
„ქართული ოცნების" განახლებული სარჩელი, რომლითაც მმართველი პარტია ახლა უკვე 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 სექტემბერს შევიდა. შესაბამისად, მისი განხილვისთვის კანონით განსაზღვრული 9-თვიანი ვადის ათვლაც თავიდან დაიწყო. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მომავალშიც განაახლოს სარჩელი და მასში ახალი პარტიები დაამატოს, რასაც შესაძლოა საქმის საბოლოო გადაწყვეტის კიდევ უფრო გადავადება მოჰყვეს.
საყვარელიძე „რეზონანსთან" რამდენიმე სცენარზე საუბრობს. მისი თქმით, პოლიტიკური ძალების აკრძალვის შემთხვევაში, ოპოზიციური ძალების რესურსიდან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია ქვეყნის შიგნით რაიმე მასშტაბური პროტესტის აგორება, თუმცა საგარეო მიმართულებიდან წამოვა დამატებითი პოლიტიკური წნეხი, მათ შორის სანქციები დასავლეთის მხრიდან.
საპირისპირო შემთხვევაში კი, თუ სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ეს ხელისუფლების სისუსტის ნიშნად შეიძლება იქნეს აღქმული და საპროტესტო განწყობების გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
საყვარელიძის შეფასებით, ყველაზე რეალისტურ სცენარად შესაძლოა შუალედური გადაწყვეტილება განიხილებოდეს. მაგალითად, სასამართლომ მოსარჩელე მხარეს დამატებითი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვოს.
„ქართულ ოცნებას" წარდგენილი ჰქონდა კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოითხოვდა „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო - ლელოს" და „ფედერალისტების" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. განახლებულ სარჩელში ამას პარტია „გახარია საქართველოსთვის" დაემატა. შესაბამისად, ამ განახლებული სარჩელის განხილვის ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს 2027 წლის ივნისის მეორე ნახევრამდე აქვს. თუმცა, „ოცნება" სასამართლოს სთხოვს, რომ სარჩელის განხილვა იანვარში დასრულდეს.
„რეზონანსი": განახლებული სარჩელი, რომლითაც „ქართული ოცნება" 4 ოპოზიციურ პარტიასთნ ერთად გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის აკრძალვას ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, შესაბამისად განხილვის 9-თვიანი ვადა ახლიდან დაიწყება, რამდენად მოსალოდნელია, რომ მაგალითად ზამთარში, ან გაზაფხულზე მეოთხე წრეზე წავიდეს „ოცნება" და კვლავ განაახლოს სარჩელი ახალი პარტიის, ან პარტიების დამატებით?
რამაზ საყვარელიძე: დამაჯერებლად მეჩვენება ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვერსია, რომ „ქართული ოცნება" ამ ნაბიჯებით ცდილობს, რომ განაჩენის გამოტანა გადაავადოს. ძირითადად „ნაციონალების" აკრძალვაზეა აქცენტი. დამაჯერებელი მეჩვენება, რადგან, რომ წარმოვიდგინოთ რომ დაიძრა ეს სარჩელი და მივიდა გადაწყვეტამდე და დავუშვათ აკრძალეს ეს პარტია, ამას დიდი ხმაური მოყვება.
„რ": აკრძალვას რა შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის შიგნით?
რ.ს.: ვერ წარმომიდგენია რა რეაქცია მოჰყვება ქვეყნის შიგნით, რადგან ყველაზე ძლიერი ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც და საერთოდ ქართულ სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობაა", მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე ეს „ნაციონალური მოძრაობა" მეტ-ნაკლებად სერიოზული აქციის ორგანიზებას და სერიოზული ძალის ჩვენებას ვერ ახერხებდა - ისეთი აქციის ორგანიზებას, რომ ამ აქციებს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოეხდინა.
აქამდე თუ ეს ვერ მოახერხა, შემდეგ მით უმეტეს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება გამამტკიცებელი ხელისუფლების მოქმედებისა, მით უფრო გაუჭირდება ამგვარი საპროტესტო ტალღის გაჩენა.
„რ": და საგარეო ფლანგიდან რა არის მოსალოდნელი?
რ.ს.: უფრო მეტი უსიამოვნების მოტანა შეიძლება იყოს საგარეო ასპარეზზე, სადაც ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს, ვგულისხმობ ევროკავშირს. მიაჩნიათ, რომ აქ პროცესები არ მიდის ისე, როგორც ევროპულ დემოკრატიას შეეფერება და ეს ნაბიჯი აკრძალვისა გახდება საქართველოზე შეტევის ახალი ტალღის წყარო. ისევ იქნება სანქციები, ისევ დასჯა საქართველოსი და ა.შ.
- „როცა სისუსტეს შეატყობენ რომელიმე მხარეს, თუნდაც ხელისუფლებას, იქ მერე ამ სისუსტის გამოყენება შეიძლება ბევრმა სცადოს."
ეს ერთი და არის მეორე მხარე - დავუშვათ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. ამას უფრო ექნება შიდა პოლიტიკურ წრეებში შედეგი, ვინაიდან, ეს არდაკმაყოფილება სარჩელისა ხელისუფლების სისუსტის ნიშნად შეიძლება აღიქვას ბევრმა და აი, მაგ შემთხვევაში კი უფრო შეიძლება გაძლიერდეს საპროტესტო აქციები.
„რ": ანუ შეიძლება ასეთ შემთხვევაში „ოცნებას" მისივე მხარდამჭერებიც დაუპირისპირდნენ?
რ.ს.: როცა სისუსტეს შეატყობენ რომელიმე მხარეს, თუნდაც ხელისუფლებას, იქ მერე ამ სისუსტის გამოყენება შეიძლება ბევრმა სცადოს.
„რ": ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის პროგნოზით, შესაძლოა სასამართლომ რაღაც შუალედური გადაწყვეტილება მიიღოს, მაგალითად, მოსარჩელე მხარეს დამატებითი არგუმენტების წარდგენა მოსთხოვოს. თქვენ რამდენად უშვებთ ასეთ სცენარს?
რ.ს.: მემგონი ყველაზე უფრო, თუ შეიძლება ითქვას, მისაღები სასამართლოსთვის სწორედ ეს სცენარი იქნება. მაგრამ ამ ტიპის სცენარი რამდენად კარგად განხორციელდება, ეს უკვე სხვა საქმეა.