თამთა ჩაჩანიძე
25.10.2026

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს ლოზუნგით - „საქართველო ივანიშვილის გარეშე", რომელიც, ოპოზიციის გეგმით, ყოველდღიურად უნდა გაფართოვდეს და 28 ნოემბერს, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების წლისთავზე, ყველაზე მასშტაბურ აქციამდე მივიდეს.

ოპოზიცია პროტესტის განახლებას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პარტიების შესაძლო აკრძალვის პროცესს უკავშირებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალების აკრძალვის საფრთხის ფონზე საზოგადოებამ წინააღმდეგობა კი არ უნდა შეასუსტოს, არამედ გააძლიეროს.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია ამ ეტაპზე მასშტაბური საპროტესტო მობილიზების ორგანიზებას ვერ შეძლებს, რადგან 2024 წლის აქციების მსგავსი სცენარის გასამეორებლად რესურსი არ ჰყოფნის. რაც შეეხება ზოგადად ვითარების შეცვლის პირობებს, მამრაძის აზრით, ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის პარალიზება, ძალოვანი სტრუქტურების ნაწილის პროტესტის მხარეს გადასვლა და ფისკალური კრიზისი. მისი შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოში მსგავსი წინაპირობები არ არსებობს.

  • პეტრე მამრაძე: „ზოგადად სიტუაციას ცვლის ის, როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზება, როცა იმდენი ხალხია ქუჩაში ვერც მინისტრთა კაბინეტი, ვერც ძალოვანი სტრუქტურები ვეღარ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას"

„მასობრივ პროტესტს ესენი ვერ შეძლებენ. ნიკა გვარამია, ადამიანი, რომელიც თავისი ტელევიზიით, სავსე ჭიქით გამოდიოდა და ამბობდა, ქართველებო, დავლევ თქვენს სისხლს, მეორე დღეს კი ამბობდა, მოვშარდავ თქვენს ღვინოშიო, აი ეს ადამიანი მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ გამოვიდნენ და გააპროტესტონ კრიმინალური ბანდის აკრძალვის გამო.

„რესურსი აღარ არის. მაშინ საღამოხანს ზოგჯერ 3 000 ადამიანს აგროვებდნენ და ჰყავდათ ძირითადად დაქირავებულები, რომლებიც ისროდნენ ფეიერვერკებს. ფეიერვერკები შემოდიოდა უწყვეტი ნაკადით, მათ შორის ისეთები, ერთი ცალი რომ 400 დოლარი ღირდა და მართლა ტყვიამფრქვევს ჰგავდა. არადა 2-3 ათასი მილიონნახევრიან ქალაქში სტატისტიკური ნულია. ზოგჯერ საერთოდ 300-400 ადამიანიც იყო, მაგრამ ტელესურათს ქმნიდნენ. მეორე დღეს, ვთქვათ, გერმანიის საგარეო მინისტრი ანალენა ბერბოკი და სხვები ამბობდნენ, ნახეთ, როგორ ფრიალებს ევროკავშირის დროშა პოლიციის ჭავლების ქვეშო.

„ახლა ამის რესურსიც არ არის. კანონმდებლობა მიღებულია, სულ სხვა დონეზე მუშაობს შესაბამისი სამსახურები დღეს, ვერ შემოიტანენ ამ ფეიერვერკებს, ვერ გააკეთებენ მოლოტოვის კოქტეილებს. ფაქტია რამდენიმე მილიონლარიანი ზარალი მიადგა პარლამენტის შენობას."

კითხვაზე, ზოგადად სიტუაციას რა შეცვლის, მამრაძემ გვითხრა:

„ზოგადად სიტუაციას ცვლის ის, როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზება, როცა იმდენი ხალხია ქუჩაში ვერც მინისტრთა კაბინეტი, ვერც ძალოვანი სტრუქტურები ვეღარ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. როდესაც სწორედ ძალოვანების წარმომადგენლები გამოდიან მიტინგზე, როგორც ეს იყო „ვარდების რევოლუციის" დროს და ამბობენ, რომ ჩვენ ხალხის გვერდით ვართ, ნუ გეშინიათ, ხელსაც არ გავანძრევთო. ეს გასაგებიცაა, რადგან ტოტალური კორუფცია იყო და ხალხს ეს ყელში ამოუვიდა. მაშინ ეს ძალოვნებმაც იცოდნენ, რომ არავითარი მხარდაჭერა აღარაა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მინისტრთა კაბინეტი გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

„ეს ყველაფერი თანამედროვე რევოლუციებზე კლასიკურ წიგნებშია აღწერილი. ხუთი-ექვსი პირობა ერთად უნდა შესრულდეს, რომ შესაბამისად ბევრი ხალხიც გამოვიდეს, სახელმწიფომ ხელფასები ვერ გასცეს, მათ შორის ძალოვნებისთვის ვერ გასცეს ხელფასები, უსათუოდ უნდა იყოს ფისკალური კრიზისი, როგორც იყო 2003 წელს და ა.შ. ახლა მსგავსი არაფერი არაა. ამის ნაცვლად, კვირა ისე არ გავა, რომ ახალი მაღალი რეიტინგი არ მიიღოს საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, როგორც ინვესტიცია და ა.შ. "-განაცხადა მამრაძემ.

  • ნიკა ჩიტაძე: „ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს. რუსთაველზე ვინც გამოდიოდა, დღეს ამბობს, რომ აზრი არ აქვს და ეს ადამიანები უნდა დაარწმუნონ"

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „კრეზონანსთან" აცხადებს, რომ მასობრივი პროტესტით ოპოზიცია ზეგავლენას შეძლებს პროცესებზე, თუმცა მანამდე მათ ხალხთან სამუშაო აქვთ.

„შესაძლებელია მასობრიოვი პროტესტით ზეგავლენა მოახდინონ, ოღონდ მარტო გვარამიაზე არაა დამოკიდებული, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს. რუსთაველზე ვინც გამოდიოდა, დღეს ამბობს, რომ აზრი არ აქვს და ეს ადამიანები უნდა დაარწმუნონ. 28 ნოემბერს ალბათ ბევრი ხალხი გამოვა, თუმცა აქციამდე მთავარია, რას სთავაზობენ მოსახლეობას ოპოზიციური პარტიები და ბრძოლა როგორ უნდა გაგრძელდეს.

„პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, ბრძოლა მაინც უნდა გაგრძელდეს, ამ შემთხვევაში ხალხის მობილიზებაა საჭირო. აუცილებლად უნდა არსებობდეს კონკრეტული რაღაც პროგრამა, შეთავაზება ხალხისთვის, რა არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში გაკეთდეს. გავიგეთ, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება" ცუდია და ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ, მაგრამ მეორეა რას შესთავაზებს ოპოზიცია ხალხს",-განაცხადა ჩიტაძემ.

რისთვის ემზადება ოპოზიცია

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა იწყება ლოზუნგით - „საქართველო ივანიშვილის გარეშე". მისი გეგმით, პროტესტი ყოველდღიურად უნდა გაფართოვდეს და 28 ნოემბერს ყველაზე მასშტაბურ აქციამდე მივიდეს. მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვისა და პოლიტიკური ზეწოლის ფონზე საზოგადოებამ არა მხოლოდ წინააღმდეგობა უნდა გააგრძელოს, არამედ უფრო მეტად გაძლიერდეს.

„პარტიებს აკრძალავენ, ხალხს აკრძალავენ, ამომრჩეველს აკრძალავენ, მაგრამ ჩვენ არა თუ უნდა დავრჩეთ, არამედ გავძლიერდეთ! მხოლოდ კი არ უნდა გავუძლოთ და ფენიქსივით კი არ უნდა აღვდგეთ ფერფლიდან, ჰიდრასავით ახალი თავები უნდა ამოგვივიდეს, მეტნი გავხდეთ და კიდევ უფრო გავძლიერდეთ! გაძლება აღარაა საკმარისი შედეგი, გაძლიერებაა საჭირო!

„ამიტომ, ბევრნი უნდა ვიყოთ დღეს და დასაწყისი უნდა იყოს შთამბეჭდავი!

და სულ უნდა გვახსოვდეს: ქარი სანთელს აქრობს, კოცონს კი - აღვივებს! სუსტი ცეცხლი მის ძალასთან უძლურია, ძლიერი ცეცხლი კი, პირიქით, სათავისოდ იყენებს და ძლიერდება!" - წერს ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×