ელზა პაპოშვილი
06.06.2024

5 ივნისს  ვარკეთილში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 40 წლის იური კალანდარიშვილს გამოძიება სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის მეზობლის  ბაჩო ბაშარულის  და მისი 40 წლის მეგობრის  ნიკა არჩვაძის მკვლელობას ედავება. გამოძიება ამტკიცებს, რომ მან ორი ადამიანი განზრახ სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. თავად ბრალდებული კი ამბობს, რომ მას მეზობელი და მისი თანმხლები პირი სახლში მიუვარდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ მან თავდაცვა გადაწყვიტა და იარაღი გამოიტანა, რათა თავდამსხმელები შეეშინებინა. თუმცა მათ იარაღის წართმევა მოისურვეს, რა დროსაც გასროლა მოხდა და ორივე მათგანი სასიკვდილოდ დაიჭრა. 

რა გახდა მეზობელბს შორის კონფლიქტის მიზეზი, ზუსტად არავინ იცის, თუმცა „რეზონანსთან“ მეზობლები სხვადასხვა ვერსიებზე საუბობენ. ერთი ვერსიის მიხედვით ვარკეთილში ახლად გადმოსულ კალანდარიშვილს კარის მეზობელთან ურთიერთობა მალევე დაეძაბა. თავდაპირველად მათ შორის კონფლიქტი ნაგვის გამო დაიწყო. კალადარიშვილმა ბაჩო ბაშარულს მის კართან დადებული ნაგვის გამო შენიშვნა მისცა. ამის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება ხშირი იყო. მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ კალანდარიშვილმა ამის შემდეგ სახლის კართან ვიდეოკამერა დაამონტაჟა, რის გამოც ბაშარულთან კონფლიქტი კიდევ უფორ გამწვავდა. 5 ივლისს კი ახალი დაპირისპირება მუსიკის გამო დაიწყო, რაც სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. 

„ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა, ენით აუწერელი საშინელება. კალანდარიშვილი მე-15 სართულზე ახალი გადმოსულია. ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ამბობენ ურთიერთობა კარის მეზობელთან ბაჩო ბაშარულთან ცუდი ჰქონია. ადრე შეკამათებულან ნაგვის გატანის გამო და ამის მერე სულ რაღაცაზე ჰქონდათ კონფლიქტი. კალანდარიშვილს დაუყენებია სათვალთვალო კამერა სახლის კარზე, რის გამოც გაბრაზებულა ბაჩო. ამაზეც უჩხუბიათ წინა დღეებში. ახლა კი  ბაჩო და მისი მეგობარი დაბადების დღეზე ყოფილან, ეტყობა იქიდან რომ დაბრუნდნენ, მუსიკა ჩაურთავთ. ამის გამო იურის ისევ შენიშვნა მიუცია ბაჩოსთვის. ეტყობა ამაზე შეკამათებულებმა იური სცემეს. მან კი იარაღი გამოიტანა და ორივეს ესროლა. ორივე მათგანი, სტუმარიც და მასპინძელიც, ადგილზე დაიღუპნენ“, - ყვება მეზობელი „რეზონანსთან“. 

2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს იური კალანდარიშვილს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული იური კალანდარიშვილი დღეს სასამართლოზე ამტკიცებდა, თავს იცავდა მეზობლებისგან, რომლებიც მისი თქმით, სახლში მიუვარდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.  მძიმე ანგარიშსწორების კვალი იური კლდიაშვილს სასამართლოზეც ეტყობოდა, სადაც ის კლინიკიდან გადმოიყვანეს.  

„ბევრჯერ დამარტყეს. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვგრძნობდი, გონებას ვკარგავდი და გავიქეცი იქით ოთახში. მომსდევდნენ... იარაღით შევაშინებ-მეთქი, როგორც კი ამოვიღე, მომკიდეს ხელი და წართმევა უნდოდათ ამ იარაღის,“ - ამბობს ბრალდებული.  

კალანდარიშვილის ადვოკატი  სულხან კომახიძეც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა. ამბობს, რომ მკვლელობის ღამეს დაკავებული სახლში, ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ბაშარული და არჩვაძე მიუვარდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც მან გაფორმებული იარაღი შესაშინებლად გამოიტანა.

„დაკავებულია მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ რეალურად თავს იცავდა. მას ორი ადამიანი სახლში მიუვარდა, სცემდნენ, კალანდარიშვილმა მეორე ოთახიდან გაფორმებული იარაღი აიღო, ესენიც გაჰყვნენ მეორე ოთახში, გასროლამდე იარაღს ართმევდნენ და გასროლა მოხდა. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ საკუთარ ბინაში, გაფორმებული იარაღი შესაშინებლად აიღო. როგორც მოგახსენეთ, ამ იარაღს ართმევდნენ და გასროლაც ამ დროს მოხდა. კონფლიქტს წინა ისტორია შეიძლება ჰქონდა, მაგრამ ამ დღეს, იური სახლში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ისვენებდა, ღამის პირველი საათი იყო. კარზე გაიგო ბრახუნი, ხმაური, გაიხედა გარეთ, შეუვარდნენ სახლში, სცემეს, მან კი თავდაცვისთვის აიღო იარაღი, რომელსაც ართმევდნენ. მეუღლე შემსწრეა, ბავშვს ეძინა, მეუღლესაც ეძინა, მაგრამ სახლში ჩხუბის ხმა რომ გაიგო, გაეღვიძა და გახედა.

„ეს კვალიფიკაცია აბსურდია, ყველა ადამიანს აქვს თავდაცვის უფლება, გამონაკლისი არც იურია. ყველას აქვს უფლება თავის საკუთარ სახლში მშვიდად იძინოს და ისვენებდეს თავის ცოლ-შვილთან ერთად“, - განაცხადა ადვოკატმა.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×