეტყვით, სხვა პარტიაში ცნობილი ლიდერები ჩვენს სიაში იქნებიან თუ არა.“

„ზოგადად, მე მარტო არასდროს არ ვთამაშობ - მესმის, რომ პოლიტიკა გუნდური თამაშია და ჩემთან ერთად სულ არიან ჩემი მეგობრებიც - იცნობთ ვახო მეგრელიშვილს, სანდრო რაქვიაშვილს, ჰერმან საბოს, გაიცნობთ ლევან ჯგერენაიას ცოტა ხანში, კიდევ გაიცნობთ ბევრ საინტერესო ადამიანს. მე ვერ გეტყვით, დღევანდელი ვისაც იცნობთ, „გირჩის“ ლიდერები, სხვა პარტიაში ცნობილი ლიდერები ჩვენს სიაში იქნებიან თუ არა, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ „გირჩი“ მარტო და 36 ნომრით გავა არჩევნებზე,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.  

„ოპოზიციას მართებს გაერთიანება და საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ,“ - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საუბრობს. ამბობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეკონტაქტება და პარტიის კარი ყველასთვის ღიაა.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება თითოეული პარტიის და პოლიტიკური ლიდერის გასაკეთებელია. ვესაუბრები ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს, რომელიც მათ შორის ძალიან აქტიურად მონაწილეობდა იმ საპროტესტო მოძრაობებში, რომელმაც მთელ მსოფლიოს ანახა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში. მთავარია გამარჯვება და ჩვენი კარი ღიაა იმისთვის, რომ ეს გამარჯვება საერთო ძალისხმევით ერთად მოვიპოვოთ, ნამდვილად არ არის 26 ოქტომბრის არჩევნები პარტიული არჩევნები და მე ვისურვებდი, რომ ყველა ოპოზიცურმა პარტიამ ასე შეხედოს და ასე შეაფასოს,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე„რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიცია ძალიან აგვიანებს. „თუ არჩევნებზე ამომრჩეველი მცირე რაოდენობით მოვიდა, ეს იქნება „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების გარანტია. მისი ამომრჩეველი მივა, შესაბამისად, ის შეძლებს, რომ სრული უპირატესობით გაიმარჯვოს. ვფიქრობდი, რომ ოპოზიციაში სადღაც მაისის ბოლოსთვის მაინც უნდა ყოფილიყო გარკვეული, ვინ ვისთან აპირებს დაჯგუფებას და ვის ურიგდება. უკვე ივლისი დაიწყო და არაფერი არა ჩანს. არა მაქვს იმედი და იმის არანაირი კონტურები არ იკვეთება, რომ ესენი ერთ კვირაში რაღაცაზე ჩამოყალიბდებიან. სექტემბერი უკვე ძალიან გვიან იქნება“, - ამბობს ძაბირაძე.    

მისივე თქმით, არ ჩანს ოპოზიციაში ისეთი მოძრაობა, რომ 8 ივლისს რაღაცა მოულოდნელი შემოგვთავაზონ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ აქაც ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ „ოცნების“ ამორჩეველს არაფერში სჭირდება გარკვევა. ის ჩამოყალიბებულია და არჩევნებზე მივა.

„იგივე ეხება „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველსაც, მიუხედავად იმისა, რა გადაადგილება ხდება პარტიაში და რა სახის კრიზისი აქვთ. რაც შეეხება ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველს, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა გადაწყვიტოს, ხელისუფლებაში ვინ დარჩება და ვინ წავა, ეს ამომრჩეველია ჩამოუყალიბებელი. როცა ვსაუბრობთ, რომ ეს გაურკვევლობა ხელისუფლებაში წისქვილზე ასხამს წყალს, „ოცნებას“ ამით ამომრჩეველი კი არ მოემატება, არამედ ოპოზიციას დააკლდება. ეს შუაშისტური ამომრჩეველი, რომელიც დღეს არ არის ჩამოყალიბებული, ისევ ჩამოუყალიბებელი დარჩება და არჩევნებზე არ წავა. ესაა პრობლემა, რომ ოპოზიცია ამ ხალხს ვერ არწმუნებს ხმა რატომ უნად მისცენ“, - ამბობს ძაბირაძე. რაც შეეხება ოპოზიციის სტრატეგიულად ასეთ დაბნეულობას, ძაბირაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი ზედმეტი სიფრთხილე და ამბიციების სიჭარბეა. ყველას პირველობა და ლიდერობა უნდა, რაც გაერთიანების შემთხვევაში არ გამოდის. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×