რეზონანსი
06.07.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებით ასპარეზობას და მათთვის ფონდი “ქართუს“ მიერ გადაცემული ფულადი ჯილდოს საკითხს ეხმაურება.

„ეს ერთი თვეა, საქართველოში მოვლენები ჩვეულ რიტმში ვითარდება და განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა ერთისა: ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოს უდიდესი სიხარული აჩუქეს, როდესაც პირველივე ევროპის ჩემპიონატზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და ევროპა ქართული საფეხბურთო ნიჭის შესახებ აალაპარაკეს. ეს წარმატება იყო უდიდესი ბედნიერება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც, ბოლო რამდენიმე წელია, 1990-იან და 2004-2012 წლებში დაკარგულ სიამაყის გრძნობას თანმიმდევრულად იბრუნებს.

ყველაფერი დანარჩენი „მოსაწყენი“ ცხოვრების ჩვეულებრივი გაგრძელება იყო. არაფერი არაჩვეულებრივი არ იყო იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ქართველი ხალხისთვის მინიჭებული სიხარული დაუფასა და უპრეცედენტო ჯილდო გადასცა. მან გააკეთა ის, რასაც, 3-მილიარდდოლარიანი ქველმოქმედების ფონზე ყველა ელოდა და შესაბამისად, ვერავისთვის გასაკვირი ვერ იქნებოდა. ყველა მიჩვეულია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველგან, სადაც ქართულ საქმეს მხარდაჭერა სჭირდება. უცნაური სწორედ ის იქნებოდა, ის ქართული ფეხბურთის წარმატებას გვერდში რომ არ დადგომოდა.

მადლიერებაც ხომ საზოგადოდ და მით უმეტეს, საქართველოში სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა გაიკვირვოს და მით უმეტეს, ფეხბურთელების შეურაცხყოფის მიზეზად აქციოს ელემენტარული მადლიერება, რომელიც მათ გამოხატეს. მადლობა რომ არ გადაეხადათ, ზუსტად ეს იქნებოდა უცნაური. მადლიერება ღირსების ელემენტარული გამოხატულებაა, რომელიც ჩვენი ნაკრების ბიჭებმა საფეხბურთო მოედანზე და მოედნის მიღმაც უკვე დიდი ხანია ჭარბად დაამტკიცეს.

„მოსაწყენი“ ცხოვრების ნაწილი იყო კოლექტიური ნაცმოძრაობის რეაქციაც ფეხბურთელებისთვის გაცემულ ჯილდოზე. უკვე დიდი ხანია მიჩვეული ვართ, როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, კოლექტიურ „ნაცებს“ ბოღმა ახრჩობთ. „მოსაწყენი“ ცხოვრების ნაწილია ის, რომ „ნაცები“ ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრები არიან, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია კარგად გაიაზრა. სწორედ ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ სცადეს, ჩვეული „ღმუილით“ გადაეფარათ ის ზეიმი და ბედნიერება, რომელიც ქართველ ხალხს ნაკრების წარმატების შემდეგ დღემდე მოჰყვება.

ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს არ უნდა ეწყინოთ არც ერთი ბოღმიანი სიტყვა, რომელიც ლიბერალურ-ფაშისტურმა უმცირესობამ მათ სრულიად ბუნებრივ მადლიერებას დაუპირისპირა. როდესაც ქვეყნის მტერი გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევი და სწორი ადამიანი ხარ. ისინი ქვეყნის მტრები არიან, თქვენ კი პატრიოტები ხართ და ასეთ პირობებში, მათი თქვენთან დაპირისპირება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.

„ძაღლი ყეფს და ქარავანი მიქრის“ - ქვეყნის მტრები წუხან, მაგრამ ქართული ფეხბურთი წინ მიდის. ლიბერალური ფაშიზმი ვერც საქართველოს და ვერც ქართული ფეხბურთის წინსვლას ვერ შეაფერხებს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გველის, რასაც ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა და საქართველოს ყველა პატრიოტი ასე ძლიერ იმსახურებს“, - წერს ირაკლი კობახიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×