ნატალია ჯვარიძე
04.07.2024

ამერიკის დამოუკიდებლობის დღე შეერთებული შტატების საელჩომ ტრადიციული მიღებით აღნიშნა, თუმცა წლევანდელი ღონისძიება პირველად ჩატარდა ისე, რომ პრეზიდენტი არ ესწრებოდა, არ იყო „ოცნების" წევრების ნაწილიც. ღონისძიებას პრემიერი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, მაგრამ ტრიბუნაზე სიტყვით არ გამოსულა. ოპოზიციაში ამობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების არგამოცხადება ამერიკულ სანქციებს უკავშირდება.

ღონისძიებაზე არ იყო არც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, არც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქით მიულოცა ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღე, თუმცა ორბელიანების სასახლის ადმინისტრაციას არ უთქვამს, რატომ არ გამოჩნდა ზურაბიშვილი ღონისძიებაზე.

„ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს, 4 ივლისს ვულოცავ! საქართველო აფასებს თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობის გზაზე, რომელიც სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზეა დაფუძნებული. დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელ ერს ვუსურვებთ, რომ მსოფლიოში თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის შთაგონებად დარჩეს", - წერს ზურაბიშვილი.

„ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ღონისძიებაზე მისვლა სავალდებულო არ არის, შესაძლოა ვიღაც ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მივიდა და ამაზე გამოკიდება სწორი არაა.

„საელჩოში დაგეგმილი ღონისძიება პლენარული სხდომა არ არის, რომ პარლამენტის 76 წევრის ხმა იყოს საჭირო საზეიმო ღონისძიების გასახსნელად," - ასე უპასუხა „ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა კითხვას, რატომ არ იმყოფებოდნენ აშშ-ს საელჩოში, 4 ივლისთან დაკავშირებულ მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, და მათი არყოფნა ხომ არ აღრმავებს ეჭვს, რომ ისინი აშშ-ს მხრიდან არიან სანქცირებული და ამის გამო არ მიიწვიეს.

ქადაგიშვილმა პასუხად განაცხადა, რომ „სანქციების თემა კუდიანებზე დევნასავით არის გამოცხადებული". როგორც მან აღნიშნა, მიღებაზე არც თავად იმყოფებოდა, იმის მიუხედავად, რომ ღონისძიებაზე მიწვეული იყო, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მივიდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე კი მიიჩნევს, რომ ამერიკისთვის ის პირები, რომლებიც ღონისძიებაზე არ იყვნენ, არასასურველი პერსონებია.

„ის, რომ მთავრობის ზოგი წარმომადგენელი სანქცირებულია, რეალობაა, რადგან ის პირები, რომლებიც ასეთ ღონისძიებაზე დადიოდნენ, დღეს არ იყვნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ამერიკისთვის არასასურველი პერსონებია", - აღნიშნავს იგი.

საელჩოში გამართულ ღონისძიებას ძალოვანი უწყებების კონკრეტული წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა სრული შემადგენლობა არც აქ ფიქსირდებოდა. მაგალითად მონაწილეობა არ მიუღია შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და სუსის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს.

ანალიტიკოს გია აბაშიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის განცხადებები ტრაგიკომიკურია და ამერიკის საელჩოს „ოცნების" წევრების მიწვევის სურვილი რომ არ ჰქონდათ, არც მიიწვევდნენ.

„როგორც ყველა პოლიტიკურ-სოციალურ საკითხზე, აქაც ოპოზიცია მცდარ გზავნილს ავრცელებს. ღონისძიებას პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა. თუ რატომ არ იყო სალომე ზურაბიშვილი, მასთან არის გასარკვევი და მისგან არაადეკვატური ქმედებები ყოველთვის მოსალოდნელია. რაც შეეხება ე.წ. სანქციებს, ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადება, რომ ის თურმე ამერიკაში იყო და 3 ივლისს დაბრუნდა. ასევე რამდენიმე დღის წინ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც იყო. ამერიკიდან წამოსული განცხადებები მიუთითებს, რომ სანქციების დაწესებაზე რაღაც გაურკვევლობაა.

„საინტერესოა, ამ მიღების ფორმატი როგორი იყო? მისცეს თუ არა კობახიძეს სიტყვით გამოსვლის უფლება, ესეც სპეკულაციების თემაა. პრემიერის მიწვევის სურვილი რომ არ ყოფილიყო, არც მიიწვევდნენ და ეს იქნებოდა ერთგვარი დემარში", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×