თამთა ჩაჩანიძე
29.07.2026

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გამოთქმულ ოპტიმიზმს რამდენიმე დღეში განსხვავებული პოლიტიკური სიგნალი მოჰყვა ვაშინგტონიდან. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ ორმხრივი ურთიერთობის განახლების შესაძლებლობად შეაფასა, საქართველოში აშშ-ის საელჩომ მედიის თავისუფლებასა და პოლიტიკური პლურალიზმის საკითხებზე კრიტიკული განცხადება გაავრცელა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივის შესახებ ახალი კითხვები გააჩინა.

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილი არ უნდა აღქმულიყო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის ნიშნად. მათი განცხადებით, წერილი დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში იყო გამოგზავნილი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს 28 ივლისის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ვაშინგტონისთვის კვლავ პრიორიტეტულია დემოკრატიული სტანდარტები, მედიის თავისუფლება და პოლიტიკური ფლურალიზმი.

აშშ-საქართველოს ურთიერთობების განახლების პერსპექტივა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საელჩოს განცხადება გადაჭარბებულად არ უნდა აღვიქვათ და მიაჩნია, რომ ურთიერთობის გადატვირთვისთვის სივრცე ჯერ კიდევ დარჩენილია.

"ვფიქრობ, რომ საელჩოს ამ განცხადების გადაჭარბებულად აღქმა სწორი არ იქნებოდა, საელჩომ „რადიო თავისუფლების" მიერ გაგზავნილ კითხვას უპასუხა. ამასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ საელჩოს ეს განცხადება საკუთარი ინიციატივით კი არ გაუკეთებია, მან უბრალოდ ერთ-ერთი მედიასაშუალების კითხვას უპასუხა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომელიც აშშ-ში დამკვიდრებული ტრადიციებიდან და წესებიდან გამომდინარეა.

  • ზაალ ანჯაფარიძე: " საელჩოს განცხადების გადაჭარბებულად აღქმა სწორი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა ურთიერთობების გადატვირთვისთვის სივრცე რჩება"

"აშშ-ში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება გაცილებით უფრო ფართო საშუალებებს აძლევს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სუბიექტებს, ვიდრე ამას, დავუშვათ, ევროპული კანონმდებლობა.

"ძალიან რომ არ ჩავუღრმავდეთ, არ მგონია, რომ ეს ერთი განაცხადი რაღაცა ინდიკატორია იმისა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში რაღაცა დრამატული მოხდა. ვინც ამას ამტკიცებს, ამით მხოლოდ საკუთარ არაკომპეტენტურობას ავლენს. ურთიერთობა დამოკიდებულია არა იმაზე, ვთქვათ, იქ ჟურნალისტს ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯიან და ასე შემდეგ, არამედ იმ სტრატეგიულ საკითხებზე, რაც ეხება აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს.

"ამის თაობაზე კი იცით საქართველო როგორ ცდილობს, რომ მოიქცეს ისე - ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს, რომ რეგიონში და მის გარეთ აშშ-ს ინტერესებს ზიანი არ მიადგეს საქართველოს მხრიდან. რა თქმა უნდა ურთიერთობის გადატვირთვისთვის სივრცე რჩება",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, აშშ-ს საელჩოს განცხადებამ ნათელი გახადა, რომ კობახიძის ოპტიმიზმი მორიგი პროპაგანდისტული სვლა იყო და ტრამპის წერილი კი სტანდარტული პასუხია მილოცვაზე.

"კობახიძე კი გამოთქვამდა ოპტიმიზმს, მაგრამ დამოუკიდებელი ექსპერტები იქნებოდნენ თუ ოპოზიცია, ამ ოპტიმიზმის მაინცდამაინც დიდად არ სჯეროდათ, იმიტომ რომ ეს იყო კობახიძის მხრიდან მორიგი პროპაგანდისტული სვლა და მეტი არაფერი. თუ "ოცნება" პოლიტიკას არ შეცვლის, რეალურად რაიმე ახალ გადატვირთვაზე ლაპარაკი არის სრულიად ზედმეტი.

"ქართული ოცნება" ამ პოლიტიკას არ ცვლის, არც საგარეო და არც საშინაო ფაქტორებს არ ითვალისწინებს. პირიქით, საკანონმდებლო ბაზა გაცილებით რეპრესიული ხდება და არამარტო საკანონმდებლო ბაზა. არც ისე დიდი ხნის წინ, საპროტესტო აქციაზე ზოგმა ადმინისტრაციული სასჯელი მიიღო, ზოგმა ფინანსური. ასე რომ, ყველაფერი გრძელდება იმ რიტმში და ტონში, რაც იყო.

"თუ საელჩოს ინტერვიუს ნახავთ, დასავლეთს და კერძოდ აშშ-ს ასეთი მკაფიო და მკეთრი პოზიცია არც ჰქონია საქართველოს მიმართ. უნდა ველოდოთ იმას, რომ ეს ვითარება უფრო გამწვავდება და არა პირიქით. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დათბობას ცდილობს.

  • ვახტანგ ძაბირაძე: "კობახიძე კი გამოთქვამდა ოპტიმიზმს, მაგრამ ეს იყო მისი მხრიდან მორიგი პროპაგანდისტული სვლა და მეტი არაფერი. თუ "ოცნება" პოლიტიკას არ შეცვლის, რეალურად რაიმე ახალ გადატვირთვაზე ლაპარაკი სრულიად ზედმეტია"

"ტრამპის წერილს რაც შეეხება, იმავე წუთში ითქვა, რომ ეს არის ფაქტიურად სტანდარტული პასუხი ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში. პასუხი მარტო საქართველოსთვის არ ყოფილა გამოგზავნილი. როდესაც ულოცავენ, საპასუხოდ დიპლომატიური ეტიკეტით აბსოლუტურად კეთილი სურვილებია, მეტი იქ არაფერი არ ყოფილა.

"ამიტომ ეს ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს. ეს უბრალოდ ზრდილობიანი პასუხია, როდესაც ულოცავენ და შესაბამის პასუხს ღებულობს მიმლოცველი და მეტი არაფერი. ამიტომ ამაზე აპელირება არაფრისმომცემია, შემდეგმა მოვლენებმაც დაადასტურა, რომ ეს ასეა და არა სხვაგვარად",- განაცხადა ძაბირაძემ.

მოვლენების ქრონოლოგია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოფიციალური საპასუხო წერილი გამოუგზავნა, რომლის მთავარი აქცენტებია - მადლობა მილოცვისთვის და თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. წერილი 2026 წლის 17 ივლისს გამოქვეყნდა.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ" - ნათქვამია წერილში.

საქართველოს ხელისუფლებამ წერილი პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებობს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისა და პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა.ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი გზავნილები აჩენს იმედს და ოპტიმიზმს.

"ჩვენი სურვილია, გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები მთლიანად, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და გავაკეთოთ ეს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით და ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს", -განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციურ სპექტრში კი წერილის შეფასებები არაერთგვაროვანი იყო და მას განსხვავებული პოლიტიკური ინტერპრეტაციები მოჰყვა.

ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში, 28 ივლისს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ისინი მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად.

„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს - იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს.

პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი", - აღნიშნეს აშშ-ის საელჩოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×