თამთა ჩაჩანიძე
26.06.2024

პარტია „გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას არ უერთდება, „ლელომ" კი 25 ივნისს მიღებულ ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საარჩევნოდ „ლელოს" და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის შელსაძლო ალიანსი საბოლოოდ ჩაიშალა? ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ორი პარტიის გაერთიანებას აქვს ძლიერ პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების რეალური შანსი, რომელიც ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს მიიმხრობს და შესაძლოა, არჩევნების მოგების ამბიციაც ჰქონდეს.

ერთიანობის დეკლარაციის ხელმომწერ პარტიებს შორის „ნაცმოძრაობაა". მანამდე „ლელო" გამორიცხავდა ყველანაირ ერთობას ენმ-სთან, რის გამოც ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ფიქრობდა, რომ მათთან „ყველაზე ახლოს" მამუკა ხაზარაძის პარტია იდგა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ ერთობის შანსი ჯერ კიდევ არის, რადგან მხოლოდ ხელმოწერა არაფერს ნიშნავს, როცა ოპოზიციის ახალი ერთობის დოკუმენტში ერთიან სიაზე საუბარი არაა. „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც განაცხადა, რომ ერთიან სიაზე მისი პარტია ისევ ძველ პოზიციაზეა, თუმცა კონფიგურაციაზე საბოლოოდ პარტიები 8 ივლისს ჩამოყალიბდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ თუ „ლელოს" და „საქართველოსთვის"-ის ლიდერებმა გარკვეული საკითხები გვერდზე გადადეს და ორივე მხარემ დათმო, ამ ერთობას ყველაზე დიდი შანსი აქვს გახდეს ე.წ. მესამე ძალა. მეტიც, ასეთ გაერთიანებას თუ დაემატება წვრილი პარტიების ნაწილი და საპარლამენტო ჯგუფი, შეუძლია არჩევნების მოგებაზეც ჰქონდეს პრეტენზია.

„ლელოს" პოზიცია ერთიან სიასთან დაკავშირებით ცნობილია. ეს თემა დასრულებულია. ნებისმიერი თანამშრომლობა, პარტნიორობა იმისათვის, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოვაშოროთ, ჩვენთვის არის მისასალმებელი, მისაღები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ძალასთან, ვინც საქართველოს რუსულ ხელისუფლებას ჩამოაშორებს, ვითანამშრომლოთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ერთიანობის დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ 25 ივნისს.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა კი ახსნა, თუ რატომ არ უერთდება მისი პარტია ოპოზიციის ერთობის ახალ დოკუმენტს.

„გუშინ ჩვენს მოქალაქეებს წარედგინათ „ქართული ქარტია", ახლა უკვე წარედგინათ ახალი დეკლარაცია. საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დავაბნიოთ. ახალ-ახალი ქარტიის თუ დოკუმენტის ირგვლივ კი არ უნდა იყოს საუბრები, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ერთი ხაზი არსებობდეს, რომელსაც მიჰყვება სტრუქტურული და ჩამოყალიბებული გეგმა.

„ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია რას ემსახურება ეს. გუშინ რაღაც ქარტიას აწერდი ხელს, დღეს გამოდიხარ და დეკლარაციას იღებ - ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აჩენს კითხვებს, თუ რომელი რა მიზანს ემსახურება. ჩვენ იმიტომ არ ვუერთდებით, რომ მაგ დეკლარაციაში ჩვენი ყოფნა არანაირ შინაარსს არ ატარებს", - აღნიშნა დაუშვილმა.

დაუშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მათთვის კოალიცია მიუღებელია, როგორც „ქართულ ოცნებასთან", ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან".

მანამდე, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ „ლელოსთან" თანამშრომლობა არ გამორიცხა, 16 ივნისს განაცხადა, რომ ყველა იმ პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, პარტია „საქართველოისთან" „ყველაზე ახლოს „ლელოა", მაგრამ „მათ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს".

17 ივნისს ამ განცხადებას „ლელოს" გენმდივანი ირაკლი კუპრაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი პარტია გახარიასთან თანამშრომლობას არ აპირებდა და რომ „ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს". თუმცა კუპრაძემ დასძინა, რომ ამის მიუხედავად, გახარიას გუნდში „რიგი პროფესიონალი ადამიანები ჰყავს, რომლებიც თავის დროზე, შეიძლება, კარგი საჯარო მოხელეებიც კი იყვნენ".

25 ივნისს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის დეკლარაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე კი ეს პარტიები 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.

დოკუმეტი ხელმოწერის თვალსაზისით ღიაა. ჯერჯერობით მას ხელს აწერენ ენმ, „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ახალი", „დროა", „რესპუბლიკური პარტია", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ლელო", რომელიც მანამდე „ნაცმოძრაობასთან" ყველანაირ ერთობას გამორიცხავდა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ „ლელო"-გახარიას ალიანსი შედგეს.

„თუ გახარია-„ლელოს" გაერთიანება შედეგება და მას დაემატება ანა დოლიძისა და ალეკო ელისაშვილის პარტია, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც პარლამენტშია და და იაგო ხვიჩიას „გირჩიც", მაშინ ეს ისეთი ძალა იქნება, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ მეორე ოპოზიციური ძალა იყოს, არამედ იბრძოლოს იმისთვის, რომ პირველი ადგილი დაიკავოს პარტიებს შორის. მათ შორის მოუგოს „ქართულ ოცნებასაც" კი. ახლა გადაწყვეტილება ამ პარტიების ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.

„ლელომ" ოპოზიციის გაერთიანებას ხელი რომ მოაწერა, იქ ერთიანი სიის შექმნა არ იგულისხმებოდა, იქ სხვა თემებზე იყო გამახვილებული ყურადღება. მათ შორის „ლელო" აპირებს მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით არჩევას და ამასთანავე არ აპირებს „ქართულ ოცნებას" შეუქმნას კოალიციური მთავრობა.

„გაერთიანების შემთხვევაში შეუძლია ნაწილობრივ ერთმა დათმოს, ნაწილობრივ მეორემ. ამ შემთხვევაში შესაძლოა დიდი პრინციპული მნიშვნელობა არც ჰქონდეს იმ ხელმოწერას თუ დათქმებს, რაც დღეს ამ გაერთიანების ახალ დოკუმენტს ახლავს. მასში არაა ლაპარაკი ერთიანი სიის შექმნაზე. ხაზარაძემაც ხაზი გაუსვა, რომ ის არ აპირებს ერთიანი სიის შექმნას. ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ ეს ალიანსი ჩამოყალიბდეს და ყველაზე სწორი ეს იქნება, თუ ამას გააკეთებენ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×