თამთა ჩაჩანიძე
22.09.2026

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში ვიზიტი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრითა და „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში" მონაწილეობით დაიწყო, რომლის დღის წესრიგში საერთაშორისო მშვიდობა, უსაფრთხოება, კონფლიქტების პრევენცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა იყო. პრემიერმა დააფიქსირა ხელისუფლების პოზიცია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესახებ.

განსაკუთრებით ყურადღება 22 სექტემბრის მრავალმხრივი პარტინორობის სამიტმა მიიპყრო, სადაც დარბაზში პრემიერ კობახიძის გვერდით ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იჯდა. ანალიტიკოსების ნაწილი ამას ჩვეულებრივ პროტოკოლურ განლაგებად და წმინდა ტექნიკურ გადაწყვეტილებად აფასებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური გზავნილია.

ოპოზიციის შეფასებით, ესაა „ქართული ოცნების" მიერ საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის მორიგი მცდელობა, რომელიც წარუმატებლობისთვისაა განწირული.

უშალოდ გენერალურ ასამბლეაზე ირაკლი კობახიძე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია „ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან".

ირაკლი კობახიძე ნიუ იორკში 20 სექტემბერს გაემგზავრა, ეს მისი პირველი ვიზიტია აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.

ვიზიტის დასაწყისი

საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას „ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას". ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკაზე და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებზე - „ამ კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა, რომელიც ექსპლუატაციაში სრულად შევიდა".

ამას გარდა, პრემიერმა კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში" მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა, საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვითაც გამოვიდა და „საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება".

სამიტზე კობახიძემ არსებულ საერთაშორისო გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მრავალმხრივი პარტნიორობის აუცილებლობას კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად. ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებასა და უფლებებზე და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული რჩება".

ამავე სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

„ნიუ-იორკში, მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი საერთო ერთგულება მულტილატერალიზმის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის პრინციპებისადმი", - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ სამიტის მსვლელობისას დარბაზში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის გვერდით იჯდა, რაც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, გარკვეული თვალსაზრისით მოულოდნელობა იყო.

რატომ ფონ დერ ლაიენის გვერდით

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს უჭირს იმაზე საუბარი, ჰქონდა თუ არა რაიმე პოლიტიკური დატვირთვა ორგანიზატორების მიერ სამიტზე ირაკლი კობახიძისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის გევრდიგვერ დასმას, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს უბრალო დამთხვევაა.

„მე მათ პროტოკოლს არ ვიცნობ, არ ვიცი როგორ ხდება იქ ადგილების განაწილება და ასე შემდეგ. შესაძლოა სრულიად შემთხვევით მოხვდნენ ერთად. მრგვალი მაგიდის ირგვლივ ახლა გვერდიგვერდ თუ ისხდნენ, ეს არაფერს ნიშნავს. არ მგონია ეს რაიმე მესიჯი, ან პოლიტიკური ცვლილების ნიშანი იყოს. თუ „ქართული ოცნება" თავის პოლიტიკას არ შეიცვლის, გამორიცხულია ახლა ასეთ ვითარებაში რაიმე პოზიტიურზე იყოს ლაპარაკი", - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა რაიმე მესიჯი, ან პოლიტიკური ცვლილების ნიშანი ლაიენის გვერდით სამიტზე კობახიძის ჯდომა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსს" უთხრა, რომ აქ მხოლოდ წმინდა ტექნიკურ გადაწყვეტილებას ხედავს და სხვას არაფერს:

  • ირაკლი მენაღარიშვილი: „ზუსტად ვერ გეტყვით დელეგატებს შორის ადგილების განაწილება როგორ მოხდა, მაგრამ აქ მხოლოდ წმინდა ტექნიკური გადაწყვეტილებაა მიღებული და მეტი არაფერი".

„არა. არ მგონია ეს რაიმე მესიჯი იყოს, ან ვინმეს ამით რამეზე მითითება სურდა. გულახდილად რომ გითხრათ, ზუსტად ვერ გეტყვით დელეგატებს შორის ადგილების განაწილება როგორ მოხდა, მაგრამ აქ მხოლოდ წმინდა ტექნიკური გადაწყვეტილებაა მიღებული და მეტი არაფერი".

მენაღარიშვილი ამბობს, რომ ვერანაირ მინიშნებას ვერ ხედავს ამ განლაგებაში: „ვერა, ვერა, ასეთი რაღაცეები არ ხდება ხოლმე".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ „ევროკრატები თვალთმაქცობენ, როდესაც დიალოგის გაჩერებაზე საუბრობენ", ხოლო „საერთაშორისო პროტოკოლი მათსავე ორპირობასა და ფარისევლობას ღიად აშიშვლებს".

„ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია: ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა" და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან.

  • გია აბაშიძე: „სანამ ბრიუსელში დიალოგის გაჩერებაზე ზღაპრებს ყვებიან, საერთაშორისო პროტოკოლი მათსავე ორპირობასა და ფარისევლობას ღიად აშიშვლებს".

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში" მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა.

„სანამ ბრიუსელში დიალოგის გაჩერებაზე ზღაპრებს ყვებიან, საერთაშორისო პროტოკოლი მათსავე ორპირობასა და ფარისევლობას ღიად აშიშვლებს", - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ვიზიტის მნიშვნელობა

ძაბირაძის თქმით, კობახიძის გაეროში ვიზიტის მთავარი მიზანი „ოცნების" ხელისუფლებისთვის დასავლეთში არსებული იზოლაციის გარღვევის მცდელობაა, თუმცა ამ ეტაპზე, განსაკუთრებით ევროკავშირის მიმართულებით, ურთიერთობების გაუმჯობესების რეალური პერსპექტივა არ იკვეთება.

მისივე შეფასებით, ერდოღანთან შეხვედრაში ძირითადი აქცენტი ეკონომიკურ საკითხებზე იქნებოდა, ხოლო თურქეთის მხრიდან დასავლეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლის შესრულება ნაკლებად მოსალოდნელია.

„ძირითადი მიზანი ალბათ მაინც ისაა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება ცდილობს როგორმე გაარღვიოს ის იზოლაცია, რომელშიც მოექცა და ეს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებს ეხება. უფრო რეალურია ურთიერთობების დამყარება ავტორიტარულ რეჟიმებთან. თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები ყოველთვის ნორმალური იყო და გრძელდება.

„ქართული ოცნება" შეეცდება ეს შეხვედრები პიარისთვის გამოიყენოს, თუმცა რეალური წარმატება ამას, რა თქმა უნდა, არ ექნება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეა. მათ შორის იქნება ფოტორეპორტაჟები, შეხვედრები კორიდორებში, თუ სადმე ვინმე დაითანხმეს, ისედაც პირისპირ შეხვედრები თუ გამოსვლები, რასაც „ქართული ოცნება" გამოიყენებს იმისთვის, რომ შექმნას ილუზია, თითქოს წამიდან წამზე ყველაფერი დალაგდება და დასავლეთი მიიღებს საქართველოს ხელისუფლებას ისეთივე სახითა და ფორმით, როგორიც დღეს არსებობს.

„ერდოღანთან ძირითადად მაინც ეკონომიკური საკითხები იქნებოდა და ნაკლებად სავარაუდოა პოლიტიკური თემების გააქტიურება, მით უმეტეს შუამავლის ფუნქციაზე. არ მგონია, ამ ეტაპზე ერდოღანი მზად იყოს, ან იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდეს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რომ შუამავლის როლი იკისროს (დასავლეთთან).

  • „ვახტანგ ძაბირაძე: „ქართული ოცნება" შეეცდება ეს შეხვედრები პიარისთვის გამოიყენოს... მათ შორის იქნება ფოტორეპორტაჟები, შეხვედრები კორიდორებში, თუ სადმე ვინმე დაითანხმეს, ისედაც პირისპირ შეხვედრები თუ გამოსვლები..."

თურქეთის ხელისუფლებას, შესაძლოა, უფრო აწყობდეს დღეს ის ვითარება, რაც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომ ყველაფერი - ტვირთების მოძღაობა თუ თუ ურთიერთობები თურქეთის მონაწილეობითა და გავლენით ხდებოდეს და არა პირდაპირი, უშუალო კავშირით ევროპასთან. ეს ეკონომიკური საკითხიცაა და გარკვეულწილად პოლიტიკურიც.

„არანაირი სასიკეთო განწყობები კობახიძისთვის და დღევანდელი ხელისუფლებისთვის ევროპაში არ იქნება, განსაკუთრებით ევროკავშირის ბიუროკრატებთან ურთიერთობების მიმართულებით. საქართველოში ამ მიმართულებით პროპაგანდა არ შეცვლილა, პირიქით,დღევანდელი ხელისუფლების პოზიციაა, რომ ევროპამ მიგვიღოს ისეთი, როგორიც ვართო და ევროპას ეს არც აწყობს და არც უნდა. აქ არაფერი შეიცვლება.

„რაც შეეხება აშშ-ს „ქართულმა ოცნებამ" ხომ იცის, დაახლოებით რა განწყობებია ამერიკაში თუ ზოგადად დასავლეთში. ამიტომ წინასწარ ქმნიან ისეთ აზრს საზოგადოებაში, რომ „მათ კი არა, ჩვენ არ გვინდა, ვინმეს კალთაზე გამოვეკიდოთო". ანუ „ისინი რას ითხოვენ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ჩვენ რა გვინდა". ასეთი განწყობის შექმნას ცდილობენ საზოგადოებაში, რომ არ გამოვიდეს ისე, თითქოს ეს საგარეო შეხვედრები, მოგზაურობა ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ გაეროში გამოსვლა წარუმატებელი იყო. ამიტომ ქმნიან სხვა სურათს და „გაღმა შეედავეს" პრინციპით მოქმედებენ", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×