
დღეს საქართველოში სამართალი მუშაობს, როგორც შურისძიება ან გაჩუმების მექანიზმი - „ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ ხმა, რომელიც დისკომფორტს უქმნის, გააჩუმოს , - ამის შესახებ მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის" წევრმა, ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა.
ვახუშტი მენაბდემ ამ კონტექსტში ახსენა ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავება და თქვა, რომ ეს არის „ზეწოლა და მისი გაჩუმების მცდელობა, ისევე, როგორც სხვა დაკავებულების შემთხვევაში.
კონსტიტუციონალისტი გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური კრიტიკის საზღვრებს განმარტავს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოხატვის ფორმები ეთიკური, არსებობს ვალდებულება,რომ პოლიტიკური დისკუსიის ნაწილში ადამიანებმა შეიწყნარონ მსგავსი ტიპის გამოხატვა.
მენაბდე განმარტავს, რომ „ხელისუფლების გინება ვერ იქნება სიძულვილის ენა და ადამიანებს ყველაფერზე ვერ დავაჯარიმებთ და ვერც ციხეში გავუშვებთ".
„ხელისუფლების გინება ვერ იქნება სიძულვილის ენა, სიძულვილის ენას ჰყავს თავისი სუბიექტი. გინება, თუ მას პოლიტიკური შინაარსი არ გააჩნია, არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ თუ პოლიტიკური დისკუსიის ნაწილია, პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილია, მაშინ ადამიანები, ვისაც ეს არ მოსწონს, ვალდებულები არიან შეიწყნარონ ასეთი ტიპის გამოხატვა. ეს არ არის მისაღები, ეს არ არის მოსაწონი, ჩემი პირადი აზრით, არ არის ეთიკური, მაგრამ ის, რაც ჩვენ არ მოგვწონს, ადამიანებს ყველაფერზე ვერ დავაჯარიმებთ და ციხეში ვერ გავუშვებთ.
სიურეალიზმია, რა აზრი აქვს ადამიანის უფლებების სტანდარტებზე ლაპარაკს, როდესაც ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. რა კონტექსტშიც ვართ, გუნდისთვის, რომელიც მართავს ჩვენს ქვეყანას ახლა, ვისაც ხელში აქვს მართვის სადავეების ჩაგდებული, მნიშვნელოვანი არ არის სტანდარტები, პროპორციულობის ტესტი რაციონალურობა, ასევე მნიშვნელობა არ აქვს იმას კანონის უზენაესობას რა მოთხოვნებს უყენებს, მთავარია, მისი აზრით, რა ამოცანის და მოცემულობის წინაშე დგას და როგორ გადაჭრას პრობლემა. „ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ ხმა, რომელიც დისკომფორტს უქმნის, გააჩუმოს. არავის არ მოგვწონს, როდესაც არანორმატიულად მოგვიხსენიებენ, მაგრამ ამ არ მოწონებას ხელისუფლებამ დაუმატა სურვილი, რომ გააჩუმოს.
დავანებოთ თავი სამართლის სტანდარტებით შეფასებას, გასაგებია, რა არის, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტზე[ვახო სანაია] ზეწოლა და მისი გაჩუმების მცდელობა. ყოველ შემთხვევაში სამაგიეროს მიზღვა მთელი იმ საქმეების გამო, რაც ამ ხელისუფლების კრიტიკით გააკეთა. სხვა ადამიანების დაკავების მიზეზიც აბსოლუტურად იგივეა", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.