რეზონანსი
02.07.2024

ბლინკენის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს იმ პოლიტიკას და იმ მიდგომას, რომელიც ცივილიზებულ სამყაროსა და აშშ-ს მისი გუნდის [„ქართული ოცნების"] მიმართ აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, აშშ სანქცირების კუთხით კიდევ უფრო თანმიმდევრული იქნება და სანქცირების პროცესი ივანიშვილის ხელისუფლების კიდევ უფრო მეტ შრეს შეეხება, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ენტონი ბლინკენის განცხადებას, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონსა და მაღალი თანამდებობის პირების სანქცირებაზე საუბრობს.

მისი თქმით, თითოეული ადამიანი, რომლებიც ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, საგარეო კურსის ცვლილებასა და დესტაბილიზაციაში არიან ჩართულნი, აუცილებლად სანქცირებულები იქნებიან.

„ბატონი ბლინკენის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ფენს იმ ფაქტს, რომ ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს ივანიშვილი იმ პოლიტიკას და იმ მიდგომას, რომელიც მისი გუნდის მიმართ, ცივილიზებულ სამყაროს და აშშ-ს აქვს. ეს პოლიტიკა ეროვნული ინტერესების ღალატს, საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და კონკრეტულ დანაშაულებს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ჩაიდინა. ამიტომ აშშ, რა თქმა უნდა, სანქცირების კუთხით კიდევ უფრო თანმიმდევრული იქნება და ივანიშვილის ხელისუფლების სანქცირების პროცესი, კიდევ უფრო მეტ შრეს შეეხება.

რაც შეეხება ძალოვნების სანქცირებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებში იყვნენ ჩართულები - ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას, არღვევდნენ ადამიანის უფლებებს დასანქცირდნენ. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგებოდა, რადგან ცივილიზებული სამყარო სხვანაირად არ მოიქცეოდა, როდესაც პოლიტიკური კურსი გაცხადებულია. ყველა ადამიანი, რომლებიც ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, საგარეო კურსის ცვლილებასა და დესტაბილიზაციაში არიან ჩართულნი, იქნება სანქცირებული და კეთროვანი ცივილიზებული სამყაროსთვის. ამიტომ მათთან მიმართებაში, აუცილებლად დადგება კონკრეტული პასუხისმგებლობები,"- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ბრუკინგის ინსტიტუტში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას გამოეხმაურა.

„ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება მის შესახებ, განსაკუთრებით მისი მიღების შესახებ, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×