ელზა პაპოშვილი
31.05.2024

სამართალდამცველებმა ორგანიზებული თაღლითური სქემა გაშიფრეს და 4 პირს ბრალი წაუყენეს. ამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ პირია დაკავებეული. თუმცა არაა გამორიცხული დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს. საქმე კი სესხის აღების პირობით მოქალაქეების მოტყუებას ეხება, რომლებსაც ვითომ თანხის სანაცვლოდ უძრავი ქონების ჩადებას სთხოვდნენ. 

ასევე ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ჰპირდებოდნენ, რომ თუ სესხის სახით აღებულ თანხას ან თანხის ნაწილს მათ მისცემდნენ, სესხის ხელშეკრულების პროცენტს თავად გადაიხდიდნენ, თანხას კი ბიზნესში ჩადებდნენ და მესაკუთრეს მოგებით დაუბრუნებდნენ. რეალურად ისინი არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდნენ და არც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს იხდიდნენ.  

ასეთი დანაშაულებრივი საქმიანობით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 9 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 266 568 ლარს. ასევე დაზარალებულებმა დაკარგეს მათი უძრავი ქონებები. 

„რამდენიმე ათეულ ადამიანზეა საუბარი, რომლებიც ამ თაღლითებმა გაძარცვეს. კარგად ორგანიზებული სქემით მუშაობდნენ. ხალხს სესხის აღების სანაცვლოდ ქონების ჩადებას აიძულებდნენ. ვითომ პროცენტებს თავად გაიდაიხდიდნენ და ბიზნესში ჩადებდნენ. მესაკუთრეს მოგებით დაუბრუნებდნენ ამ თანხებს. ადებინებდნენ ხალხს ქონებას ბანკში, შემდეგ კი ამ ფულს აღარ იხდიდნენ. ხალხმა კი სახლები დაკარგა. მერე ქრებოდნენ და ყველაფერს ამ ხალხს ატოვებდნენ. როგორც ვიცი, 4 ადამიანია დაკავებული. თუმცა როგორ მოხდება და რა ფორმით ზარალის ანაზღაურება არ ვიცით“, - ყვება წყაღო „რეზონანსთან“. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე კი 30 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; 12 ეპიზოდი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურა ბრალდებულებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და გამოვლენის მიზნით,“ - აცხადებენ პროკურატურაში.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×