ხარისხი იმდენად ცუდი აღმოჩნდა, რომ მიღებული შემოსავალი ხარჯს ვერ გადაფარავდა და ჩაბარების ფასიც 2-3 ლარამდე დაეცა
ქეთო გოგოხია
23.09.2026

თხილის ფასი მკვეთრად შემცირდა, რის გამოც ფერმერების ნაწილმა წელს მოსავლის აღება საერთოდ გადაიფიქრა. განსაკუთღებით რთული ვითარებაა სამეგრელოსა და გურიაში, სადაც თხილი მოსახლეობის ძირითადი შემოსავალია. უამინდობამ ხარისხი იმდენად გააუარესა, რომ პოტენციური შემოსავალი ხარჯს ვერ ფარავს, ამიტომ გლეხებმა ხელი საერთოდ ჩაიქნიეს.

ამ ეტაპზე 1 კგ თხილი, საშუალოდ, 2-3 ლარი ღირს, უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ღირებულება 6-7 ლარია, მაგრამ ასეთი ბაზარზე რეალურად არსად არის.

შესაბამისად, წლევანდელი სეზონი ადგილობრივი თხილის სექტორისთვის განსაკუთრებით მძიმედ ფასდება. როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განაცხადა, ხშირი წვიმის გამო, თხილის კრეფის პროცესი შეყოვნდა, რამაც ხარისხზე მძიმედ იმოქმედა. შედეგად, მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები - 40 000 ტონაზე ნაკლები მოსავალი აღირიცხა, როცა 2 თვის წინ მინიმუმ 45 000 ტონას ვარაუდობდნენ. საექსპორტო თხილის გულის მოცულობა, სავარაუდოდ, მხოლოდ 10 000–12 000 ტონას გაუტოლდება.

,,შემცირებულია თხილის გამოსავლიანობაც, ხოლო ფარული სიდამპლის საშუალო მაჩვენებელმა დასაშვებ ნორმას გადააჭარბა. ასოციაციის შეფასებით, მოსავლის სიმცირისა და შრომითი ხარჯების ზრდის ფონზე, წვრილი ფერმერების ნაწილმა მოსავლის აღებაზეც კი უარი თქვა. არსებობს რისკი, რომ საქართველომ ექსპორტზე საკმარისი რაოდენობის პროდუქცია ვეღარ გაიტანოს, რაც ქვეყნის პოზიციებს მსოფლიო თხილის ბაზარზე საფრთხეს უქმნის“, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჭითანავამ.

მოსავალი ვერ აიღეს წვრილმა ფერმერებმა. წელს დღიური მუშახელის ფასი 100 ლარამდე გაიზარდა. 1 ტონა მოსავლის დაბინავე ფერმერებს, მინიმუმ, 1200 ლარი დაუჯდათ, ხოლო სადაც მოსავალი უვარგისი იყო, საერთოდ არ დაიკრიფა, ასეთი თხილი არც ქარხნებმა ჩაიბარეს.

,,ამჯერად მოსავლის აღების პროცესი ფინანსურად გაცილებით ძვირი დაჯდა. თუ ხუთი წლის წინ მუშის დღიური ანაზღაურება 40 ლარს შეადგენდა, ეტაპობრივი ზრდის შედეგად დღეს 100 ლარს მიაღწია. თხილის ფასის კლებამ, მცირე მოსავალმა და გაზრდილმა ხარჯებმა გამოიწვია ის, რომ ფერმერთა ნაწილს ფართობების გარკვეულ მონაკვეთზე თხილის დაკრეფა, უბრალოდ, აღარ უღირდა. სიტუაცია კახეთშიც რთულია, სადაც ფაროსანასა და უხვი ნალექის გამო, მოსავალი საგრძნობლად შემცირდა.

შედეგად, ნაცვლად ნავარაუდები 45 000 ტონისა, წელს 40 000 ტონამდე მოსავალსაც ვერ მივუახლოვდებით. ჩვენთვის მთავარი ფინანსური საზომი გაუტეხავი თხილი კი არა, ექსპორტზე გასატანი თხილის გულის მოცულობაა. ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა: წვიმებისა და დაზიანებების ფონზე, თუ ადრე გამოსავლიანობა 35-37% იყო, ახლა 30%-ზე დაბლა ჩამოვვარდით. სავარაუდოდ, წელს მაქსიმუმ 10 000–12 000 ტონა თხილის გული გვექნება მაშინ, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 16 000-17 000 ტონას შეადგენდა, რაც საექსპორტო მოდელს მძიმე დარტყმას მიაყენებს“, - განაცხადა ჭითანავამ. 

მისი თქმით, პრობლემურია ხარისხის საკითხიც. თხილში ფარული სიდამპლის ნორმა 2%-ია, დღეს კი ჩვენი საშუალო მაჩვენებელი 6%-ს აღწევს. ეს კრიტიკული ფაქტორები კომპლექსურად მძიმედ აისახება სეზონზე. ყველაზე რთულ პირობებში ფერმერები და გადამამუშავებელი ქარხნები აღმოჩნდნენ, რომლებსაც რესურსი მინიმუმამდე შეუმცირდათ.

წლევანდელი მოსავლით ფერმერებში ყველაგან უკმაყოფილებაა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მცხოვრები თორნიკე ბესელია ამბობს, რომ  სეზონის დასაწყისში არსებული მოლოდინი რეალობას სრულად ასცდა და მოსავლის დიდი ნაწილი გაფუჭდა. ფერმერები ადასტურებენ, რომ ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, ამინდის ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა

„მთელი სეზონი შევყურებდით მოსავალს,  წამლობაც არ დაგვიკლია, ფაროსანასთან ბრძოლით დაიწყო თუ სხვა დაავადებების პრევენციით, ყველაფერი დროულად გავაკეთეთ. იმედი გვქონდა, რომ თხილს მინიმუმ 6-7 ლარად მაინც ჩავაბარებდით და გაწეულ შრომასა და ხარჯებს ამოვიღებდით.

ამინდმა კი ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. გადაუღებელმა წვიმებმა მოსავალი, ფაქტობრივად, დაალპო და ხარისხი განადგურდა. ახლა 3 ლარადაც ვერ ბარდება თხილი. 2 ლარზე ძვირად ხალხი იშვიათად ყიდის. ასეთ ფასად ჩაბარება ნიშნავს, რომ თვითღირებულებასაც ვერ ვფარავთ, ფაქტობრივად, წაგებაზე ვმუშაობთ და არც ვიცით, ამ უიმედო მდგომარეობის ფონზე მომავალ წელს რითი უნდა ვუშველოთ მეურნეობას, მოტივაცია დავკარგეთ“, - აღნიშნა ფერმერმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

სეზონის დასაწყისში, გლობალურ ბაზარზე მარაგების შემცირების ფონზე, ქართული თხილის საშუალო საექსპორტო ფასი გასულ წელთან შედარებით 50–54%-ით გაიზარდა, ხოლო გასული საექსპორტო პერიოდის ჯამურმა შემოსავალმა 100 მილიონ აშშ დოლარს (16 000 ტონაზე მეტს) გადააჭარბა. 

წელს ვითარება რადიკალურად გაუარესდება. მომავალ სტატისტიკურ მონაცემებში ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდება. საქართველოს თხილის ექსპორტისგან მნიშვნელოვანი დანაკარგი ექნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×