თამთა ჩაჩანიძე
23.06.2024

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადამწყვეტი სამიტი ახლოვდება - 24 ივნისს ბრიუსელის შეკრებაზე ერთ-ერთი მთავარი საქართველოს საკითხი იქნება. სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ მსჯელობა მიდის ევროკავშირის დახმარებისა და უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე, პასუხისმგებელ პირებზე პერსონალურ სანქციებზე, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების დაწესებაზე, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევაზეც კი. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ევროკავშირი ჯერჯერობით რადიკალურ ნაბიჯებზე არ წავა.

ანალიტიკოსების აზრით, პირველ ეტაპზე წერტილოვანი გამაფრთხილებელი შეზღუდვები იქნება - სავიზო სანქციები კონკრეტულ პირებზე, მათ შორის დიპლომატებზე და გარკვეულ ბიზნესებზე კავშირების შეზღუდვა, მაგრამ არჩევნების მოახლოების კვალობაზე, თუკი „გავლენების კანონის" გაწვევა და ხელისუფლების ცვლილება არ მოხდა, სანქციები შესაძლოა გაფართოვდეს, რაც უკვე მთლიანად ქვეყანაზე მოახდენს დიდ გავლენას - ეს იქნება შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლისა და ფინანსური დახმარების შეჩერება, თუ კანიდატის სტატუსის გაყინვა.

სანქციების მეორე უფრო რთულ ეტაპს რაც შეეხება, ეს დაახლოებით არჩევნების პერიოდშია მოსალოდნელი, მედიის ცნობით, ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტი, რომელიც ჯერ კიდევ მაისში შემუშავდა, ოქტომბერში უნდა გამოაქვეყნოს (შესაძლოა უფრო ადრეც) შედარებით უფრო მძიმე სანქციებზე იქნება საუბარი. ეს იქნება გამაფრთხილებელი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ევროპული საბჭოსთვის კონკრეტული და ხისტი შეთავაზებები, საბჭოს სხდომა ანალიტიკოსთა თქმით, ამ ანგარიშის შემდეგ წესით დეკემბერში იმართება, მაგრამ უფრო მალეც შეიძლება.

ამასთან, "სტრატეგია აღმაშენებლის" წვერისგან სერგო ჩიოხლაძისგან ცნობილი ხდება, რომ „ალდემ" მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, რომ სანქციები დაუწესდეს „ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს, „ქართული ოცნების" ლიდერებს, რომლებიც არიან რუსული კანონის ინიციატორები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე".

რა არის წინასწარ ცნობილი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხო შეზღუდვებს განიხილავენ.

ბელგიური გამოცემა „ევროაქტივი" მის ხელთ არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ განიხილება სანქციები ქვეყნის ხელმძღვანელი პირების მიმართ, ფინანსური დახმარების შემცირება და უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა.

„ევროკავშირს ასევე შეუძლია შეაჩეროს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები და საქმიანობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, შეაჩეროს მოლაპარაკებები და ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა", - წერს გამოცემა.

აქვე აღნიშნულია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ კანონს გააუქმებს, მაშინ შეზღუდვები გაუქმდება, მაგრამ თუ კანონი კვლავ ძალაში დარჩება და საქართველოს ხელისუფლება „სიტუაციის გაუარესებისკენ" ნაბიჯებს გადადგამს, „ევროკავშირმა შესაძლოა სავიზო შეზღუდვები დააწესოს ქართველ ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებზე".

„რადიო თავისუფლების" ცნობით კი, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელიც ჯერ კიდევ 27 მაისს, ევროკავშირის სამიტის შემდგომ მომზადდა, წერია, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მაშინ ახალი შეზღუდვები დაწესდება, რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს, ფინანსური დახმარებების შეწყვეტას და უკიდურეს შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის დროებით, 9 თვით შეჩერებას. მათივე ცნობით, ევროკომისია განიხილავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება შემოდგომაზე გამოცხადდეს, მეშვიდე შესაბამისი წლიური ანგარიშის წარდგენისას.

ანგარიშის წარდგენის თარიღი ჯერ დადგენილია არაა, თუმცა, როგორც წესი, ის ოქტომბერში ქვეყნდება. ამდენად, სავარაუდოა, რომ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე გამოაცხადებს, ხოლო შემდეგ ეს დოკუმენტი ევროპული საბჭოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს 27 ქვეყნის თანხმობით, რაც წესით უკვე არჩევნების შემდეგ უწევს, დეკემბერში.

საქართველოსთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საერთო ჯამში ევროკავშირისგან საუბარია პერსონალურ სანქციებზე, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების გაცემაზე, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, სტატუსის გაყინვაზე, ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებაზე მთლიანად, ან ნაწილობრივ, თუმცა ანალიტიკოსს არ მოუსმენია ბლოკისგან პირად ფინანსურ სანქციებზე. გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ პირველ ჯერზე შესაძლოა ისეთი სანციები შეირჩეს, რომ ქვეყანას მძიმედ არ დააწვეს და გამაფრთხილებელი იყოს ხელისუფლებისთვის. ხოლო მომდევნო ეტაპზე შეზღუდვები შედარებით ხისტი იქნება.

„საერთო ჯამში საუბარია პერსონალურ სანქციებზე, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების დაწესებაზე, რაც, როგორც წესი, აქვთ ან დიპლომატებს, ან მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს - მინისტრებს და ზოგიერთ მოადგილეს. ევროკავშირისგან პირად ფინანსურ სანქციებზე ჯერ არ გამიგია. რაც შეეხება ქვეყნის მიმართ სანქციებს - უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, დახმარების შეჩერებაზე მთლიანად თუ არა ნაწილობრივ, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი დახმარება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისგან გვქონდა, ეს ალბათ აღარ გაგრძლდება და მნიშვნელოვანი ნაწილი ალბათ სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება.

„ასევე შეიძლება შეჩერდეს გარკვეული კრედიტებიც, რომლებიც, მაგალითად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოიყოფოდა - ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, ან იბიარდის კრედიტები, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვისაც გამოიყოფოდა და რაც მთავარია, შეიძლება შეჩერდეს სახელმწიფო პროგრამები. საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების 90% სახელწიფო სტრუქტურების დახმარებაზე მიდის, კონკრეტულად სახელმწიფო პროექტების მხარდასაჭერად და არა სამოქალაქო საზოგადოების, როგორც საუბარი აქვთ კობახიძეს და სხვებს, რომ თურმე სამოქალაქო საზოგადოება ჭამს ევროკავშირის მთელ დახმარებას. სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად მოდის სადღაც 9%.

„სრულიად მოსალოდნელია, რომ იმ დახმარების დიდი ნაწილი, რომელიც, მაგალითაც, სამთავრობო სსიპ-ებში, ან სამინისტროების მიერ განხორციელებულ რაღაც პროგრამებში მიდიოდა, მაგალითად ჯანდაცვაში, სკოლების მშენებლობაში, რეგიონული განვითარების სამინისტროში თუ სხვა სფეროში, რომელშიც ევროკავშირი ქვეყანას ფინანსურ დახმარებას უწევდა, ეს ყველაფერი შეიძლება გაჩერდეს", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მას უჭირს იმაზე საუბარი თუ 24 ივნისის დოკუმენტში საბოლოოდ რაზე შეჯერდებიან, რადგან ზოგი ქვეყანა ხისტი შეზღუდვის მომხრეა, ზოგი არა.

„ძნელია იმის თქმა 24 ივნისის დოკუმენტში საბოლოოდ რა მოხვდება. ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ მიდის დისკუსია, ზოგიერთი ქვეყანა უფრო მკაცრ სანქციებს ითხოვს, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხადრამჭერი იყვნენ, ახლა სანქციების სრულ პაკეტს ითხოვენ - პერსონალურს, უცხოეთში ფინანსური ანგარიშების გაყინვას, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ის კი არა, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევაზეც საუბრობს ზოგიერთი ქვეყანა.

„განსაკუთრებით დიდი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, უფრო იმას ემხრობიან, რომ არჩევნები ახლოვდება და გაფრთხილება შეიძლება დაუკავშირონ არჩევნების თემას, თუმცა რაღაც სანქციებს მაინც მიიღებენ. ყოველ შემთხვევაში დახმარების შემცირება აშკარად იქნება და მგონია, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზებს აუცილებლად მოითხოვენ, რადგან საქართველოში ვიზიტებს თავად ამცირებენ და მათაც არ სჭირდებათ, რომ საქართველოდან მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა წამდაუწუმ იარონ ევროპაში.

„დანარჩენ სანქციებზე შეიძლება იყოს გაფრთხილება, რომ არჩევნებს და მის შედეგებს დაელოდებიან, რაც აშკარა მინიშნება იქნება, რომ თუ კვლავ „ოცნება" გაიმარჯვებს, მაშინ ყველანაირ სანქციებს გამოიყენებენ უკვე ქვეყნის მიმართ. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნება, რადგან თუ ხალხი აძლევს მანდატს ხელისუფლებას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირს და მის პოლიტიკას ძირს უთხრის, ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე ქვეყანა დაასანქცირონ, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაც და კანდიდატის სტატუსის წართმევაც გამოაცხადონ.

„ანგარიშში, რომელიც გამოვა სექტემბერში, იქ უკვე ევროკომისიისგან ევროპული საბჭოსთვის ძალიან კონკრეტული და ხისტი შეთავაზებები იქნება, რომელიც ამ ანგარიშის შემდეგ წესით დეკემბერში გაიმართება. მაგრამ ევროპული საბჭო შესაძლოა თვეში ერთხელაც გაიმართოს. ასე რომ, უახლოეს ევროპულ საბჭოზე უკვე საქართველოს საკითხს გაიტანენ. მგონია, რომ დოკუმენტში უკვე პირდაპირი მინიშნება იქნება იმაზე, რომ თუ არჩევნებში „ოცნებამ" გაიმარჯვა, მაშინ ყველა ეს სანქცია გამოყენებული იქნება", - განაცხადა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სანქციები, რომელიც „არც მწვადს დაწვავს და არც შამფურს"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რამდენიმე ვარიანზეა მსჯელობა და ამ ეტაპზე შესაძლოა დაწესდეს ისეთი სანქციები, რომელიც არც ქვეყნის მოსახლეობაზე აისახება მძიმედ, რომ ევროსკეპტიკური გამწყობები არ გაძლიერდეს და მეორეს მხრივ, გამაფრთხილებელიც იყოს ხელისუფლებისთვის.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედარზე რამდენიმე ვარიანტი დევს. ამ ვარიანტებს შორის, სავარაუდოდ, ამოირჩევენ ისეთს, რომელიც, ჩემი აზრით, არც მწვადს დაწვავს და არც შამფურს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. როგორც ევროკავშირის ელჩმა თქვა, აშშ-ში სანქციების ინიცირების პროცედურა უფრო სწრაფია და შედარებით მარტივად ხდება, ევროკავშირს კი ამისთვის თავისი პროცედურები აქვს და შესაძლოა ასე მარტივად არ ხდებოდეს.

„თუმცაღა, ჩემი აზრით, ამ პროცესზე ბევრი ბევრი ფაქტორი მოახდენს გავლენას, რადგან ეს სანქციები უფრო მიმართულია იმისკენ, რომ რაღაცნაირად ზეგავლენა მოახდინონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. ხედავენ, რომ ოპოზიციას მაინცდამაინც საქმე კარგად არ მისდის და დღეს ფაქტიურად ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის არაფორმელური ლიდერობით არის მათი ერთგვარი ფავორიტი ძალა საქართველოში. ვვარაუდობ, რომ სანქციებს ისეთი სახე ექნება, რომ არც საქართველოს მოქალაქეები გაანაწყენონ ძალიან, რათა ევროსკეპტიკური განწყობები არ დანერგონ და ეს არ იყოს აღქმული, როგორც საქართველოს მოქალაქეების დასჯა და ამავე დროს აღქმული იყოს ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროდასავლურ კურსს გადაუხვია და ის ამის გამო ისჯება. საქართველოს მოქალაქეებში გაჩნდეს მოლოდინი, რომ შემდგომში შეიძლება უფრო მძიმე სანქციები იყოს შემოღებული.

„მეთოდიკა დაახლოებით იგივე იქნება, რაც აშშ-მა გამოიყენა, როცა ჯერ სავიზო შეზღუდვები შემოიღეს, მაგრამ ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ ქცევის წესი შეცვალეთო. თუ ევროკავშირი აშშ-ს ყველაფერში მიჰყვება, ალბათ ამ მეთოდიკას გამოიყენებს - შემოვიღეთ დამსჯელო პაკეტი, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს უფრო გაფართოვდება, თუ საქართველოს ხელისუფლება იმას არ გააკეთებს, რასაც მისგან ველით.

„სანქციები ალბათ არჩევნების წინ გაფართოვდება, დაემატება ახალი. დღეს დასავლეთის ინტერესებშია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავდეს. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს მისი შესაძლებლობების ფარგლებში მოხდეს. სანქციები და შეზღუდვები ერთ-ერთი ინსტრუმენტია საქართველოს ამომრჩევლებში ისეთი განცდის გასაჩენად, რომ ქვეყანა შეიძლება სერიოზული პრობლემები დაემუქროს - შეჩერდეს დახმარება, ამან სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გამოიწვიოს და ა.შ. სწორედ ესაა ზემოქმედების პოლიტიკა, რაც დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში აქვს, ამას ბოლო დროს მაინცდამაინც არ მალავენ, მიუხედავად ფორმალური განცხადებებისა, რომ თითქოს არ ერევიან და ხელისუფლების შეცვლას არ აპირებენ, სინამდვილეში ძალიან კარგადაც ერევიან", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, თუ რა იქნება პირველ ეტაპზე, ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ ეს უფრო წერტილოვანი სანქციები იქნება.

„ესაა მაღალი დონის შეხვედრების შეზღუდვა თუ ფინანსური პაკეტების შეჩერება, კონკრეტულ პირებზე სავიზო სანქციების გამოწერა და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები - იგივე კონტაქტების შეზღუდვა ბიზნესებთან და ა.შ. ყველაფერი შეიძლება მოიაზრებოდეს. პირველ ეტაპზე წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, მაგრამ არჩევნების მოახლოების კვალობაზე, თუკი მათთვის სასურველი ცვლილებები არ მოხდა - კანონის გაწვევა და ა.შ., სანქციები გაფართოვდება.

„მათი მიზანია საქართველოში კოალიციური პროდასავლური მთავრობა იყოს, რომ ამაზე დაყრდნობით ქვეყანა წინ წასწიონ ევროკავშირის გაწევრიანებისკენ. „ქართული ოცნების" ხელისუფლება არ მოსწონთ და რა განცხადებებიც მოვისმინე საქართველოში მათი ელჩებისა და ევროპელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისგან, არ ვიცი „ქართულ ოცნებას" კულუარებში რას ეუბნებიან, მაგრამ საჯარო განცხადებები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მათ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება სურთ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×