თამთა ჩაჩანიძე
09.06.2024

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ უკვე მიიღებულია სპეციალური დოკუმენტი, სადაც პუნქტობრივადაა გაწერილი, რა დავალებები შეასრულეს ქვეყნებმა. საქართველო მსგავს დასკვნას დეკემბერში ელის. რაზე იქნება დამოკიდებული გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება და იქნება თუ არა ამ მხრივ გადამწყვეტი კანდიდატის სტატუსთან ერთად მიღებული 9 დათქმის შესრულება?

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო და მისი შედეგები. ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმას, თუ როგორ დალაგდება მსოფლიო 6-9 ივნისს ევროპარლამენტის და აშშ-ში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის 14 დეკემბერს მიენიჭა. მაშინ ქვეყანას 12 რეკომენდაცია ჰქონდა შესასრულებელი და ევროკომისიამ ჩათვალა, რომ აქედან მხოლოდ სამი იყო სრულად შესრულებული, დანარჩენი კი ან ნაწილობრივ, ან მთლიანად შეუსრულებელი დარჩა. სტატუსი მაინც მივიღეთ და როგორ ანალიტიკოსები ამბობდნენ, ეს გადაწყვეტილება დიდწილად პოლიტიკური იყო.

ამჯერად კი უშალოდ გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გადასვლა 9 პუნქტის შესრულებაზეა დამოკიდებული, თუმცა როგორც ევროპელმა ლიდრებემა თქვეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება აქედან რამდენიმე პუნქტს ავტომატურად უგულებელჰყოფს, რაც თავისთავად შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს.

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, აქ ერთი პრობლემაა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს მათთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას 1 ივლისამდე, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარე როტაციით უნგრეთი უნდა გახდეს. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ჩარჩოს დასამტკიცებლად საჭიროა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თანხმობა, უნგრეთი კი უკრაინასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ხშირად მხარს არ უჭერს და მის საბოლოო დათანხმებას მრავალეტაპიანი მოლაპარაკებები უძღვის ხოლმე წინ.

რა პერსპექტივა გვაქვს დეკემბერში

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს არ აქვს შანსი, რომ მოლაპარაკებების გზა გაეხსნას ევროკავშირთან.

„დასკვნა თავისთავად იქნება (დეკემბერში), მონიტორინგის ანგარიში გამოვა, მაგრამ ამ გადასახედიდან, რაც დღეს გვაქვს, დადებითი ეს ანგარიში ვერ იქნება. თუ „ქართული ოცნება" გონს მოეგება და ამ რამდენიმე თვეში კანონს გააუქმებს, რიტორიკას შეცვლის და ა.შ. მაშინ ეს სხვა საქმეა, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, არანაირი შანსი არ გვაქვს იმისა, რომ დადებით გადაწყვეტილებას ველოდოთ.

„ის კი არა, ახლა ევროკავშირის მინისტერიალია და მერე სახელმწიფო მეთაურთა საბჭოა 27-28 ივნისს და შეიძლება მინისტერიალზე მიიღონ გადაწყვეტილება. საპასუხო ზომები იქნება მიღებული და ეს საპასუხო ზომები ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის ცუდი იქნება. ან იქნება პერსონალური, ან რაღაც ის ნაბიჯები, რაც საქართველოს ევროინტეგრაციას ნამდვილად არ წაადგება", - განაცხადა ფხალაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს შემდგომ ეტაპზე გადასვლა დამოკიდებულია როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკურ პროცესებზე.

„მემგონი 9 პუნქტი გადამწყვეტი არ იქნება. ეს ზოგად საერთაშორისო კლიმატზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შემუშავდება საქართველოს მიმართ. ფაქტია, რომ ამ კანონმა ისეთი მძაფრი საერთაშორისო რეაქცია გამოიწვია, რაც არ გამოუწვევია მემგონი საქართველოს ისტორიის არცერთ ფაქტს - რუსეთმა თავზე დაგვამხო აფხაზეთი, მერე 2008 წლის ომი, იქამდე ხან საპროტესტო აქციები იყო და ხან „იმედის" დარბევა, მაგრამ უცხოეთს არაფერზე ასეთი რეაქცია არ ჰქონია.

„ამასობაში საქართველო კანონებს იღებდა. ის კი არა, 1995 წლამდე საბჭოთა კონსტიტუცია გვქონდა. არაფერზე რაქცია დასავლეთს არ ჰქონია. მაინცდამაინც ამ კანონზე ჰქონდა და თან უპრეცედენტო, იმ მხრივ, რომ თითქმის არცერთ სხვა ქვეყანაში ანალოგიურ კანონზე ასეთი მძაფრი რეაქცია არ იყო. ამიტომ დამაჯერებელია ის ვერსია, რასაც ავითარებენ ხელისუფლების წარმომადგენლები - რომ შეიძლება ამ კანონის მიმართ დამოკიდებულებაში რაღაც უფრო დიდი პოლიტიკური გეგმები იყო ჩართული. არქმევენ ხოლმე მეორე ფრონტის გახსნას, მაგრამ შეიძლება მაინცდამაინც მეორე ფრონტი არა, მაგრამ სხვა მხარეები და ასპექტები იყო.

„დეკემბერი ისეთი ვადაა, როდესაც უკვე დასრულებული იქნება არჩევნები თავისთავად ევროპაში, აშშ-ში პრეზიდენტობის არჩევნები, მათ შორის ჩვენთანაც და დასავლეთს განახლებული სახე ექნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

საპარლამენტო არჩევნების ფაქტორი

ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ევროინტეგრაციის პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

„თავისთავად ცხადია, არჩევნებს გავლენა ექნება რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე. ერთი ის, თუ როგორ ჩატარდება თავად არჩევნები და როგორი იქნება წინასაარჩევნო გარემო, რამდენად იქნება სტანდარტების და ევროპული დემოკრატიის შესაბამისი. მეორეა როგორი იქნება უკვე კონფიგურაცია არჩევნების მერე, რამდენად იქნებიან პარლამენტში ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს და რომლებიც მზად არიან გადაგდან ის პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან დააახლოვებს.

„ჩვენ თუ ისევ ისე გავაგრძელეთ - გლობალური ომის პარტია ვეძახეთ და დავადანაშაულეთ შეთქმულებებში - რანაირად შეიძლება თან ადანასაულებდე და თან ინტეგრაციაზე ლაპარაკობდე?! ასეთი რაღაცა არ ხდება", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დეკემბერში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, არამედ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზეც, წლევანდელ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეც და აშშ-სა და ჩინეთს შორის ახლანდელი დაძაბულობის განმუხტვაზეც.

„დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის მოვლენები, რაც ახლა იყო, გავლენას იქონიებს გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა იმ ნაწილზე, რომელიც სახლში რჩებოდა. ეს ის ელექტორატია, რომელსაც არსებული პარტიული ალტერნატივიდან არცერთი არ მოსწონს და მემგონი განვლილი პერიოდი ამ ნაწილზე მოახდენს გავლენას. ეს პასიური ნაწილი ძირითადად ის ხალხი იყო, ვისაც „ოცნებისგან" იმედი გაუცრუვდა და ამ დროს არც ენმ მოსწონს. მემგონი ისინი გადახედავენ თავიანთ პოზიციას მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევცნებში, რადგან ფაქტია - ამ კანონთან დაკავშირებულ პროცესებში გამოჩნდა, რომ თუკი „ოცნების" ხელისუფლება შეიცვლება, მოდის „ნაციონალური მოძრაობა".

„დაახლოებით ისეთივე სურათი შეიქმნება, როგორც სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დროს იყო - თუ ზურაბიშვილს არ აირჩევდნენ, ენმ-ს კანდიდატი მოდიოდა. იგივე სიტუაცია იქნება, ოღონდ უკვე პარტიულ დონეზე და შეიძლება ეს არჩევანი „ოცნების" სასარგებლოდ გადაიხაროს.

„ძალიან საეჭვო და ფანტაზიის სფეროა, მაგრამ თუ ხელისუფლებაში „ნაციონალები" მოვიდნენ, რა თქმა უნდა კანონი იქნება გაწვეული და დასავლეთიდან ყველა ტიპის სანქციები მოხსნილი იქნება. ოღონდ, ამავე დროს, დიდი შანსია, რომ საქართველო სხვადასხვა ტიპის პროცესებში იყოს ჩართული, მათ შორის ომში, თუკი ეს დასავლეთს დასჭირდება.

„სანქციების მოხსნაში ვიგულისხმე მათ შორის ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებაც, რადგან სააკაშვილის პერიოდში დასავლეთის მხრიდან საყვედურები არ ყოფილა. დღეს კი, აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალი ტრიბუნებიდან გამოგვიცხადეს, რომ 2012 წლამდე საქართველო დასავლეთისკენ მიდიოდა და მერე უკვე საეჭვო გახდაო, ესე იგი მათ ენმ და მიხეილ სააკაშვილი აწყობთ.

„მოიყვანენ პარტიებს, რომლებიც დღეს „ნაცმოძრაობის" სატელიტ ჯგუფებად მოიაზრებიან. ისინი სააკაშვილს გამოიყვანენ, მადლობა ღმერთს ჯანსაღი და მთელია და დავუბრუნდებით იმ პერიოდს, რაც 2012 წლამდე იყო. თუკი ასეთი დაბრუნება მოხდა, მაშინ დასავლეთი იგივე პერიოდს დაუბრუნდება, როგორც მაშინ იყო. მაშინ ევროპაში იყო კრიტიკა, რომ საქართველოში ძალაუფლების გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი და ამერიკამ ეს კრიტიკა აკრძალა, რაც ჩანდა კიდეც.

„თუ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ალბათ სირთულეები გაგრძელდება. ოღონდ სირთულეები დასავლეთის გარკვეულ მხარეებთან ურთიერთობაში. ჯერ კიდევ არ ვიცით დასავლეთი დეკემბრისთვის როგორი იქნება. თუ „ოცნება" საერთო ენას იპოვის კონსერვატორებთან, ისეთ პოლიტიკოსებთან, მაგალითად, როგორიც ორბანია, ვიდრე მემარცხენეებთან, რომლებიც ევროპის და ამერიკის სათავეში ბლომად არიან, მათთვის უმჯობესია.

„თუმცაღა, როგორც პროგნოზები ამბობენ, მემარცხენეები მაინც ჭარბად იქნებიან, თუმცა მემარჯვენეების წარმომადგენლობა გაიზრდება ევროპულ სტრუქტურებში. წამყვანი რადგან მემარცხენეები იქნებიან, ალბათ მათთან ქართულ მხარეს სირთულეები ექნება.

„თუ დეკემბრისთვის დალაგდება აშშ-ჩინეთის ურთიერთობები, მაშინ მშვიდობიანი მოვლენა გახდება ჩინეთის ტრანზიტი კავკსიაზე. თუკი ეს მშვიდობიანი პროექტის სახეს მიიღებს და არ იქნება განხეთქილების ვაშლი, მაშინ ევროპა საქართველოსთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას იჩქარებს, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ახალი პოლიტიკური პა-სეანი როგორ დალაგდება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×