დაბალხარისხიანი ადგილობრივი მარცვლეულის გაყიდვა კი მაინც ვერ ხერხდება
ქეთო გოგოხია
21.09.2026

 

საქართველოში შემოტანილ ხორბალზე საიმპორტო გადასახადის დაწესება იგეგმება. თუმცა ბაზარზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ამით  ადგილობრივი ხორბლის ფასის პრობლემა მიანც ვერ მოგვარდება. მსგავსი პრაქტიკა ფქვილის იმპორტზე უკვე ვნახეთ, სადაც გადასახადმა საქმეს ვერ უშველა - ფქვილი გაძვირდა, მაგრამ ადგილობრივი ხორბლის ფასი მაინც დაეცა.

მთავრობის შესაბამისი განკარგულება საჯარო არ არის, უცნობია, რა დროით იმოქმედებს საიმპორტო ბაჟი და შეეხება თუ არა იმპორტიორების უკვე არსებულ კონტრაქტებს. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძის კი ამტკიცებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად მიიღო, რადგან საქართველოში რუსეთიდან საკმაოდ დაბალ ფასად შემოედინება ხორბალი, მაღალი თვითღირებულების გამო კი ქართველ ფერმერებს მოსავლის გაყიდვა არ უღირთ. უმრავლესობას შარშანდელი და წლევანდელი მოსავალი საწყობებში აქვთ შენახული. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად წაახალისებს მოთხოვნას ადგილობრივ ხორბალზე, საშუალებას მისცემს ფერმერებს პროდუქცია მინიმუმ 60 თეთრად მაინც გაყიდონ და მიღებული შემოსავლით სამომავლოდ თესვის პროცესი გააგრძელონ.

,,საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თხოვნით, ჩვენთან აქტიური თანამშრომლობით, მიიღო 10-თეთრიანი საფასურის შემოღების გადაწყვეტილება 1 კილოგრამ ხორბალზე, რაც არის ძალიან კარგი. დიდ მადლობას ვუხდით ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით მინისტრს. ეს იქნება ნაბიჯი, რაც მოთხოვნას გააჩენს ადგილობრივ ხორბალზე და ფერმერები შეძლებენ გაყიდვას, რომელიც დაპაუზებული იყო.

1 კგ ხორბლის ჩასაბარებელი ფასი ადგილზე შეადგენს 45-50 თეთრს, რაც არანაირად არ შეესაბამება დღევანდელ მდგომარეობას. იცით, რომ საწვავის ფასის გაორმაგებულია, სასუქების ღირებულება გაორმაგებულია, ფაქტობრივად,  შენელებულია ხვნა-თესვის პროცესი. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მოსავლის გაყიდვას და ფერმერები შეძლებენ, რომ გააგრძელონ თავიანთი სამუშაოები”, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

მეპურეები კი მიიჩნევენ, რომ ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ქვეყანაში ადგილობრივი მოსავალი მცირეა და ის, ძირითადად, დაბალი ხარისხისაა. როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, ხარისხიანი პურის გამოსაცხობად ადგილობრივი და იმპორტული ხორბლის შერევაა აუცილებელი, ხოლო ფქვილის ოდნავ გაძვირება პურის საბოლოო ღირებულებაზე არ უნდა აისახოს.

,,ხორბალზე გადასახადის დაწესება არ მიმაჩნია სწორად. არ ვართ ისეთი მოსავლიანი ქვეყანა, რომ ეს გადსაწყვეტილება მისაღები იყოს. ცხადია, ფერმერების პოზიციას ითვალისწინებენ, მაგრამ სხვა ნაბიჯის გადადგმა უფრო სწორი იქნებოდა, თუნდაც დარგის სუბსიდია. შედარებისთვის, ქართული ღვინოს ხარისხს განსაზღვრავს ყურძნის შაქრიანობა, ეს ხომ ყველამ ვიცით, პურის ხარისხი კი ხორბლით იზომება. მსგავსი გადაწყვეტილება გამართლებულია, როცა ქვეყანას ჭარბი მოსავალი აქვს და ჩაბარების პრობლემა იქმნება. ჩვენს შემთხვევაში კი ფერმერები ვერ აბარებენ მარცვლეულს იმის გამო, რომ ქართული ხორბალი დიდწილად უხარისხოა.

რუსული  პროდუქტი იმიტომ შემოგვაქვს, რომ ხარისხი კარგია, თორემ უპირატესობა ყოველთვის ადგილობრივ წარმოებას მიენიჭებოდა. ამის შესაძლებლობა ახლა, პრაქტიკულად, არ არის. იმისთვის, რომ კარგი პური გამოცხვეს, მნიშვნელოვანია იმპორტული ხორბალი გაურიონ ადგილობრივს და ისე გადამუშავდეს. ეს ვერ ხერხდება, პარადოქსების წინაშე ვართ“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" მალხაზ დოლიძემ.

მისი შეფასებით, მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა და ენერგომატარებლების გაძვირებისა, სოციალური პურის ფასის შენარჩუნება კვლავ პრიორიტეტულია.

,,ბოლო პერიოდში  ფქვილი 1-2 ლარით გაძვირდა. ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომ პურის ფასზე აისახოს. გლობალურად რომ შევხედოთ საკითხს, როცა მსოფლიოში ხორბალი ძვირდებოდა, ჩვენთან საპირისპირო ტენდენცია იყო. ტრანსპორტირების პრობლემამ, შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილმა სიტუაციამ ფასები ასწია, რუსეთიდან კი ლარსიდან შემოგვქონდა პროდუქცია, რამაც ფასზე დადებითად იმოქმედა. 

რაც არ უნდა იყოს, სოციალური პროდუქტია და პურის ფასი უნდა იყოს სტაბილური. ამ დროს ენერგომატარებლები ძვირდება, მუშახელი არ არის და ხელფასებს გაორმაგებული ოდენობით გავცემთ, ამ პირობებშიც შევინარჩუნეთ ფასი, ვფიქრობ, არც მომავალში უნდა გაძვირდეს, ჯერჯერობით ამის წინბაპირობას ვერ ვხედავ“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ ჩვენთან საუბრისას.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ მეპურეებიც, რომელთა შეფასებითაც, ხორბლის იმპორტის გადასახადი ფქვილის ფასზე აისახება და თვითღირებულებას გაზრდის, თუმცა იმოქმედებს თუ არა ეს პურის ფასზე, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ.

დიდუბეში მდებარე პურის საცხობლის დირექტორი ვახტანგ კვერნაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ ფასს ისედაც ძლივს ინარჩუნებენ და ხორბლის გადასახადმა შესაძლოა, ამ მხრივ პრობლემა შექმნას.

წარმოებაში დღეს რთული ვითარებააკადრების დეფიციტია, ხარჯები და გადასახადები გაიზარდა, რის გამოც მცირე საწარმოები ზღვარზე ვართ. პურის ფასის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევით, საკუთარი მოგების მინიმუმამდე დაყვანის ხარჯზე ვახერხებთ. თუ მსგავსმა ფაქტორებმა და გადასახადებმა კიდევ უფრო გაგვითულა საქმე, ბუნებრივია, ამას საბოლოო ფასზე ექნება გავლენა. ჩვენ ვერ ვიქნებით გადაწყვეტილების მიმღები, დაველედებით, ინდუსტრიაში როგორ აისახება ხორბალზე დაწესებული გადასახადის გავლენა და რა რეაგირება ექნება სექტორს. გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, ამ ეტაპზე ფასი შენარჩუნდება, მაგრამ გრძელვადიან პროგნოზს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა კვერნაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

2026 წლის 7 თვეში საქართველოში 53,6 მილიონი დოლარის ღირებულების, 209 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რომლის უდიდესი წილი რუსული ხორბალია. აღნიშნულ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 50,1 მლნ დოლარის ღირებულების, 194 932 ტონა ხორბალი იყიდა. მცირე მოცულობებით იმპორტი განხორციელდა ყაზახეთიდან და არაბთა გაერთიანებული სამიროებიდან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×