
აგარანის მამულის ადმინისტრაციას გიორგი ჭიღლაძისათვის დაპირებული გირაო ამ დრომდე არ გადაუხადია - აცხადებს გამოცემასთან „მთავარი ამბები კახეთიდან” ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი.
„როგორც ჩემთვის ოჯახისგან არის ცნობილი, მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა მათაც ახალი ინფორმაცია არ აქვთ და ელოდებიან.
რაც შეეხება ჩემს მოქმედებებს, ვეცადე აგარანის მამულში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, კონკრეტული ჩანაწერების შესამოწმებლად, რადგან რიგი დეტალები დასაზუსტებელი იყო. თუმცა, ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ მომეცა. ველოდებით პროკურატურას და ვფიქრობ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც პროკურორი შვებულებიდან დაბრუნდება.
გამოძიებას ოფიციალურად უნდა ეცნობებინა ჩემთვის, დადგა თუ არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი აღნიშნული ქალბატონების მიმართ, თუმცა ამ დრომდე არც ამაზე მაქვს ინფორმაცია. მათთან კომუნიკაცია ვერ შევძელი, რადგან შვებულებაში იმყოფებიან.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ აღნიშნული ქალბატონები ახორციელებდნენ პროვოკაციულ ქმედებებს, კერძოდ, სითხის გადმოსხმასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ასევე, ჯერ არ გვაქვს გიორგი ჭიღლაძისთვის მიყენებული დაზიანებების შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. მას ცალკე ექსპერტიზა არ ჩატარებია. დასკვნა მომზადდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ჩანაწერებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაღებული ფოტომასალის საფუძველზე,“ - განაცხადა მარიამ დურგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე, თელავის რაიონულ სასამართლოში, ადვოკატებმა გააჟღერეს, რომ გიორგი ჭიღლაძისთვის დაკისრებულ 5 000-ლარიან გირაოს აგარანის მამული იხდიდა. გირაოს შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, სასამართლომ კი დააკმაყოფილა.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაკავებული ჭიღლაძე 21 ივლისს, გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, თუმცა, საბოლოოდ, თანხა მისმა ოჯახმა და მეგობრებმა შეაგროვეს.
"მთავარი ამბები კახეთიდან"