
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების მომზადებას ევროინტეგრაციასა და დასავლურ კურსზე საბოლოო უარის სათქმელად. მისი შეფასებით, ხელისუფლების პროპაგანდისა და ქმედებების შედეგად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩავარდა, რაც საქართველოს კვლავ რუსულ ორბიტაზე ტოვებს.
ასეთი შეფასება მოყვა მმართველი გუნდის ლიდერთა მიერ ევროკავშირში გერმანიის მიერ ინიცირებული ცვლილების კრიტიკას. უფრო კონკრეტულად კი, ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღბის წესის შეცვლა და კონსენსუსის აუცილებლობის გაუქმება სურთ. ამ ინიციატივას უკვე შეურთდა გაერთიანების წევრი 14 ქვეყანა, თუმცა მას ასევე მრავლად ჰყავს მოწინააღმდეგეები როგორც თავად გერმანიაშ, ისე მთლიანად ევროკავშირში. ისინი მიიჩნევენ, რომ კონსენსუსის წესის გაუქმება ევროკავშირში შემავალი შედარებით მცირე სახელმწიფოების როლის დაკნინებას გამოიწვევს და გაერთიანების შგნით არსებულ უთანხმოებას გააძლიერებს.
ამ პოზიციას იზიარებენ „ქარულ ოცნებაშიც" და პარლამეტის თავმჯდომარე შლვა პაპუაშვილი საკითხს ასე სვამს: „მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა - რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით?"
ვახტანგ ძაბირაძე: „ოცნება" კარგა ხანია ამ გზაზე დგას და ნელ-ნელა იწყება საზოგადოების, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული დამუშავება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში სწორედ ის გადაწყვეტილება მიიღოს - უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, საერთოდ დასავლურ ორიენტაციაზე და დარჩეს იმ ქვეყნად, რომელსაც რუსები ჩათვლიან თავის უკანა ეზოდ. ამაზე უარის თქმა ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ ვრჩებით რუსულ ორბიტაზე.
როცა კობახიძემ განაცხადა, რომ 28 წლამდე შევაჩერებთო, ამას მოჰყვა დიდი პროტესტი და ახლა უფრო მეთოდურად მიუდგნენ ამ თემას. პაპუაშვილი ყველაზე აქტიური პერსონა არის ამ შემთხვევაში და ის მუდმივად ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.
ვეტოს უფლების საკითხი დადგა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ის გამოიყენა არა იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები დაეცვა, არამედ იმისთვის, რომ დაეშანტაჟებინა მთელი ევროპა. ამიტომ, თუ იქნება ძალიან მაღალი კვორუმი, ერთ ან ორ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნდა შეეძლოს ევროკავშირში უმრავლესობის გადაწყვეტილების შეჩერება.
ამასთანავე არის ერთი მომენტი - თუ არ აწყობს სახელმწიფოს, შეუძლია დატოვოს ევროკავშირი, როგორც ბრიტანეთმა გააკეთა.
„რ": ქართული საზოგადოებისათვის რამდენად მისაღები იქნება ამ და სხვა მსგავსი გადაწყვეტილებების საბაბით ევროინტეგრაციაზე უარის თქმა?
ვ.ძ.: ჩვენ, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების" პირობებიდან გამომდინარე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი უკვე ვთქვით. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი და ჩვენ ეს პროცესი უკვე ჩავაგდეთ. ასე რომ, „ოცნებამ" მიაღწია იმას, რაც უნდოდა.