რეზონანსი
29.08.2026

 საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სხვისი ტრაგედიის გამოყენება, ნებისმიერი გზით ხელისუფლების დისკრედიტაცია და მანიპულაციური ინფორმაციით ადამიანების ემოციებზე თამაში - ეს მმართველი გუნდის თქმით, ოპოზიციის ხელწერაა. "ქართული ოცნების" წევრები ოპონენტებისა და მათი მხარდამჭერების მიერ დაწყებულ მორიგ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობენ. მას შემდეგ რაც დაურ ბუავას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა არაერთი სტატუსი გამოაქვეყნეს, სადაც ამტკიცებდნენ, რომ აფხაზი ბლოგერი, საქართველოში მოკლეს. გამოძიების შედეგებამდე, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ოპოზიცია ქვეყნის იმიჯის დაზიანებას და ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს.

დაურ ბუავას გარდაცვალების პირველივე წუთებიდან, ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა სტატუსები გამოაქვეყნეს. "ფეისბუკ" პოსტებში ისინი ამტკიცებდნენ, რომ აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების მიღმა, რუსული სპეცსამსახური იდგა.

ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების კამპანიას წერტილი გამოძიებამ დაუსვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ბუავას მეგობარი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ ორივე მათგანმა ნარკოტიკული საშუალება მიიღო და შეუძლოდ გახდა. შსს ინფორმაციით, ბრალდებულმა აფხაზი ბლოგერი საცხოვრებელ სახლში მაშინ დატოვა, როცა მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

გამოძიების შედეგებამდე, ხელისუფლების ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციური განცხადებები არ უკვირთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები პირადი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ქულების დასაწერად ნებისმიერ თემას იყენებენ, გამონაკლისი არც ეს შემთხვევა ყოფილა.

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×