თამთა ჩაჩანიძე
12.06.2024

აქტიური პოლიტიკისთვის ზაფხული არც თუ ხელსაყრელი პერიოდია, თუმცა, როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, გადამწყვეტ არჩევნებამდე ზუსტად საკმარისი დროა, ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა ეს პერიოდი უნდა გამოიყენონ და კამპანია უკვე უნდა დაიწყონ. თავის მხრივ გაზაფხულის 100-დღიანი კამპანია „ოცნებამ" უკვე დაასრულა, რომელიც ათ რეგიონში ათ გასვლით შეხვედრას გულისხმობს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, კარგი იქნება თუ ცხელ სეზონს ოპოზიცია ძალების კონსოლიდაციისთვის გამოიყენებს, რადგან აგვისტოს ბოლოსთვის არჩევნებამდე 60 დღით ადრე, როცა საარჩევნო რეგისტრაცია უნდა დაიწყოს, გარკვეული მონახაზი ჩანდეს ამომრჩევნებისთვის თუ როგორ და რა ფორმით აპირებენ პარტიები არჩევნებში მონაწილეობას. ანალიტიკოსთა აზრით, ამ მხრივ „ოცნებას" ყველაფერი მომზადებული აქვს.

შეფასებები

საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდმა, პარტიას რეგიონებში გასვლითი შეხვედრები აქვს, გახარია ამბობს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებენ გასვლას.

„2024 წლის არჩევნები იქნება არამხოლოდ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში, არამედ მას დააკვირდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ამ არჩევნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის.

„ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელმაც უკვე დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და კამპანიის ჩატარებას. ჩვენ დღეს ამ პოზიციაზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა ხან ერთიანდება, ხან იშლება, იქმნება სხვადასხვა ფორმატები, პლატფორმები. ცხადია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ, ადამიანებს და პოლიტიკურ ძალებს აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილები. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ დამოუკიდებლად განვაგრძობთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ საკმარისი მომზადების დროა.

"არჩევნები ეს არის ძალიან დიდი ბედი ჩვენთვის, შანსი, არჩევნები ახლავე ჩვენს კარზე დგას და ამ არჩევნებისთვის ზუსტად საკმარისი მომზადების დრო გვაქვს, გაქვთ, გვაქვს ერთად.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არა, ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რასაც საქართველო ამბობს არა მხოლოდ 30 წელია, არამედ რასაც საქართველო ამბობდა სულ მუდამ, რაც იყო სახელმწიფო, რომ ეს ღირებულებები, რაც არის ევროპული ღირებულებები არის მისი ღირებულებები, რომ არ შეიძლება, ეს ღირებულებები ვინმემ შეუცვალოს გარედან",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიდი ალბათობით, რეჟიმი ასე ამაზრზენად მოქცევას გააგრძელებს ან კიდევ უფრო ამაზრზენად მოიქცევა, მაგრამ ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი შეშინებულები არიან, მეტიც, ასეთი სუსტები არასდროს ყოფილან.

„ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ პროტესტი არჩევნებამდე უნდა გაგრძელდეს.

„სწორედ იმის გამო, რომ ასე ეშინიათ, პროტესტი და რეჟიმის რყევა უნდა გაგრძელდეს. რეჟიმის ძალაუფლების ვერტიკალში მყოფი ადამიანები ეტაპობრივად უნდა შეეგუონ, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ. ეს ატმოსფერო არჩევნების დღემდე უნდა შევინარჩუნოთ და 26 ოქტომბერს, მთელ ქვეყანაში (მათ შორის საარჩევნო უბნებსა და უბნებს გარეთ) ის ატმოსფერო უნდა იყოს, რაც უზარმაზარი საპროტესტო აქციების დროს ვიხილეთ.

„პარალელურად კი, პირველ რიგში, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ამავე დროს მოქალაქეებმა ერთმანეთი უნდა „ვიპოვოთ", უნდა შევძლოთ საპროტესტო მუხტის პოლიტიკური ცვლილებების მხარდაჭერაში გარდაქმნა" , - აცხადებს ბოკერია.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა კი განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა ოპოზიციის მხრიდან კონფიგურაციის მოძებნაა, რადგან არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს.

„თუ გავითვალისწინებთ ამ მიმართულებით დღეს რა ვითარებაცაა, სოციოლოგიურად და არითმეტიკულადაც, არ ვფიქრობთ, რომ საერთო სიის იდეაა საუკეთესოა. ჯერ ერთი, ვითარებიდან გამომდინარე ეს რეალისტური არაა და თან არც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა ამომრჩეველი ამ სიას მისცემს ხმას.

„პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, იარსებოს პრინციპებისა და იდეების გარშემო გაერთიანებულმა რამდენიმე ჯგუფმა, სადაც არ დაიკარგება არავის არჩევანი და გარანტირებულად მეტი ადამიანი მისცემს ოპოზიციას ხმას", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიციის ერთ ჯგუფში გაერთიანება, ევროპული პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ სვლაა".

"რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება ერთ ჯგუფში, რომელსაც აღარც განსხვავებული პროგრამა ექნებათ, აღარც განსხვავებული ლიდერები უხელმძღვანელებენ, ალბათ, ნომერსაც ერთს შეარჩევენ, რა თქმა უნდა, ეს არის სვლა ევროპული პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ. რეფორმები, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში გაატარა, თავისთავად გულისხმობს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი არჩევანი, მათ შორის, ოპოზიციამ როგორმე შეძლოს ახალი პროგრამების და ახალი ლიდერების შეთავაზება.

„ზუსტად ამის საწინააღმდეგოა ის გზავნილი და ის მიმართულება, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი სთავაზობს საზოგადოებას. ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ჯგუფში შეყვანა, რაღაც ფრონტის, ბანაკის ჩამოყალიბება თავისთავად ეწინააღმდეგება ევროპული დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ არჩევანი წაართვან მოქალაქეებს. არ ვიცი, რამდენად დაეთანხმებიან ამას პარტიები," - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორ გამოიყენებენ ტაიმ-აუტს პოლიტიკური მხარეები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებას" არჩევნებისთვის ფინანსებიდან დაწყებული მედიასაშუალებებით დამთავრებული ყველაფერი მომზადებული აქვს, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

„ოცნებას" საარჩევნო მეურნეობა მომზადებული აქვს, არც ფინანსები აკლია, არც სტრუქტურა და არც ინფორმაცია და მედიასაშუალებები. მოკლედ საარჩევნოდ ყველაფრით უზრუნველყოფილია, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული ერთიანი გუნდია, არ შეინიშნება ის, რომ საარჩევნოდ რომელიმე გუნდი გამოეყოფა, ან ახალი პარტია შეიქმნება. სახელისუფლებო ფლანგზე ყველაფერი სტაბილურია და არის სრულმზადყოფნაში.

„რაც შეეხება ოპოზიციას, აქ ჯერჯერობით ბევრი რამაა გასარკვევი და პირველ რიგში გასარკვევია არა ის, თუ როგორ გამოიყენებენ ამ ზაფხულს, არამედ ის როგორ ჩამოყალიბდება თავად ოპოზიცია არჩევნებამდე 60 დღით ადრე, როცა რეგისტრაცია უნდა დაიწყოს.

„თუ ამ ზაფხულში, ახლა უახლოეს თვე-თვენახევარში მაინც მოასწრებენ ჩამოყალიბებას და დაჯგუფებებს, შემდეგ უკვე საარჩევნო კამპანია დაიწყება და ჩვეულებრივად წარმართავენ. სტანდარტული პროცესია და ახალს აქ ვერავინ ვერაფერს იგონებს - იყენებენ მედიასაშუალებას და პირდაპირ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ანუ რეგიონულ შეხვედრებს. თბილისი ეს ორი თვე ფაქტიურად იცლება და სექტმბრიდან ცენტრი ისევ თბილისში გადმოვა",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნებისთვის „ოცნებას" სიტუაცია ნორმალურად აქვს, ოპოზიციას კი ნულოვანი რეიტინგი აქვს.

„ოცნებას" სიტუაცია ნორმალურად აქვს, ალბათ უფრო მეტად გააუმჯობესებს თავის მდგომარეობას არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. რაც შეეხება ოპოზიციას, ნულს მივუმატოთ ნული არის ნული და დღეს სალომე ზურაბიშვილთან შეკრებილი პარტიები ასეთ რამეს მაგონებს - „მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმათრიეო". ამათ არაფერი არ ეშველებათ გამორიცხულია, ამათი ერთადერთი საშველი მხოლოდ და მხოლოდ გარე ძალებისგან მხარდაჭერაა და 27 ოქტომბრისთვის, ანუ გადატრიალებისათვის მზადება.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, ცხადია, რომ „ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიისთვის კვლავ აქტიურად მუშაობს. ამასთან მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური მდგომარეობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის უფრო მეტი სამუშაოები ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

„ქართულ ოცნებას" ექნება აქტიური წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც კიდევაც ჩანს და კიდევ უფრო მეტად განვითარდება",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×