გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია და პორტის მშენებლობაც მალე დაიწყება
გვანცა წულაია
29.05.2024

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. 49%-იანი წილის მფლობელი კომპანია გამარჯვებულად რამდენიმე დღეში გამოცხადდება და პორტის მშენებლობა საბოლოოდ დაიწყება. მაშინ, როდესაც შუა დერეფნის გააქტიურებაზეა საუბარი, ანაკლიის პორტს არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ რაც უფრო მალე დაიწყება  განხორციელდება პროექტი, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშოროსო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა.

„როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა - შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა.

20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა.

"პირველადი შეფასებით წინადადება სრულყოფილადაა წარმოდგენილი და დიდი შანსია, რომ კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილი და დასძინა, რომ გამარჯვებულია კომპანია სამშენებლო სამუშაოებს „მყისიერად შეუდგება“. 

პორტის პირველი ფაზა დაახლოებით, შვიდ მილიონ ტონაზეა გათვლილი, რაც 600 ათასი კონტეინერის შესაბამისი მოცულობაა.

ლევან დავიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პორტი საკმაოდ კომპლექსური ეკოსისტემაა - ის არ არის მხოლოდ ნავმისადგომი და ტალღმტეხი, არამედ ასევე მოიცავს უამრავი მიმართულებით სხვადასხვა ლოგისტიკური მიწოდების საშუალებას.

„ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში გვქონდა არაერთი კომუნიკაცია დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც შეიძლება ვიხილოთ პარტნიორებად სატერმინალო ინფრასტრუქტურაში და ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია, რომლებიც დაინტერესებული არიან პორტის განვითარებაში მონაწილეობით მას შემდეგ, რაც გვექნება საბაზისო ინფრასტრუქტურა. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კუთხით ვიხილავთ უამრავ საერთაშორისო კომპანიას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში საკონტროლო - 51% პაკეტის მფლობელი იქნება. შესაბამისად, ინვესტორს, პორტში 49%-იან წილს გააკონტროლებს.

ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის ჩართვას მიესალმებიან საქართველოს პარლამენტში. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი ფუნქცია ჩინური ტვირთის გარეშე. 

„ჩვენ თუ გვინდა 100-მილიონიანი პორტი, რაზეც ვსაუბრობთ და ყველა ჩვენგანს გვინდა, მაშინ აქ უნდა წამოვიდეს ჩინური ტვირთი. ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს, აქედან 5%-იც კი რომ წამოვიდეს და უფრო ნაკლებიც, მეტს ჩვენ ვერც გავატარებთ. იცით, რომ ეს მარტო ჩვენი თემა არ არის, ჩინეთიდან წამოსულმა ტვირთმა უნდა გამოიაროს ყაზახეთი, პორტი აკტაუ, შემდეგ აზერბაიჯანი, შეიძლება სხვა რესპუბლიკებიდანაც წამოვიდეს, ბევრი ქვეყანა უნდა გამოიაროს, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთი იმ კუთხით, რომ ისინი, პრაქტიკულად, შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები არიან და ამ რეგიონში ყველაზე დიდი გავლენის მქონენი. 

მე ადრეც ვთქვი, ვისურვებდი, რომ ტბირთის ნაწილი ყოფილიყო ჩინური, ნაწილი – ევროპული და ნაწილი - ამერიკული, ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ჩინურის გარეშე მაგ პორტის აშენებას აზრი არ აქვს, ამიტომ არ დებენ ფულს ჩვენი მეგობრები", - განაცხადა კვიჟინაძემ.

პორტის მშენებელობას მიესამლებიანე კონომისტებიც, თუმცა აცხადებენ, რომ ძველი შეცდომები უნდა გამოსოწორდეს და ღრმაწყლოვანი ობიექტი ხარვეზის გარეშე აშენდეს. როგორც ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის დეტალებია, თუ როგორ და რა პირობებით აშენდება ობიექტი. 

„ანაკლიის პორტის მშენებელობა ძალიან კარგია და საქართველოსთვის დადებითი ეფექტის მომტანი იქნება, მაგრამ საერთოდ, სანამ რაიმეს ავაშენებთ, სჯობს, კარგად შევისწავლოთ საკითხი. რამდენიმე წლის წინ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მესმოდა, რომ ამ პროექტის ეკონომიკური საჭიროების და მომგებიანობის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ არსებობდა, იგივე გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის დროს და თუნდაც მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძეს ჩამოერთვა ანაკლიის პორტის მშენებლობა; ანუ წინა წლებში საუბრობდნენ, რომ პორტის ეკონომიკური მომგებინობა არ იყო დადასტურებული და ახლა, როდესაც ობიექტის მშენებლობა ახლიდან დაიგეგმა, ეს მიმართულება რამდენად დადასტურდა? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტი ყველა დეტალს, თუ როგორ და რა პირობებით აშენდება ობიექტი, ვინ იქნება მფლობელი, ვის ექნება პროცენტული წილი, პორტი საკუთრებაში გადაეცემა თუ არა კომპანიას და ა.შ. პორტის აშენება ძალიან კარგია, მაგრამ კარგი იქნება, თუ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს მეტი გამჭირვალობა ექნება. ასევე საჭიროა მოსახლეობას უფრო მეტად ავუხსნათ რამდენად საჭიროა ქვეყნისთვის იგი და რა სარგებელს მოიტანს. 

ასეთ დეტალების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაგალითად, ჰესის აშენებაც კარგია, მაგრამ როდესაც „ნამახვანის“ პროექტში ჩავიხედეთ, ვნახეთ, რომ  ცუდი პირობებით იყო მისი მშენებლობა დაგეგმილი  და საქართველოს ინტერესი ძალიან შემცირებული იყო. ეშმაკი ზოგჯერ დეტალებში იმალება. 

საუბარია რაღაც ჩინურ ტვირთის რაღაც ნაწილზე. ძალიან დიდ ნაკადს ჩვენი ინფრასტრუქტურა საერთოდ ვერ გაუძლებს, მაგრამ აზიური ტვირთის რაღაც ნაწილმა რომ გაიაროს შუა დერეფენზე, ეს ჩვენთვის დიდად მომგებიანი იქნება. ამისთვის არა მხოლოდ პორტის აშენება, არამედ საგზაო, სარკინიგზო და კიდევ სხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობაც მოგვიწევს“, - განუცხადა „რეზონანსს" ჯანიაშვილმა. 

მაშინ, როდესაც შუა დერეფნის როლი გაზრდილია, ანაკლიის პორტის აშენება ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია შემოსავლების, დასაქმების, სტაბილურობის და უსაფრთხოების კუთხითაც.

„საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად სჭირდება ახალი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მას როგორც ეკონომიკურ, ასევე არაეკონომიკურ კონტექსტშიც მისცემს სარგებელს, აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება. შესაბამისად, აუცილებელია ამ პროექტის განხორციელება და მნიშვნელოვანია მასში ჩინური მხარის მონაწილეობა, თუნდაც ერთ-ერთი სუბიექტის მაინც, რადგან ამ დერეფანში ტვირთის ძირითადი მიმღები და ძირითადი გამცემი, რომელიც გამოიყენებს ანაკლიის პორტს, იქნება სწორედ ჩინური მხარე. მათი ჩართულობის გარეშე რთულად წარმომიდგენია ამ პროექტის სრულფასოვანი განხორციელება. 

გასათვალისწინებელია, რომ, შუა დერეფნის კონტექსტში, ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი, რომელიც არა მარტო ქართული ინტერესების, არამედ მთლიანად შუა დერეფნის ინტერესებს ემსახურება, მათ შორის, ევროკავშირის ინტერესებსაც და ამ დერეფანში საქართველოს ქმნის ერთ-ერთ მთავარ ტრანზიტორ ქვეყნად. 

გასათვალისწინებელია, რომ ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვა სხვადასხვა ეტაპზე, შესაძლოა, მაქსიმუმის შემთხვევაში, 100 მლნ ტონა ტვირთსაც კი მიუახლოვდეს, შესაბამისად, დღეს არსებული რამდენიმე ათეული მილიონი, პლუს 100 მილიონ ტონამდე ტვირთის დამატებით, სულ სხვა განზომილებაში გადადის და სულ სხვა რეალობას მისცემს როგორც საქართველოს, ასევე მის პარტნიორ ქვეყნებს. შემოსავლების, დასაქმების კუთხითაც, სტაბილურობის და უსაფრთხოების კუთხითაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ჭარაიამ.

ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოს მრავალვექტორული პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც თავის მხრივ, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„მრავალვექტორული პოლიტიკა, სწორედაც რომ ამის გამოვლინებაა აღნიშნული გადაწყვეტილება, არის ჯერჯერობით ის გზა და ინსტრუმენტი, რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას და სტაბილურობას ამ უკიდურესად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში.

რა თქმა უნდა, ცნობილი შემადგენლობა და ფსევდომედასავლეთეები დაიწყებენ ახლა წიკვინს და შუბების მტვრევას, მაგრამ მათი დამტვრეული შუბები ბევრი გაუხვეტია ბოლო დროს ჩვენს საზოგადოებას“, - დაწერა სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×