თამთა ჩაჩანიძე
17.05.2024

„ოპოზიცია ორცხეცხლშუაა", „ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს" - აცხადებენ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები კითხვაზე, „გავლენების კანონის" მოწინააღმდეგეთა პროტესტში ოპოზიციის უშუალო ჩართვა რა პროცესებს გამოიწვევს. თავად ოპოზიციონერები კი ამბობენ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებამ „უნდა გააგრძელონ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი, იმის დემონსტრირებით, რომ ხალხის ნება ურყევია".

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ ჩვენ გასაკეთებელზე ქვეყნის შიგნით, ამის შემდეგ პარტნიორები ყოველთვის დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის ნებას, - ამბობს „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.

„ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება დიდი ალბათობით მოხდება, მაგრამ ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, რაც ჩვენ უნდა შევძლოთ, როგორც თავისუფალმა ერმა. შემდეგ კი ჩვენი პარტნიორები, მათი ნაბიჯები, ყოველთვის დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციონერები მიკროფონთან პროტესტის მონაწილეებისთვის პრობლემაა.

„ამ პერიოდში რაღაც კითხვები ჩნდებოდა. გვახსოვს, ოპოზიცია აქამდე მიტინგებზე ხალხს ვერ აგროვებდა. ახლა უცბად მიტინგზე ხალხი მოზღვავდა. ახლაც და ადრე - სხვა შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ როგორც კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიკროფონთან მიდიოდნენ, ხალხმა ან იქვე გააპროტესტა, ან იმ ადგილს ეცლებოდნენ. ითქმება კიდეც და თითქმის ცხადიც ხდება, რომ ამ პროცესებში ოპოზიცია მონაწილეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციებში მათი უშუალო მონაწილეობა პრობლემაა. საპროტესტო მუხტი გაჩნდა უკვე ოპოზიციის მიმართ", - განაცადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ორცეცხლშუაა - თუ აქციას წაუძღვა და მიკროფონი დაიჭირა, ხალხი შეიძლება მიმოეფანტოს.

„და თუ არ წაუძღვა და არ მიხედა, ჯერ ერთი რომ გამოუცდელი ახალგაზრდები დაკარგავენ კონტროლს პროცესზე და ვხედავთ მაგის ტენდენციებსაც, და მეორეც, თუკი ოპოზიცია ვერ გამოჩნდა სცენაზე, მარტო საპროტესტო განწყობილებების ხელშეწყობა მას არ გამოადგება. ეს პროტესტი იქნება, ოღონდ მას არ მიეცემა მათთვის სასარგებლო მიმართულება.

„ოპოზიცია ორცხეცხლშუაა, „ცეცხლი" შესაძლოა ორიც არის და მეტიც. ჩემთვის გაუგებარია, რა კონცეფციით ხელმძღვანელობენ ოპოზიციონერები. ამხელა ამბავს თუ სათავეში უდგებოდნენ, სავარაუდოა, რომ რაღაც კონცეფცია უნდა ჰქონოდათ თუ როგორ მივლენ გამარჯვებამდე. ალბათ უპრიანია, რომ დასხდნენ, კონცეპტუალური მხარე ბოლომდე მოაგვარონ და მერე იფიქრონ იმაზე მოქმედება როგორ გააგრძელონ.

„შესაძლოა ეს პროტესტი მაინცდამაინც არ შეინარჩუნონ, მაგრამ პროტესტის ეს დღეები მსჯელობის საგანი გახდეს უკვე წინასაარჩევნო კამპანიების დროს და შექმნილი მდგომარეობა უკვე არჩევნებში გამოიყენონ. აუცილებელი არაა, რომ ხუთი თვე ხალხი ქუჩაში იდგეს, ამას უბრალოდ ვერ მიაღწევენ, რადგან საქართველოში სამაგისო მუხტი არაა, რომ ხელისუფლება იმდენად აუტანელია, რომ ხალხი ამდენი ხანი ქუჩაში იდგება",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ოქროს შუალედი უნდა მოძებნონ თუ როგორ მოხდეს ისე, რომ საპროტესტო მუხტიც არ დაიკარგოს და არც პროტესტი არ იყოს პოლიტიკოსების გარეშე.

„ჩემი აზრით, რაღაც შეთანხმება უნდა იყოს პოლიტიკოსებსა და იმ სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რომელიც ამ პროტესტს აორგანიზებს, რადგან პოლიტიკოსთა გამოსვლებიც საჭიროა. თუ უცხოელი დიპლომატები მიიღეს და მათ გამოსვლის საშუალება მისცეს, რომ მათ რუსთაველის პროესპექტზე თავიანთი აზრი გამოეხატათ, მაშინ ქართველ პოლიტიკოსებსაც რაღაც შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

„პროტესტი მისასალმებელია, მაგრამ არჩევნებში პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. თუ პოლიტიკური პარტია არ გინდა, მაშინ აზრი არ აქვს, რადგან სხვანაირად ხელისუფლებას ვერ შეცვლი. თუ არც „ოცნება" არაა მისაღები შენთვის და არც სხვა ოპოზიციური პარტიები, მაშინ საითქკენ მივდივართ?

„პოლიტიკურმა პარტიებმა შესაძლოა უშუალოდ პროცესები არ მართონ და ლიდერები არ იყვნენ, მაგრამ თანამონაწილეები უნდა იყვნენ, რადგან ძალიან ბევრი მომიტინგე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მხარს უჭერს. ოქროს შუალედი აუცილებლად უნდა მოინახოს. თუ პროდასავლური ძალები არ გინდა, მაშინ გამოდის, რომ მათაც და „ოცნებასაც" ერთ ქვაბში ხარშავ.

„თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, შესაძლებელია კანონით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ", მაგრამ ეს როგორ მოესწრება და რამდენად მაღალი რეიტინგი ექნება, ესეც საკითხავია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს", - განაცხდა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×