რეზონანსი
25.09.2026

დიდი სპეცოპერაცია ქვეყანაში - დააკავეს პირები, რომლებიც ჯგუფურად ერთ-ერთი პირის მკვლელობას ამზადებდნენ, „კანონიერ ქურდ“ „წრიპას“ კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ირკვევა, რომ სწორედ "წრიპას", იგივე ალექსანდრე ქურასბედიანს დაუკავშირდნენ დაკავებული პირები დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით და მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი განსაზღვრეს.

შსს-ს თანახმად, დანაშაულის მომზადების მოტივად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება. 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ირკვევა, რომ უშუალოდ მკვლელობის შესასრულებლად თბილისიდან გურიის რეგიონში ქილერი ჩაიყვანეს, რომელსაც დაკავების შემთხვევაში მატერიალურ უზრუნველყოფასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მფარველობას დაჰპირდნენ.

"2 მეტრიდან მიადევი ასე, ფეხზე დააჭედე სიმონ. მაგრამ კარგად უნდა დოუმიზნო, მუცელში რომ მოხვდეს", - ისმის ფარულ ჩანაწერში, სადაც დაქირავებულ ქილერს ბრალდებული ბ.კ. მეტსახელად "ბაჩი" ელაპარაკება. 

"მოგვაცილოს მაი სტუაცია და მე ვარ განარტი, ვეტყვი სიმონ გაუმწვანე", - ეუბნება "კანონიერი ქურდი" "წრიპა" მეტსახელად "ბაჩის" სატელეფონო საუბარში. 

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი, შეარჩიეს ჩასაფრებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილი და წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა.

საქმეში დევს იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თბილისში დიდ დიღომში დილის 08:00 საათზე აიყვანეს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის  ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ალექსანდრე ქურასბედიანს მეტსახელად „წრიპას“ დაუკავშირდნენ და მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი განსაზღვრეს.

უშუალოდ მკვლელობის შესასრულებლად კი თბილისიდან გურიის რეგიონში ჩამოიყვანეს პირი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში მატერიალურ უზრუნველყოფასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მფარველობას დაჰპირდნენ.

ოპერატიული ღონისძიებებითა და საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი, შეარჩიეს ჩასაფრებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილი და წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×