ელზა პაპოშვილი
08.06.2024

ბარსელონაში ქართველი ქალის, 32 წლის ნათია გულბანის ტრაგიკული დაღუპვა ადგილოობრივი მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. მისი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 2 ივნისს მისი მეუღლე, ასევე 32 წლის ბექა იმერლიშვილი დააკავა. ისინი ორი კვირის დაქორწინებული იყვნენ. წინასწარი ვერსიით, ოჯახური კონფლიქტისას ახალგაზრდა ქალი ქმარმა სახლის აივნიდან გადმოაგდო. გოგონა ადგილზევე დაიღუპა. 

მეზობლები აცხადებენ, რომ მათ ღამე ქალის განწირული ყვირილის ესმოდათ, რომელიც ესპანურ ენაზე დახმარებას ითხოვდა. სწორედ მოპირდაპირე მხარეს მცხოვრები მეზობელია ოქროს მოწმე, რომელიც ამბობს, რომ  დაინახა როგორ გადმოაგდო მამაკაცმა ქალი აივნიდან. სწორედ მან დარეკა პოლიციაში და მომხდარის შესახებ შეატყობინა. 

მოწმე ესპანურ მედიასთან ყვება, რომ ბოლო დროს ქართველი წყვილის სახლიდან ჩხუბის და კონფლიქტის ხმა ხშირად ესმოდა. დარწმუნებულია, რომ ქალი ქმარმა მოკლა. მედია იმასაც წერს, რომ მამაკაცმა პოლიციის მოსვლამდე გაქცევა სცადა, თუმცა მეზობლებმა დააკავეს და სამართალდამცველების მისვლამდე შებოჭილი ჰყავდათ. 

სავარაუდოდ, მკვლელობის შემსწრეა გოგონას დედამთილიც, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა. თუმცა ქალი ამტკიცებს, რომ მისი რძალი სუიციდის მსხვერპლია და მის შვილს ცოლი არ მოუკლავს.  

ესპანელი ჟურნალისტები წერენ, რომ თავდაპირველად გამოძიება სუიციდის ვერსიას განიხილავდა, თუმცა, გარდაცვალების ადგილზე აღმოჩენილი მტკიცებულებებისა და სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ გაირკვა, რომ შესაძლოა, ქალი ფემიციდის მსხვერპლი გახდა.  

ქართველი ემიგრანტები „რეზონანსთან“ ამ მძიმე დანაშაულის დეტალებზე საუბრობენ და ამბობენ რომ ნათია, იგივე ნასტია, როგორც ისინი მას ეძახდნენ, ორი კვირის წინ გათხოვდა. მანამდე კი ის ბექას ხვდებოდა, თუმცა ამბობდა, რომ ბიჭს რთული ხასიათი ჰქონდა და საკამოდ ტოქსიკური იყო. ამის მიუხედავად მან გოგონას ხელი საჯაროდ სთხოვა და ამის ვიდეო ამსახველი კადრებიც არსებობს. ნათიამ მას ჯერ უარი უთხრა, შემდეგ კი დათანხმდა. 

„ნასტია ორი წლის წინ ჩამოვიდა ბარსელონაში. აქ ცხოვრობენ მისი ძმა და რძალი. აპარტამენტებს ალაგებდა და ასე მუშაობდა. საოცარი გოგო იყო, თბილი და ჭკვიანი. ეს ბიჭი აქ გაიცნო და შეუყვარდა. თუმცა არ მალავდა, რომ რთული ურთიერთობა ჰქონდათ. ბიჭი საკმაოდ ტოქსიკური იყო, ამიტომ კამათობდნენ და ხშირად დაშორებაზეც ფიქრობდა. 

„მიუხედავად ამისა, მან ხელი ორი კვირის წინ სთხოვა. ზარზეიმით გადაიღო ვიდეოები და იმდენი ქნა, რომ გოგო დაითანხმა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მის ცხოვრებაში ჯოჯოხეთი. ხშირად უნახავთ გოგოებს ნამტირალავი თვალებით, თუმცა არაფერს ამბობდა.

„სავარაუდოდ, სხეულზეც ქონდა სილურჯეეები, მაგრამ ამბობდა, რომ რაღაცას მიეჯახა. ახლა ვხვდებით, რომ ქმარი ახლად მოყვანილ ცოლს უკვე ფიზიკურად უსწორდებოდა. რა მოხდა იმ ღამეს, მისი მეზობლების ჩვენებიდან ვიცით, რომ სახლიდან ყვირილის და ჩუხბის ხმა გაიგეს. მათ პოლიციაში დარეკეს, მაგრამ სანამ სამართალდამცველები მივიდნენ, ის უკვე ავნიდან გამოაგდო. 

„დარწმუნებული ვარ, ის თავს არ მოიკლავდა. მეზობელია ოქროს მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ მან დაინახა კაცმა ქალი აივიდან როგორ გადმოაგდო. ამიტომ მამაკაცი თავად მეზობლებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. იმედი გვაქვს, რომ სათანადოდ დაისჯება. აქ ძალიან დიდ სოლიდარობას გამოხატავენ ამ ამბის მიმართ და მედია ძალიან არის  დაინტერესებული“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი.

გოგონას გარემოცვა ესპანურ მედიასთან ამბობს, რომ  ქმარი ხშირად ესხმოდა თავს ცოლს, აყენებდა შეურაცხყოფას. არაერთხელ მივიდა ადგილზე პოლიცია, თუმცა, გოგონა უარს ამბობდა საჩივრის დაწერაზე. ორი კვირის გათხოვილს ეუხერხულებოდა იმის თქმა, რომ ქმარი მასზე ძალადობა. ამან კი სიტუაცია ფატალურ მდგომარეობამდე  მიიყვანა.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×