რეზონანსი
20.05.2024

ადმინისტრაციული ჯარიმა, 24 აპრილის აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან ერთად, კიდევ რამდენიმე პირს დაეკისრა. საბა სხვიტარიძესა და დანარჩენ 53 აქტივისტს, შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვიდეომტკიცებულებებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ დემონსტრანტებმა გზა ხელოვნურად გადაკეტეს, რაც კანონით აკრძალულია. სასამართლო სხდომაზე, მედიაში გავრცელებული კადრები, დღეს, უფლებადამცველებმაც წარადგინეს.

საქალაქო სასამართლოში, მხოლოდ დღეს, 54 დემონსტრანტის საქმე შევიდა. პროცესების დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. ადვოკატებმა დამატებითი დრო იმ ვიდეომტკიცებულებების წარსადგენად ითხოვეს, სადაც გზის გადაკეტვის ეპიზოდებია ასახული. კონკრეტული შუამდგომლობები ჰქონდა საგამოძიებო უწყებასაც.

აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად, სასამართლოში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ. მათი მტკიცებით, სასამართლო პროცესების მიზანი საპროტესტო მუხტის ჩახშობაა.

"კანონდარღვევაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება და ამას შევეჩვიოთ" - ასეთია მმართველი გუნდის დამოკიდებულება სამართალდარღვევის ფაქტებზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების მიღმა ის ოპოზიციური პარტიები დგანან, რომელთა ერთადერთი მიზანიც პროცესების რადიკალიზაციაა.

54 დემონსტრანტი საპროტესტო აქციაზე არ დაუკავებიათ. საგამოძიებო უწყებამ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე 174-ე პრიმა მუხლით აღძრა. კანონის დარღვევის შემთხვევაში, აქციის მონაწილე 500, ორგანიზატორი კი 5 ათასი ლარით ჯარიმდება. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობასაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×