ელზა პაპოშვილი
07.06.2024

ანტიტერორისტულიი ოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. საქმეს გრიფი ადევს, ამიტომ სასამართლო პროცესის დეტალები უცნობია. ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დუმილის უფლება გამოიყენეს.

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება, ასევე  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვასაც ედავებიან. სუს-ი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ კვალზე საუბრობს.

როგორ მოხვდა ბათუმის ბაზარში ხილით მოვაჭრის სახლში პისტოლეტები, ხელყუმბარები და ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკიანი დროშები - დაკავებული მამაკაცის, გვარად წულუკიძის, ოჯახის წევრი ამტკიცებს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და  ტერორისტულ ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.  

„ტყუილად ედავებიან ტერორიზმთან კავშირს. არაფერი არ არის, ტყუილია ყველაფერი, მაგი არის ცრურწმენები. სახლში ჩემთან არანაირი დროშები არ ყოფილა. 9-10 საათი მუშაობს, მოდის საღამოს სახლში, ლოცულობს, წვება, დილით ისევ მიდის სამსახურში. ჩემს სახლში არაფერი არ იყო. არაფერი არ ვიცი, ჩემი მაზლი და მაზლიშვილი ესწრებოდა (ჩხრეკას), არაფერი არ ამოუღიათ,“ - ამბობს წულუკიძის ოჯახის წევრი. 

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა საქმის დეტალებზე ბევრს ვერ საუბრობს, რადგან, მისი თქმით, საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

„დაკავებულები იყენებენ დუმილის უფლებას, საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“, შესაბამისად, გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი. საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. რაც გავრცელებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ამ ფარგლებში მიმდინარეობს გამოძიება,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ჭოჭუამ.  

რაც შეეხება პროკურორს, ის ამბობს, რომ საქმეში სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, მათ შორის აუდიოც.

„მოცემულ საქმეზე გარდა იმ მტკიცებულებებისა, რომლებიც ბრალად დაედო ბრალდებულებს, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე ვადასტურებ, რომ ამის გარდა არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის აუდიო მტკიცებულება. გამოძიება ამ კუთხითაც მიმდინარეობს, რომ დავადგინოთ, საიდან, როგორ, რა ვითარებაში მოხდა შეძენა და ასევე ის მიზანი, თუ რა მიზნით ჰქონდათ შეძენილი,“ - ამბობს პროკურორი.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×