ელზა პაპოშვილი
30.05.2024

ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.  დაკავებულთა წრე იზრდება და არ არის გამორიცხული, გამოძიება კიდევ რამდენიმე პირიზე გავიდეს. ეს არის უპრეცედენტო ქურდობის სქემა, რომელშიც საქრათველოს მოქალაქეები ფიგურირებენ. პოლიციის განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-2023 წლებში ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ. უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი.       

ერთი თვის წინ დაკავებულებს შორის  ცოლ-ქმარი - ანა გოგოლაძე და მათე ცირეკიძე არიან. ისინი  თბილისში, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ სახლში აიყვანეს. თემქის დასახლებაში მიაგნეს დაჯგუფების კიდევ ერთ წევრს, რობერტ ცატუროვს. ხაშურში კი ბესიკ ახალაშვილი დააპატიმრეს. მათი ბინების ჩხრეკისას გამოძიებამ ასობით წიგნი ამოიღო. ახლა გამოცემებს ექსპერტიზა უტარდება, რომელიც დაადგენს, არის თუ არა მათ შორის ევროპიდან მოპარული ძვირადღირებული გამოცემები.

სპეციფიკური დანაშაულის საქმის დეტალებზე საფრანგეთის, შვეიცარიის, ლიეტუვისა და საქართველო სამართალდამცველებმა ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს. გაირკვა, რომ 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი სამართალდამცველი სპეცოპერაციისთვის რამდენიმე თვე ემზადებოდა. მხოლოდ საქართველოში დაკავებულმა 4-მა პირმა კი ევროპულ ბიბლიოთეკებს ასობით ათასი ევროს ზიანი მიაყენა.

რაც შეეხება დაკავებულ ცოლ-ქმარს, მათ კვლაზე გამოძიება სათვალთვალო კამერების დახმარებით გავიდა. პოლიციამ ჩანაწერების შესწავლით დაადგინა, რომ ისინი ბიბლიოთეკებში სტუდენტის, ან მკვლევარის სტატუსით შედიოდნენ. უნიკალურ წიგნებს, რომლებიც იშვიათ და უნიკალურ გამომცემლობად ითვლება, ფოტოებს უღებდნენ. რამდენიმე დღეში კი მათ ანალოგ ყალბ წიგნებს ამზადებდნენ და ბიბლიოთეკებში ორიგინალებს ანაცვლებდნენ. მათ იშვიათი წიგნები ბიბლიოთეკებიდან ტანსაცმელში დამალული გამოჰქონდათ. 

გამოძიების ინფორმაციით, მათე ცირეკიძე, რომელიც მეუღლესთან ერთად საქართველოში აიყვანეს, წიგნების ქურდობისთვის, ესტონეთში დაპატიმრებული ბექა ცირეკიძის შვილია, და ერთი ოჯახის სამი წევრი ევროპაში მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფს წარმოადგენს.

„რეზონანსს“  წყარო უყვება, რომ მოპარული წიგნების უმეტესობა რუსი ავტორებისაა. ქართველი ქურდები ძირითადად პუშკინის, ლერმონტოვის, დოსტოევსკისა და სხვა რუსი მწერლების გამოცემებით იყვნენ დაინტერესებული. არსებობს ეჭვი, რომ მათ წიგნების ქურდობას რუსი კრიმინალები უკვეთავენ.   

„ქართველმა მძარცველებმა ევროპის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკებიდან უნიკალური მასალა მოიპარეს. ჯამში, როგორც გამოძიებით ირკვევა, ზარალი რამდენიმე მილიონ ევროს აღწევს. ერთ-ერთი ყველაზე უძვირესი გამოცემა, რომელიც ქართველებმა მოიპარეს, ალექსანდრ პუშკინის წიგნია. ის  მის სიცოცხლეშივეა გამოქვეყნებული და ფასი ასობით ათასი ევროა. 

„დაჯგუფება ერთი სქემით მუშაობდა, რისი  ამსახველი კადრებიც ევროპელმა გამომძიებლებმა შეისწავლეს. ფარული კადრები ვარშავის ბიბლიოთეკის კამერებმა მაშინ  გადაიღო, როცა ქართველი ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, უნიკალური წიგნების მოპარვას გეგმავს. მოპარული წიგნების უმეტესობა კი პუშკინის, ლერმონტოვის, გოგოლის და სხვა ცნობილი მწერლების უნიკალური გამოცემებია“, - ამბობს წყარო. 

კიდევ ერთი დანაშაული საფრანგეთში, ლიონის ბიბლიოთეკაში მოხდა, სადაც ჩანაწერებში წიგნის ქურდების დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი ბესიკ ახალაშვილი ჩანს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისიც იმავე სქემით, მოქმედებს - მე-18-19 საუკუნის გამოცემებს ასლებით ცვლის და ბიბლიოთეკიდან გააქვს.

14-ტომიან საქმეში არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, დაკავებულები ბრალს დუმილით პასუხობენ. ოთხივე მათგანს გირაოთი გათავისუფლება სურდა, თუმცა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.   

მაისში დაკავებულს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×