თამთა ჩაჩანიძე
06.07.2024

ვაშინგტონმა საქართველოსთან „ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა" დაიწყო, რის ფარგლებშიც სწავლება „ღირსეული პარტნიორის" ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება - აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში, რასაც თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ერთ-ერთი პირველი თავდაცვის სამინისტროს პოზიცია იყო, სადაც უწყება სინანულს გამოთქვამს და აცხადებს, რომ სწავლების გადადების მიუხედავად, „აღნიშნული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025".

მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს „ურთიერთობების გადატვირთვა" შესთავაზა, რომლის თქმით, ქართული ოცნების" ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით„შემხვედრ ნაბიჯებს" ელოდება. ოპოზიცია კი მმართველ პარტიას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბოლოდროინდელმა გადადგმულმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა, მათ შორის „გავლენების კანონის" მიღებამ, პარტნიორებთან ურთიერთიბა ფაქტიურად დაბლოკა ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო.

რაც შეეხება ანალიტიკოსთა შეფასებას, ნაწილი ანალიტიკოსებისა მიიჩნევს, რომ პენტაგონის გადაწყვეტილება ერთის მხრივ პარტნიორობისთვის დამაზიანებელია. ამასთან, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ერთგვარი გზავნილია ოპოზიციისთვის ოქტომბრის არჩევნებისთვის.

ნაწილი კი აცხადებს, რომ ვაშინგტონი სამხედრო სანქციებზეც წავიდა, რაც აქამდე „ბევრისთვის მოულოდნელი იყო", მათი შეფასებით, აქედანვე ჩანს, რომ ნატოს 9-11 ივლისის საიუბილეო სამიტიდან, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილია მიწვეული, „დიდი შენიშვნები წამოვა".

ამის პარალელურად, სომხეთის თავდაცვის სამინისტროსგან ცნობილი ხდება, რომ სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება, უწყების ცნობით, სწავლება "ღირსეული პარტნიორი" 2024 სომეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სომხეთში 15-24 ივლისს გაიმართება და იგი კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით, სამშვიდობო ამოცანების შესრულებას ითვალისწინებს. პირველად „ღირსეული პარტნიორი 2023 წელს ჩატარდა სომხეთში.

„საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად, სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები „ღირსეული პარტნიორი" 2024, სომხეთში 15-დან 24 ივლისამდე გაიმართება. წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო პერსონალი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს", - ნათქვამია განცხადებაში.

რა წერია აშშ-ის განცხადებაში და რას პასუხობს საქართველოს თავდაცვის უწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სინანულს გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024"-გაურკვეველი დროით გადაიდება. თუმცაღა უწყება დასძენს, რომ სწავლების გადადების მიუხედავად, აღნიშნული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025".

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

„დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024"-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

„საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024"-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.

„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ვაშინგტონმა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, რის ფარგლებშიც, სწავლება „ღირსეული პარტნიორის" ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

„შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი", რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

„30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის" ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის.

„შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს თავდაცვით ძალებთან პარტნიორობას და გავაგრძელებთ საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

„ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია, და დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმ უდიდეს ღირებულებას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ისეთ წვრთნებს სძენენ, როგორიცაა "ღირსეული პარტნიორი". შეერთებულ შტატებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობების იმედი აქვს, მათ შორის „ეგლ სპირიტ"-ის 2025 წელს", - ნათქვამია განცხადებაში.

რას ნიშნავს საქართველოსთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოსთვის დიდი დანაკლისია, ვაშინგტონი სამხედრო სანქციებზეც წავიდა, რაც აქამდე ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რაც მისი თქმით, „ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი პოლიტიკის შედეგია. მაისაიას აზრით, აქედანვე ჩანს, რომ ნატოს ივლისის საიუბილეო სამიტიდან დიდი შენიშვნები წამოვა.

„ძალიან სამწუხარო და ცუდი ფაქტია, რადგან რამდენადაც ვიცი, ეს წვრთნები ნატოს სულისკვეთებით და ეგიდით იყო, რაც კიდევ უფრო უარესი შედეგია, ვიდრე წარმოგვიდგენია. როგორც ჩანს, აშშ კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდა. ადრე ვთქვი კიდეც, ამ ყველაფერს ისეთი პირი უჩანდა, რომ ამერიკელები ყველა სამხედრო დახმარებას და თანამშრომლობის პროგრამას აუცილებლად შეაჩერებდნენ, სამწუხაროდ ეს პროგნოზი გამართლდა.

„ზოგიერთები მაინც იმედოვნებდნენ, რომ შესაძლოა ამერიკას პოლიტიკური ბლოკირება განეხორციელებინა და სამხედრო სფეროში ხელს არ გვახლებდნენ, რადგან ეს მიმართულება სხვა არისო და პოლიტიკურ მომენტებს არ უკავშირდებაო, მაგრამ მაშინვე ვთქვი, რომ ეს ბლოკირება სამხედრო სფეროსაც შეეხებოდა. თბილისში აშშ-ის ელჩის მიღებაზე თავდაცვის მინისტრი არ ჩანდა, ესეც უკვე სიმპტომატურია.

„გამოდის, რომ ჩვენ ვკარგავთ პოტენციალს - ჩვენი სამხედრო კადრების მომზადებას, რაც ამერიკულ სამხედრო განათლებასა და სისტემაზე ორიენტირებული, ისინი გვაძლევდნენ ერთგვარ საზრდოს, რადგან ყველა ოფიცერმა გაიარა სამხდერო აკადემია, მათ შორის მეც, დამთავრებული მაქვს სამი ამერიკული სამხედრო სასწავლებელი, ამით ვამაყობ და როგორც ამ განათლების მომღები, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ.

„პრემიერ მინისტრი, რომ გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრობს, ჯერ კიდევ 2011 წელს, სერგეი ლავროვმა ჰილარი კლინტონს გადატვირთვის პოლიტიკა შესთავაზა და რატომ უნდა ემთხვეოდეს ლავროვისა და კობახიძის ვორდინგები? ეს ყველაფერი ბევრ რამეზე მეტყველებს. ამერიკელებმა კენჭი უკვე ყარეს, ალბათ, როცა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს 9-11 ივლისის სამიტზე ჩავა, იქაც სერიოზულად გაკიცხავენ და დიდი შენიშვნები წამოვა, რაც დეკლარაციაშიც დაფიქსირდება, ეს კი ძალიან ცუდია.

„ეს ფაქტიურად სამხედრო სანქციებია საქართველოს წინააღმდეგ. „ოცნებაში" იმაზე საუბარი, რომ კიდევ რაღაც გაგრძელდება, ეს უბრალოდ ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. არაფერი აღარ იქნება თუ ესენი კვლავ ხელისუფლებაში დარჩნენ. ესაა ამერიკისგან სამხედრო-პოლიტიკური დემარში, გამოდის, რომ 2009 წლის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია შეჩერებულია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაძიშე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პენტაგონის გადაწყვეტილება არასწორი ნაბიჯია, რომელიც ერთის მხრივ პარტნიორობისთის დამაზიანებელია. ამასთან, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ერთგვარი გზავნილია ოპოზიციისთვის ოქტომბრის არჩევნებისთვის.

„პენტაგონის მხრიდან ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან უღირსი ნაბიჯია და გამრუდებულ პოლიტიკურ დამოკიიდებულებას შეესატყვისება, რომელიც ოფიციალური ვაშინგტონის გარკვეული წრეებიდან საქართველოს მისამართით ჯერჯერობით შეინიშნება. ეს შეურაცხყოფას აყენებს, როგორც ქართველ ჯარისკაცებს, ასევე ყოველწლიურ წვრთნებში მონაწილე ნატოს წევრ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებსაც.

„გასაკვირია, როცა აშშ-ის სამხედრო უწყება პოლიტიკური სპეკულაციების ორომტრიალში ჩაერთო, ეს ნამდვილად გასაკვირი არაა, რამეთუ, ზოგადად ბოლო პერიოდში ამერიკის საგარეო პოლიტიკა ის პარტნიორებთან დამოკიდებულებაში, საგრძნობლად ურთიერთსაწინააღმდეგო გახდა.

„ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში ასევე ვხედავ, რომ ესაა რადიკალრური ოპოზიციისთვის ერთგვარი გზავნილი, რომ 26 ოქტომბერს - მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში კიდევ უფრო არაადეკვატური შეფასებები და განცხადებები იქნება, რომლებიც შეეხება ე.წ. გაყალბებულ არჩევნებს (თუმცა, რანაირად, როცა ელექტრონულად ტარდება?), იქნება მწვავე და უშინაარსო განცხადებები, როგორც ჩვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მოვისმინეთ.

„ბოლო პერიოდში, აშშ-სა და ევროპის მხრიდან, არაფერი არ მოგვისმენია მაგალითად კანადასა და საფრანგეთზე, რომლებმაც „გამჭვირვალობის კანონი" უფრო დრაკონული წესებით მიიღეს.

„აქ კლასიკური თვალთმაქცობა და ფარისევლობაა, რაც ზუსტადაც რომ დასავლეთში ამომრჩევლის უკურეაქციაზე აისახება - გადავხედოთ ახლახანს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში რა მოხდა, რა მოხდა ევროპარლამენტში და რა შედეგი დადგება ნოემბერში აშშ-ში, როცა უკვე პრეზიდენტ ბაიდენს, მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერი მედია დაჟინებით მოუწოდებენ, რომ საპრეზიდენტო რბოლას ჩამოსცილდეს.

„როცა დასავლეთში და განსაკუთრებით აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკაში ასეთი უმძიმესი მდგომარეობაა, როგორ მოხდა და პენტაგონს სცალია, რომ ასეთი წვრილმანი, არაფრისმთქმელი და პარტნიორობისადმი დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც რასაკვირველია ოკუპანტ რუსეთს და მის სასარგებლო იდიოტებს აწყობთ ნაცოპოზიციის სახით",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

პოლიტიკური შეფასებები თბილისში

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლება საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა.

„ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა.

„ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს... ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, მისთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი არსებობს, შესაბამისად, ემზადებიან წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2025წელს.

„გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც კავშირდება „ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი ვადით გადადებას. თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებებში, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფები არის სასარგებლო ღონისძიება, როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის და ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობს.

„თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ერთი მხრივ, გაუგებარია გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე მხრივ - ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფორმატი, რომელიც არსებობს თავდაცვის დეპარტამენტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. ამ ფორმატებში თანამშრომლობას ვაგრძელებთ, ვმუშაობთ და ასევე ვემზადებით იმ სხვა საერთაშორისო წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილი გვაქვს 2025 წელს", -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„მინდა, ჩვენს პარტნიორებს ვთხოვო, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე ასეთ საკითხებზე, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არამხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატო-ს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას. ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები", - განაცხადა ბურჭულაძემ.

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია კი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნების" ხელისუფლებამ შეძლო, რომ დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და შეძლო გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პაკეტი.

„მსურს, გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან სამწუხარო მომენტს, როდესაც აშშ- საქართველოს ისტორიაში პირველად უქმდება ძალიან მსხვილი მასშტაბის და ძალიან დიდი ფუნქციური მნიშვნელობის საერთო საწვრთნელი მრავალეროვნული პროგრამა „ღირსეული პარტნიორი". „ქართულმა ოცნების" ხელისუფლებამ შეძლო, რომ დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და შეძლო, რომ გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც გააჩნია არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამხედრო მნიშვნელობა.

„სწორედ იმ თვეებში, ზაფხულის თვეებში, როდესაც საშუალოდ რუსეთისგან მომავალი საფრთხეები არის ხოლმე გაზრდილი, აშშ-ის ასობით სამხედრო სხვა პარტნიორთან ერთად, იმყოფებოდა ხოლმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენდა რუსეთისგან მომავალი აგრესიისგან თავის დაცვის ერთით მეტ ინსტრუმენტს და ეს ინსტრუმენტი „ქართული ოცნების" რუსული ხელისუფლების დამსახურებით ჩვენ აღარ გვექნება განუსაზღვრელი ვადით.

„ჩვენ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოგვთავაზა მეტი პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ახალი შანსები სტუდენტებისთვის, ამ ყველაფრის გამოყენების, ამ ახალი შანსების და შესაძლებლობების გამოყენების ნაცვლად, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამ ყველაფერს ამჯობინა „რუსული კანონი", ამჯობინა თეირანში სიარული და ამჯობინა ჩინეთთან ბუნდოვანი სტრატეგიული შეთანხმების დადება, რაც არის კიდევ ერთი ძალიან კარგი დასტური, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება არის მოღალატე ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის და ჩვენი განვითარების შანსების გამოყენებას ყოველთვის ამჯობინებს საკუთარ პარტიულ პოლიტიკურ ეგოს და რუსული ინტერესის და ავტოკრატიული ინტერესის მსახურებას ამ ქვეყანაში.

„ამიტომაც, მოვუწოდებ კიდევ ერთხელ თითოეულ ქართველს 26 ოქტომბერს დავირაზმოთ, გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა მტრისგან, რომელიც ახლა უკვე ზის კანცელარიაში, თავდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში. გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა მტრისგან, შევქმნათ ერთიანი ეროვნული კოალიცია და გამოვიყენოთ ყველა ის შანსი, რაც ჩვენს ქვეყანას ახლა აქვს მონიჭებული იმ გეოპოლიტიკური რეალობის გამო, რაც არის შექმნილი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" სურვილია ურთიერთობების გადატვირთვა, რადგან აშშ ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიოს მასშტაბით. კობახიძე აშშ-ის საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე.

„მინდა, მივულოცო აშშ-ს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს დღევანდელი დღე, დამოუკიდებლობის დღე. ზოგადად, აშშ ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიოს მასშტაბით, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს, რასაც ჰქვია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, „რა იქნებოდა შემხვედრი ნაბიჯები", ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე, თუმცა, ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ისეთი შემხვედრი ნაბიჯები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც თვისებრივად გააჯანსაღებს ურთიერთობებს, რაც ასე სჭირდება ორივე ქვეყანას. მე ასე მჯერა, ეს სჭირდება როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს, ორივე ქვეყანას თანაბრად".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×