ელზა პაპოშვილი
05.06.2024

ე.წ. ფოტოგრაფის გახმაურებული საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი და გამოძიების მსვლელობისას კიდევ უფორ შოკის მომგვრელი ფაქტები დადგინდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გახსნეს. უწყება ამბობს, რომ ბრალდებული გ.ქ. რომელიც 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტზე, 2024 წლის 22 მარტს დააკავეს, წლები ატყუებდა ქალებს, რომ იყო ფოტოგრაფი და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის მათ ფოტოესიაზე იწვევდა. გამოძიების ინფორმაციით, ის ქალებს ძიძის/მომვლელის და მასაჟისტის ვაკანსიაზეც იბარებდა ბინაში. 

საგამოძიებოს ცნობით, დაკავებული მოტყუებით მოიპოვებდა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო ფაილს, რიგ შემთხვევებში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ სქესობრივი კავშირის დამყარებას, დაზარალებულებს სასმელში გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, რა დროსაც იგი ფარულად, უკანონოდ ახდენდა დაზარალებულებთან სქესობრივი კავშირის ვიდეო გადაღებას და დაარქივებას.

„გამოძიეების პროცეში დადგინდა, რომ ე.წ. ფოტოგრაფი ქალებს სხვადასხვა ვაკანსიებითაც ატყუებდა და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალბატონებს ძიძის/მომვლელის და მასაჟისტის ვაკანსიაზეც იბარებდა ბინაში, დაინტერესებულ პირებს ეცნობოდა გამოგონილი ვინაობით, მათ შორის - ნუკრი ჯიოშვილის და ივანე ჯაიანის სახელით, რის შემდეგაც შედიოდა მათთან კომუნიკაციაში და ცდილობდა ნდობის მოპოვებას.

ბრალდებული მამაკაცი, ბინაში მოტყუებით მიყვანილ დაზარალებულებთან ე.წ საცდელ ფოტოსესიას აწყობდა, რა გზითაც მოტყუებით მოიპოვებდა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო ფაილს. ფოტოსესიის შემდგომ პერიოდში, ბრალდებული აღნიშნულ ქალბატონებთან ცდილობდა კომუნიკაციის გაგრძელებას და რიგ შემთხვევებში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარით, აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას. ბრალდებული, ასევე, დაზარალებულებს სასმელში გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, რა დროსაც იგი ფარულად, უკანონოდ ახდენდა დაზარალებულებთან სქესობრივი კავშირის ვიდეო გადაღებას და დაარქივებას“,- წერია საქმის მასალებში. 

ხოლო ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეო კადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.

აღნიშნულ ეტაპზე გამოძიების მიერ შესწავლილ კომპიუტერულ მოწყობილობებში არსებული ელექტრონული ინფორმაციის, მათ შორის, ფოტო/ვიდეო მასალის, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული მიმოწერების და ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იდენტიფიცირდა 11 დაზარალებული, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ასევე, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების დამატებით 11 ეპიზოდზე წარედგინა.

გ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ყველა მსხვერპლის შემთხვევა იქნება შესწავლილი და მათი უფლებები დაცული.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×