
როგორ გამოიყენეს ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალება სახელმწიფოს დისკრედიტაციისთვის? - მმართველ გუნდში პოლიტიკური შეფასებები კეთდება. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების პირველივე წუთებიდან, როდესაც ჯერ არავინ იცოდა უბედური შემთხვევის მიზეზი, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა, საკითხი მანიპულაციისთვის და ქვეყნის დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს.
„როგორც გამოძიება აცხადებს, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არის ადამიანი გარდაცვლილი, ამათმა როგორ გამოიძიეს, როგორ დაასკვნეს ეს ამბავი, რომ თურმე რომელიღაც სპეცსამსახურების მიერ იქნა ადამიანი მოკლული.
ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და ეს არის მათი მამოძრავებელი, მეტი აბსოლუტურად არაფერი არ ამოძრავებთ ამათ. ჩვენი ქვეყანა არ უყვართ, ესენი ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ აკეთებენ და აბსოლუტურად, მაქსიმალურად აზიანებენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ეს ადამიანები ცდილობენ მაქსიმალურად, რაც შეიძლება შეასუსტონ ხელისუფლება, ნებისმიერ თავიანთ დანაშაულსაც კი ხელისუფლებას გადააბრალებენ“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი.
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.